სპორტსმენები – ახალი კორონავირუსის პირობებში
ირმა ცეცხლაძე: 577 20 45 63
პანდემიის პირობებში ერთ-ერთ რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ სპორტსმენები, რომლებიც შეზღუდული ვარჯიშების გამო თანდათან კარგავენ სპორტულ ფორმას. თუმცა, ამ კუთხითაც არსებობს რიგი მოსაზრება, რომელსაც გაგვაცნობს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინსიტრის მოადგილე სპორტის დარგში ბადრი ნაკაშიძე. ის ასევე საუბრობს არსებულ შეზღუდვებზე და ამ სფეროს ბიუჯეტის კორექტირებაზე.
– დღევანდელი რთული პერიოდის მიუხედავად, მაინც პოზიტიურად დავიწყებ ინტერვიუს და აღვნიშნავ, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებული, უპრეცედენტო მიღწევები ჰქონდა არა მხოლოდ რეგიონს, არამედ მთელ საქართველოს. იცით, რომ გვყავს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონების რეკორდული რაოდენობა, ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა, მუშაობა განაახლა საქართველოს სპორტისა და ფიზიკური კულტურის უნივერსიტეტმა, იზრდება სპორტული ფედერაციების რაოდენობა, შესაბამისად, სპორტული სახეობები და იქმნება ახალი სექციები. მხოლოდ აჭარის მასშტაბით შემუშავებულია არაერთი გეგმა-კონცეფცია სპორტული ტურიზმის განვითარებისათვის, მათ შორის, მაღალმთიან აჭარაში. იზრდებოდა ბიუჯეტიც. . .
– მაინც, რას გეგმავდით მიმდინარე წლისათვის?
– წელს ბათუმში დაგეგმილი იყო 30-მდე საერთაშორისო ჩემპიონატი, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატი მკლავჭიდში, ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ხელბურთში, პირველად ჩვენი ქალაქის ისტორიაში უნდა ჩაგვეტარებინა საერთაშორისო ჩემპიონატი ფუტვოლეიში (ფეხით ფრენბურთის თამაში), რომელიც ქვიშის სპორტის ერთ-ერთი სახეობაა, ხელახლა გაუჩნდა განვითარების კარგი პერსპექტივა ბაიდარსა და კანოეს, რომელიც ძალიან უხდება ბათუმის ცენტრალურ პარკს და ჩვენში ბავშვობის ნოსტალგიას იწვევს. . . და არაერთი სხვა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება, რომელიც ტრადიციულად ტარდება ბათუმში და მასში მრავალი ქვეყნის ათასობით სპორტსმენი მონაწილეობს. მაგრამ, უკვე ძალზედ საეჭვოა, წელს რომელიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ჩავატაროთ.
– ეს სამწუხაროა, თუმცა გასაგები. . .
– გეთანხმებით. სპორტი კარგ მაგალითს იძლევა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის, სპორტული წარმატება ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებას. ბევრი სპორტული სახეობა მიმზიდველია სანახაობრივად, მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც ჩამოდიან ჩვენთან, ეცნობიან ქვეყნის ისტორიას, ტრადიციებს, კულტურას და მოხიბლულნი ბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში. . . შესაბამისად, სპორტს თავისი წვლილი შეაქვს როგორც ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციაში, ასევე, მისი ბიუჯეტის ფორმირებაში. თუმცა დღეს ჩვენს სახელმწიფოს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები აქვს.
– სპორტი პანდემიის ფონზე რთული წარმოსადგენია . . .
– პანდემიამ გააჩერა მთელი მსოფლიო, სპორტული სამყარო, გადაიდო ყველა დონის ჩემპიონატი, ოლიმპიური თამაშები, შეჩერებულია ევროპის საკლუბო ჩემპიონატები. შესაბამისად, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვერც ჩვენ ვატარებთ დაგეგმილ საერთაშორისო ღონისძიებებს. დღეისათვის დახურულია ყველა სპორტული სივრცე, აკრძალულია ნებისმიერი სპორტული ღონისძიება. თუ თქვენ გიწევთ გასეირნება ზღვისპირა პარკში, შეამჩნევდით, რომ სპეციალური ამკრძალავი ლენტები აქვთ შემორტყმული საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ სავარჯიშო მოწყობილობებსაც კი – არ შეიძლება მრავალჯერადი და ყველასათვის ხელმისაწვდომი სპორტული ინვენტარის გამოყენება. ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ ვემორჩილებით კანონს.
