„უხილავ ვირუსს „სიმაღლეების“ დაპყრობის ტემპში ეროვნული ვალუტა აჰყვა“
მარი ხითარიშვილი: 27 48 93 –
პანდემიის პრიობებში საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა იმდენად განსახვავებულია ადრე გამოქვეყნებულისგან, რომ ხვალინდელ დღეზე შეშფოთებას იწვევს. საქსტატის მიერ გასაჯაროებული მონაცემები ადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში უკვე დაზარალდა ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო, მათ შორის – ვაჭრობა. საქართველოს მთავრობის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მკაცრი შეზღუდვების დაწესების თავიდან ასაცილებლად, „რადგან ამ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს“, – ამბობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
აჩქარდა საგარეო ვაჭრობის ვარდნის ტემპები. კერძოდ: მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15,9%-ით შემცირდა, მათ შორის ექსპორტი – 7,5%-ით, იმპორტი – 19,3%-ით. ვარდნის ტემპმა ივნისში შედარებით იკლო – საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16%-ით შემცირდა, მათ შორის ექსპორტი – 13,1%-ით, იმპორტი – 17,2%-ით. მიმდინარე წლის მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ვარდნის მაჩვენებელი 33,2% იყო, ექსპორტისა – 30,6%, იმპორტისა – 34,3%.
ახალი კორონავირუსის აფეთქებამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნის მთელ ეკონომიკას – დაზარალდნენ სასტუმროები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, დასასვენებელი და გასართობი ობიექტები, ტრანსპორტი. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა საფინანსო სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონების, წარმოებისა და განათლების სფეროები.ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შემცირებამ, რაც კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო შეზღუდვებმა გამოიწვია, ასევე სახელმწიფოს მხრიდან დაზარალებული ფენების მასშტაბურმა დახმარებამ, ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის 8%-მდე გაზარდა.
წარმოქმნილი დეფიციტის დაფარვის ერთ-ერთი ძირითადი წყარო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარება გახდა, რამაც ქვეყნის საგარეო ვალის ზრდა გამოიწვია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მოზიდულია 1,5 მილიარდი დოლარის ფულადი დახმარება.
საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ 2020 წელს გლობალური სავაჭრო კრახის შედეგად ვაჭრობის შემცირება 9-32%-ის ფარგლებში იქნება, განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა რატი აბულაძემ. მისი თქმით: „ნიშანდობლივია ვაჭრობის ვარდნის დიდი მასშტაბები რეგიონულ დონეზე, კვლევების შედეგების თანახმად, ევროკავშირის 27 ქვეყნის ექსპორტის შემცირება 285 მილიარდ ევროს გადააჭარბებს, იმპორტის ვარდნის მასშტაბი კი 245 მილიარდ ევროს“.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლის დასაწყისიდან, გასული წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, თითქმის 17%-ით შემცირდა.
ექსპორტი საქართველოდან ვარდნას განაგრძობს – 2020 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით გაიტანეს დაახლოებით 2,1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია, რაც 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14,7%-ით ნაკლებია – ეს დაფიქსირებულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.
იმპორტმა 2020 წლის იანვარი–აგვისტოში დაახლოებით 5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 17,5%-ით ნაკლებია.
მთლიანობაში საგარეო ბრუნვა 2020 წლის დასაწყისიდან, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 16,7%-ით შემცირდა და 7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად). ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ მეორე ტალღა მომდევნო სამ თვეში ლარის კურსზე გავლენას ვერ მოახდენს, შემდეგ კი შესაძლოა მკვეთრ გაუფასურებას ვეღარ ავცდეთ.
„ეროვნული ბანკი ინტერვენციებით ლარის კურსის ვარდნას აჩერებს. ამასთან, ჯერჯერობით ბრუნვაში ზედმეტი ფულის მასა არ გამოდის, ბიზნესის დაკრედიტება შეჩერებულია. რაღაც პერიოდის შემდეგ ლარის კურსის ცვლილება დაიწყება და დიდი ტემპით გაუფასურებაც მოსალოდნელია. წლის ბოლომდე ეროვნულ ვალუტას დიდი ვარდნა არ ელის, იანვრიდან კი სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს“, − აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ხომიზურაშვილი.
„მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე ინტერვენციებს ახორციელებს. შესაძლოა დაინტერესდეთ, რამდენია სავალუტო რეზერვები, უძირო ქვევრი ხომ არ არის? გაგიკვირდებათ, უცხოური ვალუტის რეზერვი რეკორდულ ნიშნულზეა და 3.73 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს ზრდა დიდწილად, კოვიდ-19-ის შედეგებთან საბრძოლველად აღებულმა საგარეო ვალის ჩამორიცხვებმა განაპირობა. ცნობილია, რომ რეზერვების ნაწილი ლარის კურსის გამყარებასა და სტაბილურობას მოხმარდება. სხვა საკითხია, რომ ნასესხები ფული ჩვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების გასასტუმრებელი იქნება. სხვა მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, – − ამტკიცებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.
და ბოლოს, მხოლოდ სავალუტო რეზერვების იმედად არ უნდა ვიყოთ. საჭიროა მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება, რაც ეროვნულ ვალუტაზე პოზიტიურად აისახება. საამისოდ აუცილებელია ეკონომიკის გამოცოცხლება. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ პანდემიის მეორე ტალღის პირობებში თავიდან ავიცილოთ ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესება.
სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ეროვნული ბანკი ბოლო შვიდი თვის განმავლობაში სავალუტო აუქციონზე გამართულ ვაჭრობაში სულ უფრო და უფრო ხშირად მონაწილეობს. კობა გვენეტაძის უწყებამ ლარის კურსის მხარდასაჭერად, 13 მარტიდან მოყოლებული 329.65 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა. ინტერვენციების მიუხედავად, მოკლევადიან პერიოდში ლარის გამყარება ვერ ხერხდება. ანალიტიკოსთა და საბანკო სფეროს სპეციალისტთა მოსაზრებით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციები ლარს მხოლოდ მკვეთრი გაუფასურებისგან იცავს. „ეროვნული ბანკის ერთადერთი მიზანია, მთავრობის დავალებით ლარის კურსი როგორმე, მინიმუმ, არჩევნებამდე შეინარჩუნოს, რაც მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. მაგრამ არჩევნების შემდეგ როგორ შეიცვლება კურსი, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. ეროვნული ვალუტის გამყარება ფაქტობრივად წარმოუდგენელია, ეს მოლოდინი არც უნდა გვქონდეს. ეროვნულ ბანკს არა მარტო არჩევნების წინ, მუდმივად უნდა ჰქონდეს მიმართული ყურადღება კურსზე ინტერვენციებით თუ სხვა მექანიზმებით. სხვა ყველაფერს შეეგუება ეკონომიკა, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გარდა“, − აცხადებს საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა.
საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ლარის გაუფასურებას ბევრი არ ელოდა. საკამათო არ არის, ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა წყალს ხელისუფლების წისქვილზე არ ასხამს. არ დავკონკრეტდები, რატომ. მმართველი გუნდის ოპონენტები პირდაპირ აცხადებენ, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს წინასაარჩევნოდ ლარის კურსი „კბილებით უჭირავთ“.გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მედლის ერთი მხარეა. სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ახალი კორონავირუსის ის უარყოფითი ეფექტი, რაც ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაზე აისახება.
გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მედლის ერთი მხარეა. სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია კორონავირუსის ის უარყოფითი ეფექტი, რაც ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაზე აისახება.
ეროვნულმა ვალუტამ კორონავირუსისგან პირველი დარტყმა მარტში მიიღო, როცა ქვეყანაში ე.წ. კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა.
„ ტურისტული ნაკადი განულდა, უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა საგრძნობლად შემცირდა და ეკონომიკაც პრაქტიკულად გაჩერდა. მაშინ ლარი რეკორდულად, 22 პროცენტით გაუფასურდა. იქიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტის კურსი 1 ამერიკული დოლარის მიმართ 3.06-3.08-ის ფარგლებში მერყეობდა და იყო მოლოდინი, რომ ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ლარის კურსი სტაბილურობას შეინარჩუნებდა. მაგრამ არ არის ასე, მეტიც, უკვე ერთი კვირაა, უხილავ ვირუსს „სიმაღლეების“ დაპყრობის ტემპში ეროვნული ვალუტა აჰყვა.
იმის წინასწარ პროგნოზირება, რომელი რომელს გადააჭარბებს, რთულია. ახლა ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოვადიან პერიოდში, არსებული ეკონომიკის პირობებში ეროვნულ კურსზე ზეწოლა მოსალოდნელია და, ცხადია, გაუფასურებასაც უნდა ველოდოთ“, – აცხადებს ანალიტიკოსი მიხეილ თოქმაზიშვილი.