თორნიკე რიჟვაძე: იქნება უმკაცრესი რეაგირება ნებისმიერ პროვოკაციაზე, დესტრუქციულ ქმედებასა და დესტაბილიზაციის მცდელობაზე
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მან ისაუბრა იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს, რათა მოხდეს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია და რომ მათ რეგიონში ზონდერჯგუფები ჰყავთ მობილიზებული.
– აჭარაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, არსებითი დარღვევების გარეშე, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს დესტრუქციულ მოქმედებებს, რომ მოხდეს საარჩევნო პროცესის და მთლიანად არჩევნების დისკრედიტაცია. არის ინფორმაცია შემოსული, რომ ბათუმში ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება. ამის ამსახველი მასალაც იქნება გავრცელებული. ყველას კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად მშვიდად, სტაბილურად გაგრძელდეს საარჩევნო პროცესი და ასევე, იქნება უმკაცრესი რეაგირება ნებისმიერ პროვოკაციაზე, დესტრუქციულ ქმედებასა და დესტაბილიზაციის მცდელობაზე, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე თქმით, დღეს გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედმა დეპუტატმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან” ასმათ დიასამიძემ მოქალაქის მოსყიდვა ცადა.
-კადრებში პირდაპირ და ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მოქმედი დეპუტატი ასმათ დიასამიძე, რომელიც ასევე სიის მერვე ნომერია, ქუჩაში ცდილობს ამომრჩევლის მოსყიდვას და რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს შეფასებული. მოვუწოდებთ, რომ თავი დაანებონ უკანონო ქმედებებს, – თქვა მთავრობის თავმჯდომარემ.
თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, აგიტატორებს მოუწოდა, თამამად გააგრძელონ იმის კეთება, რასაც დღის განმავლობაში აკეთებდნენ, ვინაიდან ეს ყველაფერი სრულად შეესაბამება კანონმდებლობას.