– თქვენი სამინისტრო ახერხებს თუ არა ამ კუთხით რამე ღონისძიების გატარებას?
– მოგეხსენებათ, ჩვენი სამინისტრო საზოგადოებას უწევს მომსახურებას არა მხოლოდ სპორტის, არამედ განათლებისა და კულტურის მიმართულებებითაც და სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ სპორტი ამ შემთხვევაში განსაკუთრებით დაზარალდა. თუ განათლების მხრივ შეიძლება მოსწავლესა თუ სტუდენტს მიაწოდო ცოდნა ონლაინრეჟიმში, ასევე ონლაინ უყურო სპექტაკლს, ნახო სამუზეუმო ექსპონატები, ასწავლო ხატვა, შესაძლოა ნაკლებად ხარისხიანად, მაგრამ, მაინც, ეს შეუძლებელია სპორტში. შეუძლებელია ონლაინ შეჯიბრის (თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისს), ან სრულფასოვანი ონლაინ სპორტის გაკვეთილის ჩატარება, ან თუნდაც, ონლაინ წვრთნა, ვინაიდან აუცილებელია მწვრთნელთან უშუალო კონტაქტი. საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივი გეგმის მიხედვით, სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობების აღდგენა იგეგმება 29 ივნისიდან. ამ ვითარებაში, ჩვენი მთავარი ამოცანაა, გამოვნახოთ გზები სპორტსმენების ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად, იმისთვის, რომ არ დაივიწყონ წვრთნებისა და შეჯიბრებების დროს შეძენილი უნარები. ისინი, ასე თუ ისე, მზად იყვნენ მომავალ ასპარეზობებში ჩართვისთვის. ზოგიერთი სპორტული სახეობის წარმომადგენლები, მწვრთნელები, თავიანთი ინიციატივით, ონლაინ რეჟიმში სთავაზობენ სპორტსმენებს, და არა მხოლოდ მათ (რაც მისასალმებელია), ჩაერთონ ვარჯიშებში, ჰქონდეთ კონტაქტი მწვრთნელთან, რომელიც მათ მისცემს შესაბამის დავალებებს, შეძლებისდაგვარად გააკონტროლებს ამ დავალებების შესრულებასა და მათ ხარისხს. გვსურს, ჩვენი კოლეგების ამ საქმიანობას უფრო მასობრივი ხასიათი მივცეთ იქ, სადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია. სპორტსმენებმა შესაბამისი რეკომენდაციები, ყოველდღიური დავალებები უნდა მიიღონ ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად. . . შემიძლია ვთქვა, რომ სპორტსმენისთვის რეჟიმის დაცვა და დისციპლინა ჩვეულებრივი ამბავია, მათ აქვთ წინააღმდეგობის დაძლევის, სულიერი და ფიზიკური ძალების მობილიზების უნარი, რაც იმედს გვაძლევს, რომ ისინი წარმატებით გაუმკლავდებიან არსებულ გამოწვევას.
– მასობრივ სპორტზე რას იტყვით?
