2020 წლის პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ლაშა ხომერიკი 593 50 82 69 –
წლის ბოლოს ყველა უნდა ეცადოს, შეაჯამოს განვლილი პერიოდი, გადახედოს მოვლენებს და პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ობიექტურად შეაფასოს ეს წელი. განვლილ ერთ წელიწადში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი შიდა და საგარეო პოლიტიკური მოვლენა,უპირველეს ყოვლისა, საშინაო პოლიტიკაში აღსანიშნავია არჩევნები, საგარეო კუთხით – ომი ყარაბახში და ცხადია, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა ეს ყოველივე დაჩრდილა ახალმა კორონავირუსმა, რომელმაც მთელი მსოფლიო თავდაყირა დააყენა. . . ეს წელი უაღრესად დრამატული, მნიშვნელოვანი იყო, როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ რთული პროცესები ვითარდებოდა, რომლის დამაგვირგვინებელი იყო საპარლამენტო არჩევნები, მან ყველაზე კარგად აჩვენა წლის განმავლობაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების განვითარების კანონზომიერება. მანამდე მოხდა ისტორიული შეთანხმება ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც 8 მარტს გაფორმდა, შედეგად არჩევნები, ფაქტობრივად, პროპორციული სისტემით (120-30) ჩატარდა, ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარია ქვეყნის დემოკრატიულობის კუთხით, რაშიც დიდი წვლილი ფასილიტატორებს მიუძღვით. პარტიებმა ვერ მოასწრეს ამ სიახლის სრულად გამოყენება, მიზეზი პანდემია იყო, ახალმა კორანავირუსმა შეცვალა არა მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრების წესი და რიტმი, არამედ პლანეტის პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა, სახელმწიფოები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. . . ზოგადად, ამ ერთი წლის განმავლობაში საზოგადოებამ და თითოეულმა ჩვენგანმა გავაცნობიერეთ, რომ მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორიც ახალ კორონავირუსამდე იყო. ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ჩინეთი, დიდ ძალისხმევას მიმართავენ მასთან საბრძოლველად, ვირუსის გავრცელების პირველი ტალღა ამ ქვეყნებისთვის სავალალო აღმოჩნდა, ისინი მოუმზადებელი აღმოჩნდნენ, და შედეგიც კატასტროფულია – ასიათასობით დაღუპული, მილიონობით იფინცირებული. მართალია, პანდემიის პირველ შემოტევას ჩვენი ქვეყანა ღირსეულად გაუმკლავდა, მაგრამ მეორე ტალღამ ჩვენს ქვეყანასაც მიაყენა მნიშვნელოვანი დარტყმა და ეს არცაა გასაკვირი, თვით ისეთი ზესახელმწიფოები, როგორებიც აშშ და რუსეთია, ვერ უმკვლავდებიან ახალ კორონავირუსს.
ბევრი მოსაზრება გამოითქვა ამ ვირუსის გაჩენასთან დაკავშირებით. ზოგი ფიქრობს, რომ იგი ხელოვნურად გაჩნდა და ამაში ჩინეთის ხელს ხედავს, ზოგიც აშშ-სადანაშაულებს, ზოგი – მასონებს. ასე თუ ისე, ერთი რამ ცხადია, პანდემია უდიდეს საფრთხეებს ქმნის და მასთან საბრძოლველად ძალები არ უნდა დავიშუროთ. ჯერჯერობით იგი უკან არ იხევს, თუმცა ამ საქმის სპეციალისტები გვაიმედებენ, რომ ვაქცინა შეაფერხებს ახალი კორონავირუსის გავრცელებას და საბოლოოდ, კიდეც დაამარცხებს, იმედი ვიქონიოთ, რომ ასეც მოხდება.
როგორც ცნობილია, კორონავირუსის მეორე ტალღამდე ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან.ისინი ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ, უნდა ითქვას, რომ ეს არჩევნები, სხვა არჩევნებისგან განსხვავებით (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ექსცესს), ნორმალურ გარემოში ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, საარჩევნო ბარიერი ცხრა პარტიამ გადალახა, მმართველმა პარტიამ მესამეჯერ გაიმარჯვა არჩევნებში, ანუ დარჩა ხელისუფლებაში, მანამდე ასეთი რამ არ მომხდარა, მან ხმების 48 პროცენტი მიიღო, გაერთიანებულმა ოპოზიციამ – 28 პროცენტი, პარლამენტში, ასევე, მოხვდნენ „ევროპული საქართველო”, „სტრატეგია აღმაშენებელი”, ” გირჩი”, „პატრიოტთა ალიანსი”, „მოქალაქეები”, და „ლეიბორისტები”. . . თუმცა მათ უარი თქვეს მანდატებზე. მიზეზი, მათი აზრით, არჩევნების ტოტალური გაყალბებაა, რასაც არ ეთანხმება მმართველი პარტია და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ, საჭირბოროტო საკითხებზე საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობისკენ მოუწოდებს. ჯერჯერობით ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, საპროტესტო მიტინგებიც გამართა, დემონსტრაციებიც, თუმცა სასურველ შედეგს (ხელისუფლებაზე ზეწოლის კუთხით) ვერ მიაღწია, რასაც თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს, როგორც ჩანს, მოსახლეობა, ერთი მხრივ, დაიღალა პოლიტიკოსთა კინკლაობით, და მეორე მხრივ, ვერც ოპოზიციაში ხედავს სასურველ ძალას, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, აუცილებელია პოლიტელიტის განახლება. ეს ეხება ქვეყნის მთელ პოლიტიკურ სპექტრს. ცხადია, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს აკვირდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც მხარეებს ურთიერთშეთანხმებისკენ მოუწოდებენ. ამ მხრივ ფასილიტატორები ( საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი და აშშ-ის ელჩი) დიალოგს მართავენ მხარეებთან, მოუწოდბენ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ, თუმცა კომპრომისი ჯერ მიღწეული არ არის, რაშიც ზოგიერთი პოლიტიკოსი მმართველ გუნდს ადანაშაულებს, ზოგი კი ოპოზიციას. ამ უკანასკნელში უკვე შეინიშნება განხეთქილება. მაგალითად, „მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ შეთანხმებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ხელს უშლის „ევროპული საქართველო” და პარლამენტში ვერმოხვედრილი პარტიები, რომლებიც აშანტაჟებენ დანარჩენ პარტიებს, რასაც არ ეთანხმებიან ზემოაღნიშნული პარტიების წარმომადგენლები. მათი აზრით, ალეკო ელისაშვილი მიზეზს ეძებს პარლამენტში შესასვლელად, „ევროპული საქართველო“ დატოვა ელენე ხოშტარიამ, გრიგოლ ვაშაძემ კი „ნაცმოძრაობის” ლიდერის პოსტი. მისი თქმით,
ამ პარტიისგან განსხვავებული ხედვები აქვს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. „ნაცმოძრაობის” ახალი ლიდერი ნიკა მელია გახდა, რომელიც ახლებური წესით აირჩიეს. ის, მომხრეებს პარტიის განახლებას ჰპირდება. მართლაც განახლდება პარტია თუ შიდა დაპირისპირება მოხდება, ამას მომავალი გვიჩვენებს, სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, რომ დაიშალა „გირჩი”. ზურა ჯაფარიძემ კიდევ ერთი პარტია „ახალი გირჩი” დააფუძნა, რომელიც, მისი თქმით, მეტ თავისუფლებას და დემოკრატიულობას მოუტანს მოსახლეობას, ის პოლიტიკაში ახალი სახეების მოყვანას აპირებს. მისივე აზრით, ქვეყანა დაჭაობებული პოლიტიკოსებისგან უნდა გაიწმინდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ მოჯადოებულ წრეზე ვივლით, ანუ თავს ვერ დავაღწევთ საბჭოთა წარსულის გავლენას.
