„რემდესივირი” – მედიკამენტი, რომლის საქართველოში შემოტანაზე საუბარი უკვე დაიწყო
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
ებოლას სამკურნალოდ შექმნილი მედიკამენტი “რემდესივირი” დღითი დღე მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს, რადგან მედიცინის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა მედიკამენტი კოვიდ-19-ის მკურნალობის ნომერ პირველ საშუალებად გამოცხადდეს. მიიჩნევა, რომ ის 31 პროცენტით სწრაფად აჯანმრთელებს კორონავირუსით ინფიცირებულებს.
აღნიშნული მედიკამენტის შესახებ ისაუბრა შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ “რემდესივირის” რიგში ჩადგებოდა საქართველო, ის შეიძლება უშანსოდ დარჩენილიყო, რადგან სხვა, არაერთი ქვეყანა ელოდება, როდის მიიღებს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტს.
თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ვინაიდან ჩვენს ქვეყანასა და კომპანია „გილეადს” შორის, რომელიც აღნიშნულ მედიკამენტს აწარმოებს, დიდი ხნის და მჭიდრო ურთიერთობაა (საუბარია საქართველოში ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში, აღნიშნული კომპანიის მიერ, მედიკამენტების საქართველოსთვის მოწოდებაზე), იგი არ გამორიცხავს, რომ საქართველო ამ პრეპარატს ერთ-ერთი პირველი მიიღებს.