სახლიდან მუშაობის უარყოფითი და დადებითი მხარეები
ნაირა ფუტკარაძე 27 48 93
„ოჯახის წევრების ხმაური ხელს გიშლის კლიენტის მოსმენაში და მთავარი – გენატრება სამუშაო მაგიდა და კოლექტივი“
კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო მსოფლიოში ათასობით დაწესებულება თუ კერძო კომპანია, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ათეულობით კომპანიამ თუ საჯარო უწყებამ დაიწყო დისტანციური მუშაობა საქართველოშიც. მათ შორის, სამინისტროებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიასაშუალებებმა.
სახლში კომფორტული და ნაყოფიერი სამუშაო სივრცის შექმნა არ აღმოჩნდა მარტივი გამოწვევა. თუმცა იმის გამო, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბი შესაძლოა გაიზარდოს და შესაბამისად, გახანგრძლივდეს დისტანციურ რეჟიმში ყოფნის პერიოდი, სახლში სამუშაოდ ,,გადაბარგებულებმა“ კომფორტული სამუშაო გარემოს მოწყობაზე დაიწყეს ზრუნვა.
სახლიდან მუშაობა მოკლებულია კომპანიის და გუნდის წევრებთან ფიზიკურ შეხვედრას, მაგრამ შესაძლებელია სოციალური ქსელებით კომუნიკაცია, „ფეისბუქით“ ვირტუალური შეხვედრების ორგანიზებაც. უფრო მეტიც, ვირტუალური ნაცნობობა და საუბრები სხვადასხვა კონტინენტზე მყოფთა შორისაც კი ჩვეულებრივი ამბავია.
ვნახოთ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები როგორ უმკლავდებიან ამ გამოწვევას.
ნათია დიასამიძე – სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფის” იურისტი:
– 16 მარტიდან კომპანია მილევად რეჟიმში ასრულებდა დარჩენილ სამუშაოებს. ეტაპობრივად გადავედით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. მიუხედავად იმისა, რომ სხვების მსგავსად მეც მიოცნებია წვიმიან ამინდში დილით ძილზე, სახლში დარჩენასა და ტელევიზორის ყურებაზე, თვითიზოლაციისა და სახლიდან მუშაობის პირველი კვირის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ცხოვრების ახალი წესი ძალიან არ მომწონს. ჩემი ოფისი ზღვიდან პირველ ზოლშია, ფანჯრიდან საუცხოო ხედით და გარედან შემოჭრილი საოცარი სურნელით. ყოველი სამუშაო დილა ჭიქა ყავით და სწორედ ამ ხედით იწყებოდა, ძალიან მამშვიდებდა და ენერგიას მმატებდა ასე დაწყებული დღე. ძალიან მიჭირს ახალ „სამუშაო გარემოსთან“ შეგუება. სახლში მთელი დღის განმავლობაში მარტო ვარ, შესაბამისად ხმაურიც ნაკლებად მაწუხებს, თუმცა მაინც მიჭირს მობილიზება და ნამდვილი სამუშაო გარემოს შექმნა. ძალიან ძნელია ისეთი ადგილის პოვნა, საიდანაც შევძლებ იმგვარივე შემართებით ვაკეთო საქმე, როგორითაც ჩემს სამუშაო კაბინეტში ვმუშაობდი. ჩემი მოვალეობა, ძირითადად, ხალხთან უშუალო კონტაქტია. დისტანციური მუშაობის უდიდეს მინუსად სწორედ ის მიმაჩნია, რომ ხალხთან უშუალო შეხება არ მაქვს, ურთიერთობა ძალიან მაკლია. არადა, დღევანდელი რეალობა გვაიძულებს მოვიწონოთ, დადებითი მხარეები მოვუძებნოთ ასეთი მუშაობის რეჟიმს. ჩემთვის ამ სიახლეში დადებითი მხოლოდ ის არის, რომ არ ვარ დროში შეზღუდული და დღის ნებისმიერ მონაკვეთში შემიძლია შევასრულო დარჩენილი საქმე. სამწუხაროდ, სახლიდან მხოლოდ „ორბი ჯგუფის“ მომხმარებლებთან ტელეკომუნიკაციებით კავშირს და იურიდიული კონსულტაციის გაწევას ვახერხებ.
