მაქსიმალურად ცდილობენ, არ მოდუნდნენ, სპორტული ფორმა შეინარჩუნონ
მანანა ძიძიშვილი: 598 24 94 97 –
ახალი კორონავირუსი კვლავ ვრცელდება. ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, მასთან ერთად ცხოვრება, გვინდა თუ არა, უნდა ვისწავლოთ. სწორედ ამ პრინციპით გააგრძელა სპორტსმენთა აღზრდა და ვარჯიშები აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ცინცაძემ, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია.
ცნობისთვის: 1995 წლიდან დაინტერესდა სპორტის ამ სახეობით. მისი პირველი მწვრთნელი ზაალ (ალეკო) მოისწრაფიშვილი გახლდათ, რომელსაც ბევრ რამეს უმადლის. არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი კონტაქტურ კარატეში, ასევე – კავკასიის ჩემპიონი, ევროპის სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, ევროპის ორგზის პრიზიორი, აბსოლუტური მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე (ორჯერ წარადგინა საქართველო იაპონიაში), მსოფლიო თასის მონაწილე. . . ათ წელზე მეტია, მოზარდების მწვრთნელია, ბოლო 4-5 წლის განმავლობაში მისმა აღზრდილებმა სპორტის ამ სახეობაში თავი გამოიჩინეს. მათ შორისაა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ჭაბუკებში მინდია მგელაძე, ევროპის მოქმედი ჩემპიონები – დავით მსხალაძე და დათა ფუტკარაძე (ორგზის და სამგზის). რა თქმა უნდა, ყველანი საქართველოს ნაკრების ახალგაზრდული ნაკრების წევრები არიან და ამ ეტაპზე – გუნდის პირველი ნომრებიც. მართალია, ისინი ჯერ 18 წლისანი არ არიან, მაგრამ +18 ასაკობრივ კატეგორიაშიც არაერთხელ უასპრეზიათ, თანაც წარმატებულად. მის აღზრდილებს შორის ბევრად პატარა სპორტსმენებიც კარგ შედეგებს დებენ და ძალიან პერსპექტიულები არიან, მწვრთნელი მათზე დიდ იმედებს ამყარებს.
სპორტსმენები, რომლებიც უკვე დავასახელეთ, ლევან ცინცაძის კლუბის – „ჩემპიონთა აკადემის“ წევრები არიან. მესამე წელია, ამ კლუბის წევრები სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებზე წარმატებით გამოდიან და მწვრთნელს, კუთხეს, მთელ საქართველოს ასახელებენ.
ამ კლუბის გარდა, აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციაში 12 კლუბი შედის, რომლებსაც თავისი ინსტრუქტორები და მწვრთნელები ჰყავს. ისინი სპორტსმენებს სხვადასხვა ლოკაციაზე ავარჯიშებენ. მართალია, მათ ჯერ ხელშესახები წარმატებისთვის არ მიუღწევიათ, მაგრამ, როგორც ლევანმა გვითხრა, პერსპექტიულები არიან და მწვრთნელები ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი სათქმელი უახლოეს მომავალში თქვან.
ბათუმის სასპორტო სკოლაში ჯერჯერობით ფედერაციის მწვრთელის შტატი არ არის. თუმცა იმედოვნებენ, რომ მალე სპორტსკოლაშიც დაეუფლებიან მოზარდები სპორტის ამ შესანიშნავ სახეობას, რაც სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ მოხდება.
პანდემიის გამო, რა თქმა უნდა, სპორტსმენთა რაოდენობამ იკლო, თუმცა ლევნი მაქსიმალურად აქტიურია და ყველანაირად ცდილობს, სპორტსმენებმა ფორმა შეინარჩუნონ.
– პანდემიამდე, წელს რომელიმე ტურნირში მონაწილეობა ხომ არ მოგისწრიათ?
