სვეტლანა კუდბა: “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, რათა საქართველოს აღმშენებლობა გააგრძელოს
ირმა ცეცხლაძე: 27 48 93 –
საქართველოს პარლამენტის წევრი, წინა მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი სვეტლანა კუდბა საკანონმდებლო ორგანოებში მუშაობას აჯამებს და ამბობს, რომ გასული 8 წელიწადი სტაბილიზაციის, მშვიდობიანი თანაცხოვრების და ქვეყნის წინსვლის პერიოდი იყო. მისივე თქმით, აუცილებელია არჩევნებზე კიდევ ერთი შანსი მივცეთ „ქართულ ოცნებას“, რათა მომდევნო 4 წელიწადში შეძლოს მასშტაბური პროექტების ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ეკონომიკის საბოლოოდ გაჯანსაღება. თუ რა შედეგები ჰქონდა მმართველობის 8 წლის განმავლობაში მმართველ პარტიას და რა გააკეთა ქვეყნისთვის, ამაზე პარლამენტარმა „აჭარასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
– ქალბატონო სვეტა, საუბრის დასაწყისისთვის გავიხსენოთ, რა დაპირებები გასცა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ პერიოდში?
-2012 წელს ჩვენი ძირითადი დაპირებები იყო პასუხიმგებლიანი სოციალური პოლიტიკის ქონა და მოქალაქეზე ზრუნვა, ეს იყო მთავარი ამოსავალი წერტილი, რამაც გამოიწვია კიდეც ღირებულებებითი ცვლილებები. კერძოდ, 2012 წლიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ჩვენ შევძელით ჯანდაცვის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ისე, რომ ბედის ანაბრად არავინ დარჩენილა. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს არ იყო მხოლოდ ერთწლიანი დაპირება, ეს არის ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ისევ გაგრძელდება.
– რაც შეეხება პენსიებს?
– სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში, პენსიებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა წლიდან წლამდე ზრდა. 2021 წლის ბიუჯეტშიც დაგეგმილია პენსიების ზრდა, ხოლო მთიან რეგიონებში კიდევ დამატებით ზრდა, რაც ნიშნავს, რომ პენსია მიაღწევს 270 ლარს, ხოლო მთიანი რეგიონებისთვის 300 ლარს. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ამოქმედდა და წარმატებით ფუნქციონირებს დაგროვებითი პენსია, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უზრუნველ სიბერეს.
– ეკონომიკა ძალიან ცუდ ვითარებაში აღმოჩნდა პანდემიის გამო.
– ეს ცალკე თემაა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ადრე ვსაუბრობდით იაფ ფულად რესურსებზე სოფლის მეურნეობაში, ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი დაპირება და 2013 წლიდან დაიწყო კიდეც ამ პროექტის განხორციელება, შეღავათიანი ევროკრედიტი სწორედ ამას გულისხმობს. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ სოფლის მეურნეობას პრიორიტეტულად გამოვაცხადებდით და ასეც არის. სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის შექმნა იყო მნიშვნელოვანი ამოცანა. ამიტომ გავაგრძელეთ ეკონომიკური განვითარება და კერძო სექტორის კერძო ინიციატივების მხარდაჭერა. პროექტი „აწარმოე საქართველოში“ ზუსტად ამის დემონსტრირებაა. ამ პროექტით მრავალმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა და ბევრს ისევ შემოტანილი აქვს პროექტები დასაფინანსებლად, რომელთაც ისევ დააფინანსებენ. გაიხსენეთ, 8 წლის წინ, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” გამარჯვებით, ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, „ქართულმა ოცნებამ” შეძლო და დაამარცხა ძალადობრივი რეჟიმი. მაშინ ოპოზიციამ, ტოტალური წნეხის, შანტაჟის, დაშინების, დევნის, ერთი პარტიისთვის მორგებული საარჩევნო პრივილეგიების მიუხედავად, შეძლო გამარჯვება.
– თქვენ თვლით, რომ ქართველი ხალხი მაშინ არ შემცდარა არჩევანში, როგორც ამას თქვენი ოპოზიცია ამტკიცებს?
-2012 წლის პირველი ოქტომბერი იყო ქართველი ხალხის არჩევანი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვის, მშვიდობიანი და მდგრადი განვითარების სასარგებლოდ.