ნინო დიასამიძე – კერძო სკოლა „ თამარისის “ ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:
– ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო 2020 წლის 17 მარტიდან სკოლა გადაერთო დისტანციური სწავლების მეთოდზე. რეკომენდაციების გაზიარების ეს ფორმა და ონლაინგაკვეთილები არ არის უცხო პრაქტიკა, თუმცა ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ეს არის სერიოზული გამოწვევა და პასუხისმგებგებლობა. სწავლება საკლასო ოთახში ცოცხალი პროცესია. მოსწავლეების თითოეული მიმიკა და ჟესტიკულაცია მეხმარება იმის გამოცნობაში, რამდენად კარგად გაიგეს გადაცემული მასალა. დისტანციური სწავლების პირობებში, რისკი იმისა, რომ შენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას შეიძლება არასწორი აღქმა მოჰყვეს, ძალიან მაღალია. ხაზს ვუსვამ იმასაც, თუ რა საფრთხის შემცველია დაბალი ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებთან სასწავლო პლატფორმად სიციალური ქსელების გამოყენება. თუკი საკლასო ოთახი თავისი არსით გულისხმობს სწავლებისათვის საჭირო რესურსების გამოყენებასა და მუდმივ ცოცხალ კომუნიკაციას ზუსტად გაწერილ 45-წუთიან საგაკვეთილო ბადეში, დისტანციური სწავლების პირობებში პრობლემურია, როგორც კომუნიკაციის ნაკლებობა, ასევე დროის მართვა და სახლის შესაბამისი ატრიბუტიკით აღჭურვა, რაც მოსწავლეს ნამდვილი საგაკვეთილო პროცესის ასოციაციას შეუქმნის.
როინ ჭეიშვილი – ა(ა)იპ იურისტთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი, სისხლის სამართლის სპეციალისტი:
– ვმუშაობ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც ვადებში არის მოქცეული. დისტანციურ პროცესებში ჩავერთე იმ დღიდან, როდესაც აღნიშნულ მოდელზემთლიანად გადავიდა სასამართლოების სისტემა. ძირითადად, დისტანციურად ვმონაწილეობ პროცესებში. დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრებთან შეუფერხებელ კომუნიკაციასაც დისტანციურად ვამყარებ. სახლიდან მუშაობას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. დადებითი გახლავთ ის, რომ მოსახერხებელია პირადად ჩემთვის სახლიდან გაუსვლელად, საკუთარი სამუშაო ოთახიდან მივიღო მონაწილეობა იმ სასამართლო პროცესებში, რომლებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩანიშნული იყო თბილისში, ოზურგეთში ან ზუგდიდში. ამ კუთხით ნამდვილად მოსახერხებელი და კომფორტულია დისტანციური მუშაობა, თუმცა უარყოფითი მხარეებიც არ აკლია. თუნდაც ის, რომ პროგრამა, რომლითაც სარგებლობს საერთო სასამართლოების სისტემა, ჭედავს და რთულია იმ საპროცესო მოქმედებების სრულყოფილად განხორციელება, როგორც ამას ცოცხალ პროცესზე ვახერხებ.დისტანციური რეჟიმის დროს გაძნელებულია მოწმეთა დაკითხვა. ვინც იურისტია, კარგად მოეხსენება, რამხელა სირთულესთან არის დაკავშირებული მოწმის დაკითხვა, მისი მიმიკების, ჟესტების შესწავლა და შესაბამისი კითხვის შესაბამის დროს დასმა. იყო შემთხვევები, როდესაც დისტანციური პროცესი ჩაიშალა სისტემის გაუმართაობის გამო. შეჯამების სახით ვიტყვი, რომ სახლიდან მუშაობა კომფორტულია პირადად ჩემთვის, თუმცა ყველა პრაქტიკოსი ადვოკატი დამეთანხმება, რომ სასამართლო სხდომა ცოცხალი პროცესია, რომლისთვისაც უშუალო კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თამარ მაქაცარია – სუპერმარკეტი ,,2 ნაბიჯი“-ს ციფრული მედიის მენეჯერი:
