საქართველოს არ ჰყავს ისეთი მმართველი ელიტა, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ და ფინანსურ ელიტასაც, ანუ ვის აქვს არჩევნებში გამარჯვების შანსი?
ლაშა ხომერიკი: 593 50 8 09 –
საზოგადოდ, ყოველ არჩევნებს თავისი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. საქართველოში მმართველი პარტია ან იხანგრძლივებდა მმართველობას, ანდა ხელისუფლებაში იდეოლოგიურად რადიკალურად განსხვავებული ახალი ძალა მოდიოდა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მოახლოებულ არჩევნებზე დიდადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. საქართველოში პოლიტიკური პარტია სოკოსავით მომრავლდა, 200-მდეა მათი რიცხვი. ყოველ მათგანს, წესით და რიგით, ქვეყნის განვითარების პროგრამა და კონცეფცია უნდა გააჩნდეს, მაგრამ თითქმის არცერთ პარტიას არ აქვს სრულყოფილად არათუ მთელი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, არამედ სხვადასხვა დარგის აღორძინების კონცეფციაც კი, რომ არაფერი ვთქვათ, მსოფლიო პოლიტიკაში ჩვენი სახელმწიფოსთვის ღირეული ადგილის დამკვიდრებაზე. ამ ფსევდოპარტიებს ეს სულაც არ აინტერესებთ, მათი მიზანია, მოსახლეობა დააბნიონ და საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი ხელისუფლების ქმედებები გაამართლონ, თუმცა ჩვენი დღევანდელი წერლის თემა ის უფროა – გაიხანგრძლივებს თუ არა ,,ქართული ოცნება“ მმართველობას, ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა, რამდენი პარტია დაძლევს ერთპროცენტიან ბარიერს და საერთოდ, მოსალოდნელია კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება? მათზე ერთმნიშვნელოვანი პასუხების გაცემა რთულია, რადგან ეს ყველაფერი დამოკიდებულია არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობაზე, არამედ მოსახლეობის განწყობაზეც, იმაზე, თუ რამდენი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებზე. უდავოა, რომ მოსახლეობის ინდიფერენტულობა მთავრობის წისქვილზე ასხამს წყალს, რასაც ცხადყოფს ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსული… საქართველოს უახლეს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა, მმართველი პარტია მესამე ვადით დარჩენილიყოს მმართველობაში. გამსახურდიას ხელისუფლება ერთი წლის შემდეგ დაამხეს, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ 1995 და 1999 წლების არჩევნები მოიგო, სააკაშვილის მთავრობამ ასევე – 2004 და 2008 წლების არჩევნებში გაიმარჯვა. თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნებში გაიმარჯვა (ანუ ჩამოაყალიბეს ხელისუფლება), ეს უპრეცედენტო მოვლენა იქნება საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში, ამავე დროს ძალიან დიდი რისკის შემცველიც. მოგვიანებით მმართველ გუნდში შეიძლება შიდა განხეთქილება დაიწყოს, ყოველ შემთხვევაში ანალიტიკოსები ამის თაობაზე საუბრობენ. ჯერ-ჯერობით ქართულ პოლიტიკაში ორი მთავარი აქტორია „ქართული ოცნება“ და „გაერთიანებული ოპოზიცია“ („ნაცმოძრაობის“ ეგიდით შექმნილი ბლოკი), სწორედ მათ აქვთ მოსახლეობის მკაფიო მხარდაჭერა. განვლილი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები სწორედ, ზემოთქმულს ცხადყოფს. რა თქმა უნდა, რამდენიმე პარტია შეეცდება პარლამენტში დამკვიდრებას, თუმცა ჩვენ მთავარ აქტორებზე ვისაუბროთ, რომლებსაც პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვთ. საუბარი მმართველი პარტიის შესაძლებლობიდან დავიწყოთ – „ქართული ოცნება“ მეცხრე წელია ხელისუფლებაშია და რა გასაკვირია, რომ ის რეიტინგი არ აქვს, რაც ჰქონდა 2012 და 2016 წელს, როცა არჩევნები ტრიუმფალურად მოიგო. ექსპერტები მმართველი პარტიის მინუსად თვლიან იმასაც, რომ ეკონომიკური მდგომარეობა არასახარბიელოა, მცოცავი ოკუპაცია კვლავ გრძელდება, 20 ივნისის მოვლენებს. . . თუმცა ხელისუფლების პლიუსად მიიჩნევენ, რომ არ მომხდარა ომი რუსეთთან, პანდემიას ღირსეულად გაუმკლავდა და ქვეყნის დასავლური კურსი შეუქცევადია. შეძლებს თუ არა იგი მესამეჯერ ხელისუფლებაში დარჩენას? ექსპერტთა თქმით, თუ ხელისუფლებამ რაიმე საბედისწერო შეცდომა არ დაუშვა, მმართველი პარტია
გარკვეულწილად არჩევნებს მოიგებს, თუმცა საკითხავია, რამდენი იქნება მისი მონაგარი, ანუ გადალახავს თუ არა „ქართული ოცნება“ 40-პროცენტიან ნიშნულს? თუ მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთ ხმების 41 პროცენტი მიიღო, მაშინ მიეცემა მთავრობის დაკომპლექტების უფლება. დაქსაქსული ოპოზიციის ფონზე, მმართველი გუნდს ამ მიზნის მიღწევა გაუდვილდება.