-კონკრეტულად, რა გააკეთა საკანონმდებლო ორგანომ ამ პერიოდში?
– რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივებს, პარლამენტმა ზოგადად მოამზადა რამდენიმე ასეული საკანონმდებლო ინიციატივა, რაც ვფიქრობ, დადებითად წაადგა მთავრობას როგორც ცენტრალიზებულ, ასევე ადგილობრივ დონეზე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო და პოლიტიკური რეფორმების გატარება – ახალი კონსტიტუციის მიღება, ქვეყნის გარდაქმნა ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკად და საარჩევნო რეფორმის უზრუნველყოფა – რაც ვერცერთმა წინამორბედმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. 8 წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საგარეო ურთიერთობებში: გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-თან, ევროკავშირთან და ნატოსთან, რომელთანაც ურთიერთობის უმაღლეს ნიშნულს მივაღწიეთ. გაიზარდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, საერთაშორისო ცნობადობა და პოლიტიკური პრესტიჟი, გაუმჯობესდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი.
– ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საგარეო ურთიერთობებში „ქართულ ოცნებას“ პრობლემები შეექმნა.
– ყველაფრის თქმა შეიძლება, თანაც მაშინ, როდესაც ირგვლივ დემოკრატია და აზრის გამოხატვის სრული თავისუფლებაა. მსგავსს ვერაფერს გაბედავდნენ სააკაშვილის რეჟიმის დროს – მან ლამის გასული საუკუნის 37 წელი აღადგინა. იმ პერიოდის სისასტიკე დღემდე ამაზრზენია. რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, ამ სფეროშიც საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია – ყოველწლიურად ვუახლოვდებით ევროპულ სივრცეს, რადგან ჩვენი უმთავრესი ღირებულება არის ადამიანზე ზრუნვა და ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების მორგება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. „ქართული ოცნების“ არჩევის შემდეგი 8 წელი არის მშვიდობიანი განვითარების პერიოდი – პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკით, ქვეყნისთვის დაძაბულობისა და კონფლიქტების არიდებით, საქართველოს დეოკუპაციისაკენ მიმართული გამოკვეთილი ძალისხმევით და პრინციპული პოზიციით, რომ საქართველოს ოკუპაციას არასდროს შევეგუებით და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვაპირებთ მხოლოდ სამშვიდობო პროცესით, საერთაშორისო მხარდაჭერითა და ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარების შეთავაზებით ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის. დღესაც, მსოფლიო პანდემიის პირობებში, მაქსიმალურად ვეხმარებით ჩვენს დე ფაქტო თანამოქალაქეებს, რომლებიც ჩვენგან დახმარებას ითხოვენ. არც ერთი ინფიცირებულისთვის არ გვითქვამს უარი მკურნალობაზე, პირიქით, ვამარაგებთ როგორც სამედიცინო ტექნიკით, ისე მედიკამენტებით, ხოლო აქეთ გადმოსულებს ვმკურნალობთ მაღალი კლასის კლინიკებში.
– თუ შეიძლება, დავაკონკრეტოთ მმართველი პარტიის მიერ განხორციელებული, რეალიზებული პროექტები . . .
– ძალიან ბევრი გაკეთდა, მარტო აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები რად ღირს. აქ აშენდა სპორტული კომპლექსები, სტადიონი, აუზები, მაღალი კლასის საწვრთნელი და საერთაშორისო სტანდარტების სპორტ-სკოლები. ახლახან, ქუთაისის უნივერსიტეტი გაიხსნა, ანალოგიური უნივერსიტეტი გაიხსნება ბათუმშიც. დენდროლოგიური პარკი გაიხსენეთ, გახსოვთ ყველას, რა ამბავი ატეხეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა იმ ხეებზე, ამ პარკში რომ მიუჩინეს ადგილი. დღეს პარკს ტურისტებისთვის კი არა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა. გაიხსენეთ მოწესრიგებული, აღდგენილი სოფლის გზები, შემოვლითი ტრასა, რომელიც ბათუმს კიდევ უფრო მეტ მობილობას შესძენს და განტვირთავს ზედმეტი ავტომობილებისგან. გვირაბს რამდენ ხანს აშენებდნენ, ჯერ ასლან აბაშიძე და შემდეგ სააკაშვილი, ისიც გეხსომებათ ბათუმელებს, ახლა კი აღარ ვაქცევთ ყურადღებას, რომ ორმაგი უღელტეხილების გავლით არ გვიწევს საკურორტო ქალაქში შესვლა.