– თებერვალსა და მარტში ლატვიაში, რიგის საერთაშორისო ტურნირში ვმონაწილეობდით. სწორედ იქ მიაღწიეს ჩემმა სპორტსმენებმა შესანიშნავ შედეგს – სამი ოქროს მედალი მოვიპოვეთ სხვადასხვა წონით კატეგორიაში. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ დაიწყო ეს პანდემია, რომელმაც ჩვენი მუშაობის განრიგი მთლიანად შეცვალა. პირველი თვე ვატარებდი ონლაინგაკვეთილებს. ერთი თვე ნაყოფიერად გამოვიყენეთ – ყოველ დღე საღამოს 7 საათზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ვაკეთებდი ჩართვებს – ვიწვევდი სხვადასხვა ქვეყნის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს, რომლებიც ჩვენს ბიჭებს ონლაინგაკვეთილებს უტარებდნენ. მათ შორის იყვნენ ესპანეთის, იტალიის კონტაქტური კარატეს ფედერაციების პრეზიდენტები, ლიტვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. საკმაოდ საინტერესო პროგრამა გამოვიდა იმიტომ, რომ ასეთი სემინარებისთვის ჩვენ სპეციალურად ჩავდიოდით სხვადასხვა ქვეყანაში, რათა გამოცდილი სპორტსმენებისგან მიგვეღო ეს გაკვეთილები. როგორც კი მათი ჩატარების ნება დაგვრთეს, მას შემდეგ გარეთ, ღია სივრცეში ვვარჯიშობთ ყოველ დღე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან, დამწყებებთან, მოყვარულებთან. . . თუ ბევრი სპორტსმენი იკრიბება, მაშინ უფრო დიდ სივრცეში ვმეცადინეობთ, მაგალითად, ახალ ბულვარში. ერთხელ, 150 სპორტსმენი გვყავდა შეკრებილი, რომლებსაც სემინარები ჩავუტარეთ (კვალიფიკაცია აიმაღლეს ქამრებზე) ყველა რეგულაციის დაცვით და სერტიფიკატები გადავეცით. ჩამოსული იყო საქართველოს კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ შენგელია, რომელიც ოფიციალურად წარადგენს საქართველოს მსოფლიო ფედერაციაში. ეს სემინარები საკმაოდ წარმატებულად ჩატარდა. აჭარაში პირველად ვუმასპინძლეთ სემინარს პროფესიონალებისთვის, რომლის შემდეგ შავი ქამრის მინიჭების სერტიფიკატი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 40-მა სპორტსმენმა მიიღო. ეს სამდღიანი სემინარი, რომელიც აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, სოფელ ქედქედში ჩატარდა, რამაც სოფლად კიდევ უფრო პოპულარული გახადა სპორტის ეს სახეობა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პანდემიის გამო გამოწვეული სირთულეები დავძლიოთ, არ მოვდუნდეთ, ვიყოთ აქტიურები. ძნელია სპორტსმენი ამდენი თვე გაჩერდეს, არაფერი აკეთოს და მაინც შეინარჩუნოს ფორმა. დიდი სირთულეა, რომ წინანდებურად დარბაზში ვარჯიშებს ვერ ვახერხებთ, ისიც, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრება გადაიდო ჩვენთვის (მინიმუმ ხუთი). ჩვენ ვეღარ გავემგზავრეთ ამერიკაში, სადაც მონაწილეობა უნდა მიგვეღო მნიშვნელოვან ღონისძიებაში (გრან პრიზე). მთელ მსოფლიოში შეიცვალა გეგმები, წუწუნს ვერ მოვყვებით. . . ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა, მთავარია, მაგრამ უბრალოდ, ვცდილობთ მაქსიმალურად აქტიურები ვიყოთ. ისე, ამ პანდემიის დროს სპორტმენები ბევრად უფრო გაიზარდნენ, დაოსტატდნენ, რადგან მთლიანად ვარჯიშზე გადაერთნენ და ამ მხრივ კოვიდი ჩვენთვის რაღაც პლუსიც იყო. ვარჯიშების, ონლაინსემინარების, მინიშეჯიბრებების ჩატარების გამო, თამამად შემიძლია ვთქვა, წელი არ ჩაგვივარდა. თვეში ერთხელ ვცდილობდი ამხანაგური შეჯიბრების ჩატარებას. ამგვარი აქტივობები მათ მოდუნების საშუალებას არ აძლევთ და მუდამ ფორმაში არიან.
– რომელი ასაკიდან ავარჯიშებთ აღსაზრდელებს?
– ჩემთან 5 წლის ასაკიდან ამყავს ბავშვები.
– ლევან, კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ხარ და რა სურათი გვაქვს სპორტის ამ სახეობაში რეგიონის მასშტაბით?