„ნაცმოძრაობა“- ქართული პოლიტიკის მეორე მთავარი აქტორი – უმთავრესი ოპოზიციური ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიას „ძველი გვარდიის“ წევრები გამოაკლდა, იგი არ დაშლილა. როგორც მისი წევრები აცხადებენ, არჩევნებში მნიშვნელოვან შედეგს ელოდებიან, რასაც არ ეთანხმება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში 60 პროცენტს მიიღებს, „ნაცმოძრაობა“ – 20-ს, სხვები -ამდენივეს. გვერდს ვერ ავუვლით „ევროპულ საქართველოს“. ამ პარტიამ ადგილობრივ არჩევნებში 10 პროცენტი მიიღო და იმედოვნებს, რომ არათუ მთავარი ოპოზიციური ძალა იქნება, არამედ ხელისუფლებაშიც მოვა. სხვათა შორის, პოლიტიკოსი კახა კუკავა ვარაუდობს, რომ მომავაში მმართველი პარტია ძალაუფლებას სწორედ, „ევროპულ საქართველოს“ გადააბარებს. ალბათ ამ სავარაუდო სცენარით აიხსნება „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ურთიერთკრიტიკა. მაგალითად, გიგა ბოკერიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ხშირად, ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის“ წევრები აპელირებენ, რომ თავად ბოკერია და მისი თანაგუნდელების ქმედებები აზიანებს ოპოზიციურ სპექტრს. ასე თუ ისე, ერთი რამ ცხადია, დღესდღეობით ოპოზიცია სუსტია, რასაც ხელს უწყობს გათიშულობა და მისი პოლიტელიტის არგანახლება. არადა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა.
სამწუხაროდ, საქართველოს არ ჰყავს ისეთი მმართველი ელიტა, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ და ფინანსურ ელიტასაც, ასევე, გავლენიან ჯგუფებსაც. ჩვენ გვყავს მხოლოდ გავლენიანი ადამიანები ან ერთი გავლენიანი პირი, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის ქვეყანაში მმართველი ელიტის ფორმირების, პოლიტიკური ელიტის განახლების თვალსაზრისით. არადა, ყოველი არჩევნების მოახლოებისას იქმნებოდა ისეთი სურათი, რომ შესაძლებელი იყო მესამე, ისეთი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება, რომელიც კონკურენციას გაუწევს არსებულ და ყოფილ მმართველ გუნდებს არჩევნებში. დიახ, არც ადგილობრივმა და არც საპარლამენტო არჩევნებმა ამ მხრივ მოლოდინი არ გაამართლეს. მიზეზი საკმაოდ ბევრია, თუნდაც საშინაო და საგარეო ფაქტორები. საშინაო ფაქტორებიდან აღვნიშნავ იმას, რომ ქვეყნის ხელისუფლებას (როგორც ექსპერტები აცხადებენ) არ გააჩნია ჯანსაღი პოლიტიკური კლიმატისთვის აუცილებელი პოლიტიკური ნება, არც საზოგადოებაშია შესაბამისი მზაობა და პოლიტიკური კულტურა. ცხადია, გასაგები მიზეზების გამო არც მმართველი პარტია და არც „ნაცმოძრაობა“ არაა დაინტერესებული, რომ ქვეყანაში შეიქმნას მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც კონკურენციას გაუწევს მათ, გაუგებარი ისაა, რატომ არ ცდილობენ პროდასავლური ძალები მძლავრი ბლოკის ჩამოყალიბებას, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მთავარ აქტორებთან („ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“) მიმართებით, მაგრამ ცნობილია, რომ ჩვენთან ყველას პირველობა სურს, რითაც ხელისუფლება სარგებლობს.
უპრიანია, ვისაუბროთ „ლეიბორისტულ“ პარტიაზეც. მას ჰქონდა წარმატებები და ფიასკოც. ლეიბორისტები იმითაც გამოირჩევიან, რომ ალიანსში არავისთან შედიან. ყოველთვის ოპოზიციონირებენ. როგორც ამბობენ, მათ ხმებს ართმევენ არჩევნების გაყალბებით. საეჭვოა, ეს ძალა მესამე ცენტრი გახდეს, თუმცა ფაქტია, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა არ გაუჭირდება.
პარლამენტში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას აპირებს „ლელო საქართველოსთვის“. ბოლო სოციოლოგიური გამოკითვებით, მისი რეიტინგი 10 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ცხადია, პარლამენტში მოხვედრას შეეცდება ნინო ბურჯანაძის პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“, ასევე – „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ალეკო ელისაშვილი -მოქალაქეები“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომლის რეიტინგი მატულობს. შესაძლოა, ამ პარტიების ხმებმა განაპირობოს მთავრობის ჩამოყალიბება, თუმცა უმთავრესი ბრძოლა მაინც „ქართულ ოცნებასა“ და „გაერთიანებულ ოპოზიციას“ შორის წარიმართება. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ექსპერტები. არჩევნებამდე თითქმის ორი კვირა და ამ ხნის განმავლობაში შესძლოა ბევრი რამ ისეთი მოხდეს, რაც კარდინალურად შეცვლის მოსახლეობის განწყობსა ამა თუ იმ ძალის მიმართ. მერყევი ამომრჩეველი ხომ არჩევანს უშუალოდ არჩევნების დროს აკეთებს, ამიტომ წინასწარ ვერავინ იტყვის, რა შედეგებს მივიღებთ. ერთი რამ მაინც უდავოა – თუ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების ტემპები არ დაჩქარდა და სტაბილური პოლიტიკური გარემო არ ჩამოყალიბდა, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, არათუ მხოლოდ ხელისუფლება, ქვეყანაც დაზარალდება, რაც პარტიებმა უნდა გაითვალისწინონ.