მცირე ექსკურსი – ახალი პარლამენტის მოლოდინში
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
2020 წლის არჩევნებზე დიდადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი, დასავლეთისთვის იგი იმის მაჩვენებელი იქნება, თუ რამდენად ჩამოვყალიბდით სამოქალაქო საზოგადოებად და როგორ ვაცნობიერებთ საკუთარ როლს ქვეყნის აღმშენებლობაში. როგორც ცნობილია, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, გამოიკვეთება, თუ რომელი პოლიტიკური პარტია ან ბლოკი გახდება მმართველი ძალა. ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, თუ ვინ გაიმარჯვებს, თითოეული გაერთიანება თავის უპირატესობაში დარწმუნებულია, მოდით, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, აჯობებს თუკი ადრინდელი არჩევნების გარკვეულ თანმიმდევრობასა და მნიშვნელობაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რადგან როგორც თქმულა, თუ წარსული არ იცი კარგად, ვერც მომავალს განსაზღვრავ სწორად. 28 ოქტომბერი მრავალჭირნახული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი დიდმნიშვნელოვანი თარიღია, სწორედ ამ დღეს, 30 წლის წინათ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ეროვნულმა ძალებმა გაიმარჯვეს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ზვიად გამსახურდიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა ქართული მოსახლეობის ეროვნული სულის ჩამოყალიბებაში, ამავდროულად, კომუნისტური მმართველობის შეცვლაში. სწორედ „მრგვალი მაგიდის“ ბრძოლის შედეგია დამოუკიდებლობის მოპოვება. ამ მიმართებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: 1991 წლის 31 მარტს გაიმართა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის საკითხზე, რასაც მოსახლეობის 97 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი; იმავე წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადა. თითქოს ქართველობა ერთად უნდა დამდგარიყო, მაგრამ „უჩემოდ ვით იმღერეთას“ კომპლექსმა კვლავ იჩინა თავი, რამაც უარყოფითი როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისათვის ბრძოლაში. იმის ნაცვლად, რომ ერთად გადაეწყვიტათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ერთმანეთს დაერივნენ და დამარცხდნენ, გამარჯვებული კი რუსეთი დარჩა. მაშინ ოპოზიცია რომ უფრო კონსტრუქციულად მოქცეულიყო, არ აჰყოლოდა ამბიციებს, რუსეთი თავის საწადელს ვერ მიაღწევდა. როგორც ცნობილია, ხელისუფლების კრიზისი აგვისტოს ბოლოს დაიწყო, ქვეყნის პრეზიდენტს მისი უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წევრი განუდგა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი. მათ რუსეთის ხელშეწყობით შეძლეს კანონიერი ხელისუფლების დამხობა, თუმცა თავად ამას უარყოფენ. ასე თუ ისე, ერთი რამ ცხადია, სახელმწიფო გადატრიალებას მოჰყვა მრავალი უბედურება, რამაც ქართული სახელმწიფოს განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედა. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ძალაუფლება, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელში აიღო „სამხედრო საბჭომ“. ახალმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქვეყანაში წესრიგის დამყარება, ამიტომაც 1992 წლის მარტში ედუარდ შევარდნაძე მოიწვიეს. მისი მმართველობა დაახლოებით 12 წელი გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში შევარდნაძის ხელისუფლებამ ააწიოკა ზვიადის მომხრეები, სამეგრელო გადათელა, ამას მოჰყვა აფხაზეთის ომი, რომელიც 13 თვე მიმდინარეობდა და ქართული შეიარაღებული ძალების დამარცხებით დასრულდა. ცხადია, ამ ომში აქტიურად მონაწილეობდა რუსეთი, რომელმაც გადაწყვიტა კიდეც აფხაზეთის ბედი. შემდეგ ჩვენი ქვეყანა დსთ-ში გაერთიანდა და დროებით სტაბილურობამაც დაისადგურა. 