ოქტომბრის ბოლომდე რეგულარული ფრენების სიხშირე ევროპის მიმართულებით გაიზრდება
ნინო ცხვარაძე 595 96 63 65 –
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „ოქტომბრის ბოლომდე გავზრდით არსებული რეგულარული ფრენების სიხშირეს ევროპის მიმართულებით, ნოემბრიდან კი ეტაპობრივად აღდგება ფრენების რაოდენობა. ეს ძალიან დაგვეხმარება, მათ შორის, არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების ორგანიზებულად ჩამოსვლის უზრუნველყოფაში. ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად სინერგიაშია ადაპტაციის პოლიტიკასთან“.
რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, მინისტრის განცხადებით, ამის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ძირითადად, საუბარია ფრენებზე ევროპის მიმართულებით, რომლებიც შესრულდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან.
მინისტრის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ამოქმედება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში რეგულარულ რეისებს უფრო აქტიურად ბიუჯეტური ავიაკომპანიებიც შეასრულებენ.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულია ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით. ასევე, ჯანდაცვის სექტორთან ერთობლივი მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ყველა შემომსვლელს ექნება ვალდებულება, წარმოადგინოს პისიარ ტესტის ლაბორატორიული შედეგები. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ალტერნატივა, კვლავაც სავალდებულო კარანტინი გაიარონ, ან წარმოადგინონ ტესტის უარყოფითი შედეგი და წავიდნენ თვითიზოლაციაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ უფლებით ისარგებლებს. ეს, ერთი მხრივ, გვაძლევს საშუალებას, რომ კვლავინდებურად ვმართოთ ეპიდვითარება და მოვახდინოთ რისკების პრევენცია, მაგრამ, ამავდროულად, არ შევზღუდოთ და გავზარდოთ მობილობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში შემოვა მეტი ტურისტი, თუ, რა თქმა უნდა, გლობალური ეპიდვითარება ამის საშუალებას მოგვცემს. ბიზნესვიზიტორებიც უფრო მეტად შემოვლენ და ჩვენი მოქალაქეებისთვისაც უფრო მარტივი იქნება მიმოსვლა,“ – განაცხადა მინისტრმა.