– მასობრივი სპორტი ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია. პანდემიამ აჩვენა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ ორგანიზმს ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, და არა მხოლოდ. . . თუმცა შეზღუდვები თანაბრად ეხება მასობრივ სპორტსაც. ამიტომ, ძალზედ მნიშვნელოვანია ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშები. სპორტის ზოგიერთი ქომაგი გამოთქვამს სურვილს, დაიწყოს სპორტული ვარჯიშების სპეციალური ტელე ან ონლაინ გადაცემები, რაც არ არის ცუდი იდეა. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად შეასრულოს ვარჯიშები იმ პირობების გათვალისწინებით, რაც მას აქვს. უადგილო ხუმრობად თუ არ ჩამითვლით, ვიტყვი, რომ ზოგიერთ ბრაზნარევ მოწოდებას „დაეტიეთ სახლში“ აუცილებლად მოჰყვება მოწოდება „გაეტიეთ სახლიდან“, და ეს არ უნდა გაგვიჭირდეს (იცინის). მთავარია გამოირიცხოს ტრავმის მიღების რისკები. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში და ზოგიერთ ტელეარხზე არის სპეციალური გადაცემები ვარჯიშის მსურველთათვის, მათ შორის, იოგაში, რაც სულიერ გაჯანსაღებასაც უწყობს ხელს.
– რა საბიუჯეტო ცვლილებები ამ სფეროში?
-სპორტის ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი კორექტირება განიცადა. . . შემცირებისაკენ. 1 მილიონ ლარზე მეტით შევამცირეთ ხარჯები, უფრო ზუსტად 1 000 995 ლარით, რომელსაც აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიის დასაძლევად და სხვადასხვა სოციალური საჭიროებისთვის გამოიყენებენ. დამეთანხმებით, რომ 2 736 000 მილიონიანი ბიუჯეტისათვის, შესაბამისად, სპორტის ხელშეწყობის პროგრამებისათვის, ეს საგრძნობი თანხაა. თუმცა, ჩვენ გვაქვს სწორი ხედვა, როგორ გამოვიყენოთ დარჩენილი თანხა სპორტისა და სპორტსმენების სასარგებლოდ.
-უფრო დაზუსტებით რომ გვითხრათ?
– სათამაშო და ინდივიდუალურ სახეობათა ხელშეწყობის პროგრამით, ბიუჯეტში საკმარისი თანხაა გათვალისწინებული, რათა ნორმალური ცხოვრების აღდგენისთანავე ჩვენს სპორტსმენებს ჰქონდეთ სრულფასოვანი საწვრთნო-საშეჯიბრო პროცესში ჩართვის შესაძლებლობა; ასევე საკმარისი სახსრები გაგვაჩნია, რათა დავეხმაროთ ფედერაციებს ეპიდემიის დაძლევის შემდეგ აჭარისა და საქართველოს მასშტაბით ჩემპიონატების ჩატარებისა და მასში მონაწილეობისათვის; აჭარის ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და პირად მწვრთნელთა წასახალისებლად მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისათვის, გათვალისწინებული გვაქვს ერთჯერადი ფულადი ჯილდოები. . .
-სანამ სპორტული აქტივობები განახლდება, რაიმე სახის სოციალური მხარდაჭერა თუ გაქვთ გათვალისწინებული?
-დიახ. მიუხედავად იმისა, რომ დროებით შეჩერებულია ძირითადი სპორტული პროგრამები, გარკვეული კატეგორიის სპორტის მოღვაწეებისათვის ვაგრძელებთ სოციალურ მხარდაჭერას. კერძოდ, სპორტის ხელშეწყობის პროგრამით, რომელსაც აჭარის სპორტის დეპარტამენტი უკვე წლებია ახორციელებს, აქ მოღვაწე საპენსიო ასაკის, ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონებისა და პრიზიორების, სპორტის დამსახურებული მუშაკებისა და მწვრთნელებისათვის გაიცემა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა 187.50 ლარის ოდენობით.
ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს სპორტსმენებთან, მწვრთნელებთან და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებთან და მზად ვართ, შევასრულოთ მათ წინაშე ნაკისრი ვალდებულებები. ამავდროულად, მოვუწოდებთ მათ, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას, დაიცვან ყველა წესი და რეკომენდაცია და შეძლებისდაგვარად, გააგრძელონ ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, შეინარჩუნონ სპორტული ტონუსი და პოზიტიური განწყობა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, რიგი ფედერაციებისა უკვე იძლევა ამის კარგ მაგალითს.
-გმადლობთ, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ!
-მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით სპორტის ბედით ეპიდემიის ურთულეს პერიოდში.