გვერდს ვერ ავუვლით ჩვენს სამეზობლოში განვითარებულ მოვლენებს, რაშიც რუსეთი ირიბად მონაწილეობდა, სექტემბრის მიწურულს ყარაბახში განახლდა ომი, რომელსაც დიდი მსხვერპლი – ათასობით გარდაცვლილი მოჰყვა, აზერბაიჯანმა, ფაქტობრივად, ყარაბახის ტერიტორიის 80 პროცენტი დაისაკუთრა, მას გარკვეულწილად, თურქეთი ეხმარებოდა, რუსეთმა კი ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა, რასაც სომხეთის დამარცხება და აზერბაიჯანის გამარჯვება მოჰყვა, ამ ყველაფრით რუსეთმა ისარგებლა, ერთი მხრივ, ყარაბახში თავისი ჯარი განალაგა, მეორე მხრივ კი სომხეთის დასავლური კურსი შეაფერხა რამდენიმე წლით მაინც.
წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რა თქმა უნდა, იყო, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები. დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა ჯო ბაიდენმა, რომელიც მოკავშირეებს დახმარებას, ნატოს გაძლიერებას და რუსეთთან ხისტი პოლიტიკის გატარებას ჰპირდება. გარდა ამისა, ანტიდემოკრატიულ რეჟიმებთან უკომპრომისო ბრძოლას აპირებს. სწორედ ამასთან დაკავშირებით აცხადებენ ქართველი ანალიტიკოსები, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რათა ჩვენმა მოკავშირეებმა, თუნდაც ნატოში გაერთიანების თვალსაზრისით, წუნი ვერ მოგვიძებნონ. ცხადია, დასავლელი პარტნიორები ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ჯერჯერობით, როგორც ვთქვით, პარლამენტი ერთპარტიულია, რაც ქვეყნის იმიჯს აზიანებს საერთაშორისო არენაზე. ექსპერტები აცხადებენ, რომ ორივე მხარემ ურთიერთკომპრომისს უნდა მიაღწიოს, ეს საჭიროა სახელმწიფოს სტაბილურობისთვის, კეთილდღეობისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდება მთელი ქვეყანა, რაც უთუოდ უნდა გაითვალისწინონ როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წევრებმა. ქვეყანას ყველაზე მეტად დღეს სჭირდება ეკონომიკური აღმავლობა, თუ ეკონომიკური განვითარების ტემპები არ დაჩქარდა, სახელმწიფო დაზარალდება. ამიტომ ხელისუფლებამ მეტი უნდა გააკეთოს ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად, უფრო უნდა შეუწყოს ხელი ეკონომიკური დარგების განვითარებას, არ შეიძლება მთავარი აქცენტი მხოლოდ მომსახურების სფეროზე გაკეთდეს, ანუ ქვეყანა თავად უნდა გახდეს პროდუქციის მწარმოებელი და მისი მსოფლიო ბაზარზე გამტანი. მხოლოდ მსგავსი პროცესების განვითარების შემდეგ იქნება შესაძლებელი საქართველოს ეკონომიკურად გაძლიერება -განვითარება,გამკლავება გამოწვევებთან, რომელიც ქვეყნის წინაშე დადგება. ახალს არაფერს ვიტყვი, თუ აღვნიშნავ, რომ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანასთან ყველა მოინდომებს მეგობრობასა და თანამშრომლობას. სწორედ ამ კუთხით უნდა იღვაწონ ჩვენმა პოლიტიკოსებმა და მომდევნო, 2021 წელს ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგან, რათა საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გახადონ პოლიტიკურად სტაბილური, დემოკრატიული, სამართლიანი, ეკონომიკურად ძლიერი და აყვავებული ქვეყანა.