– თითქმის 1 თვეა, რაც დისტანციურად ვმუშაობ. არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა ასეთ რეჟიმში მუშაობა. ყველაზე მთავარი გამოწვევა იყო პირადი და სამუშაო დროის გამიჯვნა, ხშირად მერეოდა ერთმანეთში. ვმუშაობდი გვიანობამდე და დილით დროულად გაღვიძება მიჭირდა, თუმცა ვიღვიძებდი და გაღვიძების ეს არასასიამოვნო შეგრძნება მთელი დღის განწყობაზე აისახებოდა. დისტანციურ მუშაობაში მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თავად, დამოუკიდებლად შეგვიძლია დროის მართვა, საქმეების გადანაწილება და რაც მთავარია, სახლის გარემოს ბევრი ისეთი კომფორტული დეტალი ახლავს, რასაც ოფისში ვერ შევიქმნით. ვცდილობ შეძლებისდაგვარად ფსიქოლოგიურად მივუდგე ამ საქმეს. ოთახში შევქმენი სამუშაო ატმოსფერო. ვიღვიძებ ადრე, ვასწრებ პირად საქმეებს და ზუსტად 10 საათიდან სამუშაო გარემოში ვაგრძელებ საქმიანობას. შესვენებაც განსაზღვრული გვაქვს – 2-დან 3 მდე და ვცდილობ არ დავარღვიო ეს პერიოდი, ერთგვარ სამუშაო რიტმში ჩავჯდე. თავიდან ეს ყველაფერი რთული ჩანს, თუმცა თვითდისციპლინის საშუალებით, სასიამოვნო გარემოს შექმნა და ეფექტურად მუშაობა ყველა გარემოში შესაძლებელია. იმისთვის უნდა გავაკეთოთ ეს, რომ რაც შეილება მალე დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას.
თაკო ადეიშვილი – სამშენებლო დეველოპერულ კომპანია ,,ლაიქ ჰაუსის” გაყიდვების მენეჯერი:
– თითქმის ერთი თვეა დისტანციურად ვმუშაობ. ,,ბლუ სქაი თაუერ”-ის აპარტამენტებს ვთავაზობთ მომხმარებლებს ტელეფონის, სოციალური ქსელებისა და გაყიდვების პროგრამის მეშვეობით. ამ ტიპის მუშაობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მომწონს ის, რომ ვზოგავ დროს, ვახერხებ გამოძინებას და ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრებას. არის მოქნილი გრაფიკი, კომფორტი, მეტი თავისუფალი დრო და რაც მთავარია, დრო ოჯახის წევრებისთვის. ყველაზე მეტად მაინც ის მხიბლავს, რომ ერთდროულად შესაძლებელია სახლის საქმეების კეთებაც და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაც. თუმცა, როგორც ვთქვი, ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეც ახლავს. მაქვს შემთხვევები, როცა მავიწყდება, რომ სამუშაო მაქვს, მავიწყდება პროდუქტზე დეტალური ინფორმაცია, მიჭირს სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსება. ყველაზე ცუდი მაინც ისაა, რომ დაინტერესებულ მომხმარებელს ვერ ვუნიშნავ შეხვედრას ოფისში და იძულებული ვარ, ტელეფონით ან ვიდეოჩატით ვესაუბრო. თუ ტექნიკური ხარვეზი იქმნება, თავად გიწევს ამ პრობლემის მოგვარება. ასევე, როცა დაინტერესებული მომხმარებელი გირეკავს, შესაძლოა სამზარეულოში ან აბაზანაში იყო და ვერ გაიგონო ტელეფონის ხმა. ოჯახის წევრების ხმაური ხელს გიშლის კლიენტთან საუბარში ან თანამშრომლების ონლაინკრების ჩართვაში და მთავარი – გენატრება სამუშაო მაგიდა და კოლექტივი.