1994 წლიდან დაიწყო ეკონომიკური რეფორმები, საფუძველი ჩაეყარა ბაქო- თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას. ოპოზიციაც გამოცოცხლდა, თუმცა მანამდე შევარდნაძემ ჩამოაყალიბა „მოქკავშირი“. მისი ოპონენტები იყვნენ „აღორძინება“ და „ლეიბორისტები“, რომლებმაც არჩევნებში მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს. დრო გადიოდა, ქვეყანა რეგრესისკენ მიექანებოდა. შევარდნაძის საქმიანობას მისი მმართველობის დასასრულს ხშირად მისი გარემოცვის შეცდომებით თუ უვიცობით ხსნიან, ამას მოწმობს თუნდაც 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები. ერთი სიტყვით, ე. წ. მოქკავშირელებმა რევოლუცია თავად მოაწყვეს. მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მოსახლეობის ნაწილს ყოფილი ხელისუფლების მიმართ, უნდა აღინიშნოს, რომ „ვარდების რევოლუცია“ დრომ მოიტანა. ამ მხრივ ქვეყანამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია. ჩატარდა რეფორმები და რაც მთავარია, პროდასავლური კურსი შეუქცევადი გახდა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდის პრობლემათა მცირე ჩამონათვალიც კი საკმაოდ შთამბეჭდავია, რასაც ერთვოდა დაპირისპირება საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. იმ პერიოდში ოპოზიცია სათანადოდ ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას, არ იყო ძლიერი. დაქსაქსულ ოპოზიციას მხსნელად ბიძინა ივანიშვილი მოევლინა, რომელმაც კოალიცია „ქართული ოცნება“ ჩამოაყალიბა და არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ის რომ არა, ოპოზიცია ვერ შეძლებდა ყოფილი ხელისუფლების შეცვლას. რვა წელი შესრულდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება გადაიბარა, ზოგისთვის ( ოპოზიციისთვის) მიუღებელია ხელისუფლების საქმიანობა. როგორია არსებული ხელისუფლების ნაბიჯები? მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ მათ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. მათი თქმით, ეს უპირველესად, არის: ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება, თავისუფალი მედია გარემო, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება მეზობლებთან . . . აქვე ისიც უნდა აღინიშნოს რომ მთავრობას მომხრეები იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ არ გაასამართლა „ნაცმოძრაობა“. თავის მხრივ ხელისუფლებას აკრიტიკებს თითქმის მთელი ოპოზიცია. მათი აზრით, ხელისუფლებამ ვერცერთი დაპირება ვერ შეასრულა, დაარბია 20 ივნისის მიტინგი და საპრეზიდენტო არჩევნებში იძალადა მოსახლეობაზე. ამ ბრალდებების საპასუხოდ მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციის კრიტიკა უმართებულოა დაისურვებდნენ კონკრეტულ ოპოზიციას, თუმცა რამდენად გამართლებულია ხელისუფლების ამგვარი შეხედულება, განსჯის საკითხია. ცნობილია, რომ ოპოზიცია ხელოვნურად არ იქმნება, მას გარემოება ქმნის. ხელოვნური ოპოზიცია არც საზოგადოებას და არც ქვეყანას გამოადგება. იმის ნაცვლად, რომ სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე მსჯელობდნენ, ორივე მხრიდან სულ გვესმის – სისხლიანი 9 წელი და არაფრის მაქნისი 8 წელი. ამ რვა წლის განმავლობაში ქვეყანაში ბევრი რამ მოხდა – ჩატარდა ორი საპრეზიდენტო, ორი ადგილობრივი და ერთი საპარლამენტო არჩევნები, გაიყო „ნაცმოძრაობა“, მმართველ გუნდს „ძველი გვარდია“ გამოეყო, რაც პოლიტიკის ნაწილია. ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რა იქნება ხვალ? მოვლენები საინტერესოდ ვითარდება, პარტიები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ, არწმუნებენ თავიანთ უპირატესობებში სხვებთან შედარებით, ეს არჩევნები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ჯერ ერთი, ტარდება პროპორციული (120-30) სისტემით და მეორე, შესაძლოა მმართველმა გუნდმა არჩევნებში მესამეჯერ გაიმარჯვოს, რაც უპრეცედენტო იქნება საქართველოს არჩევნების ისტორიაში. ამ კითხვას საბოლოოდ, პასუხს არჩევნები გასცემს, რომელიც იმედია, კითხვის ნიშნებს არ დატოვებს. გონიერი კაცი წარსულ შეცდომებზე სწავლობს, მით უმუტეს პოლიტიკოსი. ასე რომ, უპრიანია წარსულის გაკვეთილებს გადავხედოთ, სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ და მთელი ძალისხმევა ქვეყნის სასიკეთოდ წარვმართოთ.