– სამწუხაროდ, არცთუ სახარბიელო. აქტივობის მხრივ შეიძლება მარტო ბათუმი, ქობულეთი და ჩაქვი დავასახელოთ. არ გვყავს მწვრთნელები. მაღალმთიან აჭარაში მხოლოდ ერთი მწვრთნელი დაგვემატა სოფელ ქედქედში. მაჭახლის ხეობაში სკოლის მოსწავლეთა ოცკაციანი ჯგუფი ვარჯიშობს ევროპის ჩემპიონის დავით მსხალაძის ხელმძღვანელობით, რაც ჩვენთვის ერთი, წინგადადგმული ნაბიჯია. კარგი სპორტსმენები გვყავს ქობულეთსა და ჩაქვში, რომლებსაც შესანიშნავი მწვრთნელები ავარჯიშებენ. მათ შორის დავასახელებ თენგიზ დავითაძეს, რომელმაც ევროპის ერთი ჩემპიონი და პრიზიორი აღზარდა.
– მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაგეგმილი შეჯიბრი გადაიდო, მაინც რომელიმე შეჯიბრებისთვის თუ ემზადებით?
– ნოემბერში უნდა ჩარტაბულიყო ახლგაზრდული ჩემპიონატი რუმინეთში, რომელიც ჯერ არ გადადებულა, მაგრამ ყველაფერთან ერთად, ვფიქრობთ, ამასაც გადადბენ, თუმცა წლის ბოლო მოდის და მაინც მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სიტუაციისთვის, რომ ჩვენი საქმე გავაგრძელოთ. თუ ჩვენ მაქსიმალურად დავიცავთ თავს და იმ რეგულაციებს, რაც მთავრობამ დააწესა, ვფიქრობთ, ვივარჯიშებთ კიდეც და ფორმიდან არ ამოვვარდებით. ამიტომ მოლოდინის რეჟიმში ვართ და ამჟამინდელ სიტუაციას მოვერგეთ, ყველა რეკომენდაცია ცხოვრების წესად ვაქციეთ. ყოველ დღე შევიმუშავებ სპეციალურ განრიგს. აი, დღეს მოკრივეებთან ერთად ვივარჯიშეთ. გოჩა აბაშიძე – აჭარის კრივის ფედერაციის პრეზიდენტი შესანიშნავი პიროვნებაა, რომლისგანაც ახალგაზრდობა ბევრ კარგს სწავლობს. ჩემი კარატისტები და მისი მოკრივეები კვირაში ერთხელ ღია სივრცეში სპარინგობენ, რაც ყველას დაოსტატებაში უწყობს ხელს. ასეთი შეხვედრებით სპორტსმენები იზრდებიან. სპორტსმენი რაც უნდა ძლიერი იყოს, ასეთი ვარჯიშები აუცილებებლია. მით უმეტეს ახლა, როცა კოვიდის გამო არ გვაქვს დიდი შეჯიბრებების ჩატარების უფლება, მაგრამ რისი ჩატარების უფლებაც გვაქვს, წესების დაცვით, ვატარებთ კიდეც. აი, ასე ვვარჯიშობთ.
– სპორტსმენს ბევრი რამ ევალება. ვფიქრობ, ის სამაგალითო არა მხოლოდ სპორტულ მიღწევებში უნდა იყოს, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. ამ ბოლო დროს გვქონდა შემთხვევა, როცა სპორტსმენი გარჩევებში მონაწილეობდა. . .
– ყოველთვის ამბობენ, რომ სპორტსმენი უნდა იყოს გამორჩეული, მოწესრიგებული, დისციპლინირებული და ეს მართლაც, ასე უნდა იყოს, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სპორტსმენი ჯერ ადმიანია და მერე ხდება სპორტსმენი და როგორც ჩვეულებრივი ადამიანი შეიძლება შეცდეს, ასევე – სპორტსმენიც. ეს არ არის გამართლებული, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთიც ხდება და არ შეიძლება ერთი ადამიანის შეცდომა ყველას შეეხოს. ყველა პროფესიის ადამიანს შეიძლება რამე შეეშალოს, ექიმსაც კი, რასაც უმძიმესი შედეგი მოჰყვება. . . თვეში, ორ თვეში ერთხელ მშობლებისათვის ვატარებ სემინარებს. ბავშვი ხშირად არ აკეთებს იმას, რასაც მშობელი არიგებს, უფრო იმას აკეთებს, რასაც ხედავს, თუ მშობელი, ოჯახი მოწესრიგებულია, იქ აღზრდილი ბავშვიც მოწესრიგებულია. ამიტომ ვთხოვ მშობლებს, რომ უფრო ახლოს იყვნენ შვილებთან, დაინტერესდნენ მათი ქცევებით. ყოველდღიური შეხება მზარდებთან სწორედ მშობლებს აქვთ და მათ აღზრდაზე ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა. საბაზისო განათლებაც მომავალ სპორტსმენს სწორედ მშობლებმა უნდა მისცენ. მთავარი აღზრდაა და არა გაზრდა. მათი სულიერი მდგომარეობა უნდა იყოს დადებითი, მათ სიკეთისკენ, სიყვარულისკენ უნდა მოუწოდონ, ერთმანეთის პატივისცემა ასწავლონ. ეს ცხოვრების წესად უნდა გადაიქცეს. ამ ყველაფერს მათ სპორტის ამა თუ იმ სახეობის დაუფლება გაუღრმავებთ. სავსებით შესაძლებელია კარგი სპორტსმენი იყოს, მაგრამ კარგი ადამიანი – არა. ძალიან კარგია, როცა ორივე ერთად არის. ამაზე, რა თქმა უნდა, მწვრთნელმა უნდა იმუშაოს. ახალგაზრდა თაობა რომ სწორი გზით წავიდეს, აუცილებლად უნდა დაკავდეს სპორტის რომელიმე სახეობით და ძალიან კარგია, თუ ეს პატარაობიდან ხდება. მოზარდი კონკრეტულ მიზანს ისახავს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის მის მისაღწევად, რაშიც მწვრთნელი უნდა დაეხმაროს. ვარჯიშები მას ზრდის, მაგრამ არა მხოლოდ ფიზიკურად, სულიერადაც. გონივრულად უნდა გაიზარდოს. მშობლებს ყოველთვის ვეუბნები, რომ შესაძლოა, მათი შვილი გამოჩენილი სპორტსმენი ვერ გამოვიდეს, მაგრამ ეს ბაზა მას სწორად ცხოვრებას, მოწესრიგებულობას, მიზნის მიღწევას ასწავლის და არა აქვს მნიშვნელობა, რა სპეციალობას აირჩევს – ის სიგარეტს აღარ მოწევს, რადგან მისი მავნებლობის შესახებ ეცოდინება, სასმელს ზომიერად მიიღებს, არ გაიწევს ნარკოტიკისკენ და იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვინმეზე უკეთესები ვართ. არა, უბრალოდ, ჩვენი ცხოვრების წესია ასეთი და თუ მოზარდი ცხოვრების ამ წესს გაითავისებს, მოზრდილობაშიც ასე იცხოვრებს. მე რომ შეჯიბრება მოვიგო, არ შეიძლება დავლიო, მოვწიო, ან ნარკოტიკი მივიღო. ამიტომ ვირჩევ მე ცხოვრების ასეთ წესს. იმიტომაც ვართ სპორტით დაკავებული, რომ ცხოვრების ამ ცუდ წესს ავცდეთ. მეც შეიძლებოდა ცუდისკენ გამჩენოდა მიდრეკილება, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მაგრამ გამიმართლა, რომ სპორტში დავრჩი და ამაში ჩემი მასწავლებლის დიდი წვლილია. ესე იგი მასში რაღაც მომწონდა. ასე გავაგრძელე ცხოვრება. ახლა ვცდილობ ასევე ვიმოქმედო ჩემს აღსაზრდელებზე, ცუდ რამეებს ავაცილო და თუ ამასთან ერთად, რომელიმეს სპორტში პერსპექტივას შევამჩნევ, ვცდილობ, მასთან შედეგებისთვის დამატებით ვიმუშაო. ჩემი კლუბი სპორტული წარმატებებითაც გამოირჩევა. უკვე მესამე წელია, კლუბურ ჩემპიონატებში პირველ ადგილზე გადის. ქვეყნის შიგნითაც დ მის ფარგლებს გარეთაც წარმატებით გამოდის. წარმატებულ, შრომისმოყვარე სპორტსმენებთან სხვანაირად ვმუშაობ, სხვა მიდგომები მაქვს. გასულ წელს 13 ქვეყანაში ვიმყოფებოდი, აქედან შვიდში ჩემს სპორტსმენებთან ერთად და მათ სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში ოქროს მედლები მოიპოვეს. ჩემი დიდი სურვილია (და არა მხოლოდ ჩემი), მალე დამთავრდეს ის, რასაც ახალი კორონავირუსის პანდემია ჰქვია და ყველა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მანამდე ყველაფერი გავაკეთოთ, რომ დაავადება არა მხოლოდ ჩვენ ავიცილოთ თავიდან, არამედ სხვებსაც ავაცილოთ.