მთავრობის ანგარიში – მოქალაქეებს
ხატია იაშვილი: 591 98 24 26 –
დღეს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ეპიდემიოლოგიური შედეგები, ინტენსიური ტესტირების პროგრამის მიმდინარეობა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაო პროცესი განიხილა. სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე აღინიშნა, რომ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, დღიურად 20 ათასამდე ტესტის ჩატარება მიმდინარე კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება, გასული კვირის ანალიზი კი ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რამდენადაც ქვეყანაში შემთხვევების პოზიტიურობის მაჩვენებელი თითქმის 22-23 პროცენტამდე დავიდა. ეპიდემიოლოგებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი მოქმედი შეზღუდვების როლს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებითი სტაბილიზაციის პროცესში და აღნიშნეს, რომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა და მობილობის მკვეთრი ზრდის თავიდან აცილება, რათა მიღწეული შედეგები შენარჩუნდეს. ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დეტალურად აანალიზებს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დაწესებული შეზღუდვების ეფექტს, მათი აღსრულების ხარისხს და ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, შესაბამისად დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
კიდევ ერთხელ აღინიშნა მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულების აუცილებლობა და ყველა რეკომენდაციის დაცვა. მათ შორისაა სოციალური დისტანცია და პირბადეების ტარება. სპეციალისტების შეფასებით, შეზღუდვების მოქმედების პირობებშიც კი, ვითარების სტაბილიზაციისა და ინფიცირების შემთხვევების შემცირებისთვის, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა პირბადის ტარებას ენიჭება და აუცილებელია, ეს მაჩვენებელი დღეს არსებული 65 პროცენტიდან 90-95 -მდე გაიზარდოს, რაც მოქმედ შეზღუდვებთან ერთობლიობაში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს, კერძოდ აღინიშნა, რომ სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 878 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის 85 ფიზიკური პირი დააჯარიმა, მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 793 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
საქართველოს შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით, გასული 48 საათის განმავლობაში ზედამხედველობა განხორციელდა 382 ობიექტზე, მათ შორის, პირველადი ინსპექტირება განხორციელდა 340 ობიექტზე, საიდანაც 268 ობიექტზე, პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, გაიცა ზეპირსიტყვიერი/წერილობითი გაფრთხილება; განმეორებით გადამოწმდა 42 ობიექტი, საიდანაც 32 ობიექტი ფუნქციონირებდა წესების დაცვით, 7 ობიექტი არ ახორციელებდა საქმიანობას, ხოლო იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა 3 ობიექტი.
საბჭოზე ყურადღება დაეთმო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს როგორც ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური კუთხით. ამასთან, როგორც ცნობილია, გარდა პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს.
საბჭომ დეტალური ინფორმაცია მიიღო ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებულ ვითარებასა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით ხორციელდება. განსაკუთრებით აღინიშნა კლინიკური სასტუმროების მნიშვნელოვანი როლი, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალებით გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ჟანგბადის მიწოდება. აღინიშნა, რომ ბევრ კლინიკურ სასტუმროს, მართავენ კონკრეტული კლინიკები, რაც კიდევ უფრო უკეთ უზრუნველყოფს იქ გადაყვანილ პაციენტებზე მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.
2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება. მისივე თქმით, ანტიკრიზისული დახმარების შედეგად, ძალიან პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით. ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, წარმატებით გრძელდება და ერთი დღითაც არ შეფერხებულა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტები.
„დასრულების ფაზაშია ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოების პროგრამა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკვე თებერვლიდან პრაქტიკულად გავაუქმოთ ყველა შეზღუდვა საერთაშორისო ფრენებზე და ეს განახლებული ინფრასტრუქტურა უმასპინძლებს სტუმრებს და ასევე მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
საბჭომ განიხილა პანდემიის კუთხით გლობალურად არსებული ვითარებაც. კერძოდ, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მსოფლიოში უკვე 73 მილიონს მიუახლოვდა, მათ შორის, უკანასკნელ 24 საათში მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 700 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მსოფლიოში 1.6 მილიონს გადააჭარბა.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 191 063 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 161 681 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1839 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 986 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 2886, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6912 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.