პანდემიის მიუხედავად, აჭარის ბიუჯეტი 3,2%-იანი ზრდით დაიგეგმა
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აჭარის მთავრობის სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტი განიხილეს. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებისა, ეკონომიკურმა გუნდმა ბიუჯეტის 3,2 %-იანი ზრდა განახორციელა.
,,მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ეკონომიკურმა გუნდმა მოახერხა, რომ ბიუჯეტი დაიგეგმოს 3,2 % -ანი ზრდით. რეალურად, ეს ნიშნავს , რომ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, სოციალური პროექტი არ გაჩერდება. ჩვენ გვქონდა აღებული გარკვეული ვალდებულებები კულტურის, განათლების სფეროში მოღვაწე მუშაკების მიმართ ხელფასების ზრდის ნაწილში და შესაბამისად, არც ეს ვალდებულებები იქნება გადავადებული, შესრულდება ყველაფერი ამ წლის ბიუჯეტში. აღვნიშნავ, რომ ის დიდი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც იყო დაგეგმილი, შეუფერხებლად განხორციელდება.
ასევე, მუნიციპალიტეტების კუთხითაც გათვალისწინებული გვაქვს კაპიტალური ტრანსფერები. ბიუჯეტი იგეგმება 349 ლარზე, კაპიტალური ტრანსფერი იქნება 75,3 მილიონი ექვსივე მუნიციპალიტეტისთვის, რაც მიცემს მათ საშუალებას, რომ არ გადაავადონ ის კონკრეტული პროექტები, რომლებიც გვქონდა გათვალისწინებული. ასევე, აღვნიშნავ, რომ არცერთ მუნიციპალიტეტს არ შემცირებია ბიუჯეტი, მათ შორის, ხელვაჩაურს დაემატება. იცით , რომ იქ სტიქიურმა მოვლენებმა მნისვნელოვანი და სერიოზული ზიანი მიაყენა. ამიტომ ხელვაჩაურს ტრანსფერის ნაწილში დამატებით 2 მლნ ლარი ექნება გათვალისწინებული“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.