ამბები
მოვაჭრეები მაღაზიების გახსნას ითხოვენ
ხატია იაშვილი 591 98 24 26 –
24 დეკემბერს მოიხსნა ქვეყნის მასშტაბით დაწესებული თითქმის ყველა რეგულაცია. გაიხსნა მოლები და სხვა სავაჭრო მაღაზიები. რეგულაციის შემსუბუქება არ შეეხო ბაზრობებს. ორი დღეა, ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობის მოვაჭრეები მაღაზიების გახსნას ითხოვენ და აქციებს მართავენ. მათი თქმით, ეს მიდგომა დისკრიმინაციულია.
ამბობენ, რომ შეზღუდვების გამო უკვე ერთი თვეა პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახერხებენ და შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები. ასევე, ვერ იხდიან საბანკო ვალდებულებებს. აცხადებენ, რომ რეგულაციებს დაიცავენ, თუ მათ მთავრობა მუშაობის უფლებას მისცემს.
,,მოვითხოვთ, იქნებ მთავრობამ მოგვაქციოს ყურადღება. ეს ერთი კვირაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. ვეცდებით, რომ დისტანცია დავიცვათ, დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნები, რასაც ჩვენგან ელიან. ახლა თუ ზამთრის საქონელი არ გავყიდეთ, მერე როდის ვივაჭრებთ?” – აცხადებს აქციის მონაწილე.
რაც შეეხება ბაზრობის ადმინისტრაციის პოზიციას, აქ აცხადებენ, რომ ხალხის ნაკადის კონტროლი გაუჭირდებათ.
,,მესმის მოიჯარეების გულისტიკივილი, მაგრამ ბაზრობაზე ვირუსით, სულ მცირე, 22 ადამიანია გარდაცვლილი. რთული სიტუაციაა. ამ ხალხს გვერდით ვუდგავარ, მაგრამ რეგულაციებს მარტო ადმინისტრაცია ვერ გააკონტროლებს. ბევრი რამ არის დამოკიდებული მოიჯარეებზეც. ამ თემაზე მთავრობაში საუბარი მიმდინარეობს, მარტო ადმინისტრაცია ამაზე პასუხიმგებლობას ვერ აიღებს”, – განაცხადა სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ზვიად მელიქაძემ.
აღსანიშნავია, რომ ე.წ ხოფის ბაზრობა უკვე ერთი თვეა დაკეტილია.
საპროტესტო აქციას მართავენ ბათუმში ყოფილი უნივერსამის მოვაჭრეებიც. დღეს, დილით მაკონტროლებელმა ორგანოებმა შენობას ბოქლომი დაადეს. მოვაჭრეები მაღაზიების გახსნას ვეღარ ახერხებენ, მიზეზი კი წესების არ ან ვერ დაცვაა.
შპს ,,დი-ენ -შოპში’’ 200-მდე დასაქმებულია. მათი თქმით, სავაჭრო ცენტრი გუშინ მუშაობდა, არ იყო ხალხმრავლობა და ისინი წესებს ზედმიწევნით იცავდნენ.
,,სკოლის დაწყების დროსაც და ახლაც, საახალწლოდ, დაგვკეტეს. ერთის მაგივრად, ორი პირბადით დავდივარ, ყველანაირი სადეზინფექციო ხსნარი გვაქვს, გეკითხებით, კიდევ რა გავაკეთოთ? სესხი მაქვს აღებული. გუშინ გაიხსნა და დღეს დილით დახურეს. ობიექტს შემოსასვლელიც და გასასვლელიც თავისუფალი აქვს. ამ მხრივ პრობლემა არ შეიქმნება. ყველაზე ცოტა ხალხი უნივერსამში მოძრაობს იმიტომ, რომ ჩვენ აღარ გვაქვს კარგი მუშაობა და ვაჭრობა, ” – აცხადებენ დასაქმებულები.
თავად ობიექტის მფლობელიც ამბობს, რომ შენობაში გუშინ ხალხმრავლობა არ ყოფილა და არც ის იცის, კონკრეტულად რა გახდა სავაჭრო ცენტრის დაკეტვის მიზეზი. უნივერსამის შენობაში დახლები პატარა ბარიერებითაა ერთმანეთისგან გაყოფილი. ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ სწორედ ეს გახდა აკრძალვის მიზეზი. ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ მიიღო.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოლებმა მუშაობა 24 დეკემბერს განაახლეს. მათ მკაცრი წესების დაცვა უწევთ. 20 კვ მეტრზე დასაშვებია მხოლოდ ერთი ადამიანის შესვლა.
ახალ წლამდე სამუშაოს გაგრძლების ნებართვას ითხოვენ ასევე წერეთლის ქუჩაზე, ქაფშიით მოვაჭრეები. ამბობენ, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და მერიას დარჩენილი პროდუქციის რეალიზების უფლებას სთხოვენ. ირწმუნებიან, რომ მომავალი წლიდან აკრძალვას დაემორჩილებიან და ბაზარში გადაინაცვლებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც აცხადებენ, გზას გადაკეტავენ და აქციებს მოაწყობენ.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში საახალწლო ბაზრობა, ტრადიციულად, გმირთა ხეივანში გაიხსნა. მოქალაქეებს ადგილზე ნაძვის ხეების, ჩიჩილაკებისა და საახალწლო აქსესუარების შეძენა შეუძლიათ. ცნობისთვის: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტებს ამოწმებს. უწყების ცნობით, რეალიზატორები ვალდებულნი არიან, იქონიონ გასაყიდად გამოტანილი ხე-მცენარეების წარმომავლობის ცნობა.
სულ ნანახია
495
დღეს ნანახია
1