– თქვენ აჭარის საკანონმდებლო ორგანოშიც იყავით და პარლამენტშიც, სად უფრო ნაყოფიერად იმუშავეთ როგორც დეპუტატმა?
– არ დაგიმალავთ, რომ აჭარაში უფრო მეტის გაკეთება შევძელი, რადგან აქ ყველა სოფელი, ყველა დაბა ვიცი და ყველა მოსახლეს ვიცნობ. ისიც ვიცი, ვის რა ტკივა, რას ელოდება ხელისუფლებისგან და რით უნდა დავეხმარო. ცხადია, პარლამენტშიც უამრავი საქმე და სამუშაო გვქონდა როგორც დიასპორებთან, ისე კავკასიის ხალხებთან ურთიერთობების კუთხით. ჩვენი კომიტეტი სწორედ ამ საკითხებს განიხილავდა. პანდემიის საწყის ეტაპზე, გაიხსენეთ, სახელმწიფოსა და დიასპორების ერთიანი ძალისხმევა, დიასპორული ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების კოორდინირებული ქმედებები, პანდემიის შედეგად დაზარალებული თანამემამულეების დასახმარებლად და სამშობლოში მათ გადმოსაყვანად. თავის მხრივ, დიასპორულმა ორგანიზაციებმაც აღნიშნეს სახელმწიფოსა და დიასპორების უპრეცედენტო ერთიანობა კოვიდ-19-ით შექმნილი გამოწვევების დაძლევის გზაზე და მადლობა გადაუხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს იმ საქმიანობისთვის, რომელიც მათ გასწიეს თანამემამულეთა სოციალური, სამედიცინო, თუ ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად.
-აჭარაში რომელი პროექტი მიგაჩნიათ ყველაზე წარმატებულად?
– მე, როგორც ადამიანს, რომელიც მუდმივ რეჟიმში ვეხმარებოდი ემწეო ადამიანებს, ძალიან გამიხარდა აჭარის მთავრობის უპრეცედენტო გადაწყვეტილება ე.წ. „მუყაოს ქალაქის“ შესახებ. ამ პროექტით აღმოიფხვრა ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც წინა პლანზე ჰქონდათ წამოწეული საერთაშორისო ორგანიზაციებს. იქ მართლაც, გაუსაძლისი პირობები იყო, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის. ახლა კი, ახალი კორპუსები შენდება და მალე, ახალმოსახლეობას იზეიმებენ თავის დროზე უპერსპექტივოდ მიჩნეული ჩვენი მოქალაქეები. ამ ხალხს აღარ ჰქონდა იმედი, რომ ოდესმე ეღირსებოდა ნორმალურ საცხოვრისს. მხოლოდ ამ პროექტითაც კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ პრიორიტეტია ადამიანი, მისი ყოფა, პირადი პრობლემები და ჯანმრთელობა.
– ბევრი იმასაც საყვედურობს მმართველ პარტიას, რომ „ნაციონალების“ ყოფილი აქტიური კადრები დღემდე მუშაობენ საჯარო სამსახურებში . . .
-ამ თემაზე კარგი კომენტარი გააკეთა არჩილ თალაკვაძემ. მან თქვა, რომ ყველა წინა ხელისუფლებების დროს, რეალური ტრადიცია იყო მთელი საჯარო სამსახურის წმენდა და პარტიული კადრებით მისი დაკომპლექტება. ეს ტრადიცია შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს. ახლაც კი არაერთი ადამიანი გვაკრიტიკებს, რომ წინა ხელისუფლების დროს საჯარო სამსახურში მყოფი პირები დღემდე მუშაობენ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მავნე პოლიტიკური კულტურა შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“.
– შეაფასეთ „ქართული ოცნების“ ნამოღვაწარი, რატომ უნდა მისცეს ამომრჩეველმა ამ პარტიას ხელისუფლებაში მესამედ მოსვლის შანსი?
– იმის მაგივრად, რომ ჩვენი საქმიანობა შევაფასოთ (ამას ამომრჩეველი უჩვენოდაც გააკეთებს), ვიტყვი რა მიზანი ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“, რაც მარტივად და სრულყოფილად ჩამოაყალიბა ჩვენმა პრემიერმა: „ჩვენი მიზანია სწრაფი ეკონომიკური აღდგენა და, რა თქმა უნდა, ადამიანზე ზრუნვა. აქ იგულისხმება ჯანდაცვის, სოციალური და განათლების სისტემები, ბავშვებსა და მოხუცებზე ზრუნვა და სოციალური პორტფელი, რომელიც უნდა გავაძლიეროთ. ეს ყველაფერი არა პოლარიზებით, შინაარსობრივი დისკუსიით უნდა შევძლოთ ახალ პარლამენტში, რომელსაც ახალი საარჩევნო სისტემით აირჩევს ქართველობა, რათა ქვეყანა გახდეს ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი და დემოკრატიული. ამით უფრო იოლად მივაღწევთ ჩვენს ძირითად მიზანს – ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. საბოლოოდ კი მივიღებთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლებრივ ქვეყანას, რომელიც სულ უფრო უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს. ჩვენი ყველა მომდევნო საარჩევნო ციკლი უნდა იყოს ამისთვის მზადება.“ ვფიქრობ, ამაზე უკეთ ვერაფერს ვიტყვი, მით უმეტეს, რომ აბსოლუტურად ვეთანხმები ადამიანს, რომელმაც შეძლო ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილიზაციის შენარჩუნება ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე.
– მანამ, სანამ შეზღუდვები იყო, საქართველო „მწვანე ზონადაც“ კი გამოცხადდა, ახლა წითელ ზონად ვიქეცით – ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად ახალ, რეკორდულ ნიშნულზეა . . .
-ამას ვაბრალებ თავად ჩვენი მოქალაქეების გულგრილობას, დაუდევარ დამოკიდებულებას იმის მიუხედავად, რომ დღემუდამ აფრთხილებდნენ ყველას მოსალოდნელი მეორე ტალღის შესახებ. ახლაც კი, როდესაც ასე გართულდა ვითარება, არაფრად დაგიდევენ იგივე პირბადის ტარების აუცილებლობას და სადეზინფექციო საშუალებებით სივრცის დამუშავებას. ეს ყველაფერი დაიწყო თავად ოპოზიციის მტკიცებით, თითქოს არავითარი პანდემია არ არსებობს და ყველაფერი ხრიკია არჩევნების გასაყალბებლად ან სულაც ჩასაშლელად. ყველას გვახსოვს, როგორ გვიმტკიცებდნენ, რა ვირუსი, ფულს ათეთრებენ და საბოლოოდ რაღაც ჩიპის ჩადგმა უნდათ ყველა ადამიანის გასაკონტროლებლადო. ასეა თუ ისე, კარგად დავინახეთ ის საშინელი გამოწვევა, რის წინაშეც დააყენა ახალმა კორონავირუსმა მსოფლიო მედიცინა და საერთოდ, მოსახლეობა. ჩინეთში, მხოლოდ და მხოლოდ ჯანმოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, თითქმის დაამარცხეს პანდემია. ქუჩაშიც კი უკეთიათ პირბადეები და აცვიათ კომბინიზონები. ესაა გამოსავალი ამ ვითარებიდან. რაც შეეხება არჩევნების გაყალბებას, არასოდეს არავის არაფერი გაუყალბებია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში და არც ახლა გააყალბებენ. მადლობა ღმერთს, ჩამოდიან საერთაშორისო, ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაადასტურებენ, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიან გარემოში, გამჭვირვალედ და ყოველგვარი გადაცდომების გარეშე.
– როგორ ფიქრობთ, „ქართული ოცნება“ გავა უმრავლესობით თუ კოალიციური მთავრობის მხოლოდ ერთ-ერთი რგოლი იქნება?
– დღეს ჩვენი საერთო მიზანია, ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი პოზიციიდან შეძლოს მონაწილეობა საერთო წარმატების შექმნასა და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ გაკეთებული ჩვენი საერთო არჩევანის რეალიზებაში. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რათა საქართველოს აღმშენებლობა გააგრძელოს და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გარანტად იქცეს!