ადგილი, სადაც ახალგაზრდების პიროვნულ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნავენ
ნათია იმნაიშვილი 27 48 93 –
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი ის ადგილია, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ მათთვის საინტერესო მრავალმხრივი ინფორმაციის მიღება და იმ უნარების შეძენა, რაც საჭიროა მათი პიროვნული განვითარებისთვის. მიუხედავად პანდემიისა, ცენტრი აქტიურად მართავს ღონისძიებებს და ახორციელებს პროექტებს. მართალია, ეს ყველაფერი ისევ დისტანციურ რეჟიმშია, თუმცა მონაწილეთა რაოდენობა არ იკლებს. ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ ვრცლად ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელი ნატა ხინკილაძე გვესაუბრა.
–ქალბატონო ნატა, როგორც ვიცით, ისევ დისტანციურ რეჟიმში საქმიანობთ. ამ ეტაპზე, ძირითადად, რა ტიპის ღონისძიებები იმართება ცენტრში ?
–უკვე მეორე წელია, როგორც ალბათ ყველა, ჩვენც გამოწვევის წინაშე დავდექით, თუმცა მოხარულები ვართ, რომ ეს გამოწვევა ახალგაზრდებთან ერთად ახალ შესაძლებლობად ვაქციეთ. ცენტრი შერეულ ფორმატში საქმიანობს, მაგალითად, ახალგაზრდები ტრენინგებს გადიან ონლაინ, ხოლო შემაჯამებელ ღონისძიებას ვატარებთ ღია ცის ქვეშ. ვაკეთებთ ვიქტორინებს, ჩემპიონატებს და ვაჯილდოებთ საპრიზო ადგილებზე გასულ ახალგაზრდებს. აგვისტოში ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ინტელექტუალური თამაშიც ჩავატარეთ. ყველა ღონისძიებაზე, რომელიც ჩვეულებრივ ფორმატში ჩატარდა, მონაწილეებმა წარმოადგინეს ე.წ. სწრაფი ტესტის პასუხები. რაღა თქმა უნდა, ღონისძიებებს არ ჩაუვლია პირბადეების გარეშე, გავითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია და დავიცავით დაწესებული რეგულაციები.
–ტრენინგკურსი „თხრობის ხელოვნება“ – რას ითვალისწინებდა პროექტი მონაწილეებისთვის?
-აღნიშნული ტრენინგკურსი მოიცავდა საჯაროდ გამოსვლის, აუდიტორიის წინაშე წარდგომის წესების გაცნობას, თხრობის ტექნიკის საფუძვლების დაუფლებას, პრაქტიკულ დავალებებსა და მასტერკლასს, რომელიც ონლაინფორმატში, საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, კურსის დასკვნით ნაწილში კი ახალგაზრდებმა სპეციალისტის მიერ გაცემული მითითებებისა და რეკომენდაციების მიხედვით, პრაქტიკული დავალებები მოამზადეს და თანატოლებს მათი ცხოვრებიდან შთამბეჭდავი, დასამახსოვრებელი ამბები და თავგადასავლები გაუზიარეს. ტრენინგკურსს უძღვებოდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მთარგმნელთა კლუბისა და საერთაშორისო მწერალთა ასოციაციის წევრი, გამომცემლობა „ტალანტარეს“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ ნიკურაძე-აროშიძე. ონლაინკურსში „თხრობის ხელოვნება“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ჯამში, მონაწილეებს 600 ლარის ღირებულების ვაუჩერები გადაეცათ საჩუქრად.
–რა იყო მისი მთავარი მიზანი და ფუნქცია ?
– ასეთი პროექტები, ზემოაღნიშნულთან ერთად, ხელს უწყობს ახალგაზრდების ადაპტირებას და მეტ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ნიშანდობლივია, რომ ამ პროექტმა, ასევე, უკეთ გაგვაცნო ახალგაზრდების შინაგანი სამყარო, მათი საჭიროებები და მიზნები, რამეთუ დასკვნით ნაწილში მათ საკუთარი სურვილით, თანატოლებს და ჩვენ გაგვიზიარეს ამბები თავიანთი ცხოვრებიდან, სასიხარულოც და სევდიანიც. აქედან გამომდინარე და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ღონისძიებების დაგეგმვისას, ჩვენ მათ საჭიროებებს აუცილებლად გავითვალსიწინებთ.
–ახლა მიმდინარეობს ფოტოკონკურსი „მე ასე ვიცავ ჯანსაღი ცხოვრების წესს“. მის შესახებ რას გვეტყვით?
– „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია “, რომელიც 2020-2030 წლებისთვის შემუშავდა და ქვეყნის პარლამენტის დადგენილებით დამტკიცდა, ითვალისწინებს ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვასა და კეთილდღეობის ხელშეწყობას. ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ხშირად იმართება ღონისძიებები, რომლებიც ახალგაზრდების ჯანმრთელი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ესენია: მარათონები, ლაშქრობები, შეჯიბრებები, ტრენინგები, ფლეშმობები. აღნიშნული ფოტო და ვიდეოკონკურსიც სწორედ ერთ-ერთი მათგანია. კონკურსის ფარგლებში, ახალგაზრდები წარმოადგენენ ჯანსაღი ცხოვრების წესის ამსახველ ვიდეორგოლებსა და ფოტოებს, სოციალურ ქსელში დაგროვილი რეაქციებისა და გაზიარების რაოდენობის მიხედვით კი გამოვლინდებიან საპრიზო ადგილებზე გასული ახალგაზრდები. ისინი სპორტული მაღაზიის ვაუჩერებით წახალისდებიან.
–ალბათ, პანდემიის ფონზე, როცა ძირითად დროს სახლში ვატარებთ, ამგვარი აქტივობები მნიშვნელოვანიც არის.
-მართალია, პანდემიის ფონზე ახალგაზრდების აქტივობებში ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ უკვე ვიცით, ისინი ამ სიტუაციაში რა გამოწვევების წინაშე დგანან, რა ახარებთ, რა სურთ, რას განიცდიან, ამიტომ აქტივობებსაც, შეძლებისამებრ, მათთან ყოველდღიური კონტაქტის საფუძველზე ვგეგმავთ.
–რამდენად აქტიურად არიან ახალგაზრდები ჩართულები?
-აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების ჩართულობა არ შემცირებულა, პირიქით, გაიზარდა. ისინი რეგულაციების კვალდაკვალ, ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობენ.
–რომელია უახლოესი აქტივობა, რომელსაც ცენტრი განახორციელებს?
– სულ მალე ვგეგმავთ (გარდა დისტანციური ღონისძიებებისა) პროექტს „ახალგაზრდული ვარსკვლავი“, რომელიც მოიცავს გუნდურ შეჯიბრებებს სხვადასხვა მიმართულებით. ესენია: სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო, სახალისო და შემოქმედებითი აქტივობები, თუმცა დაწყების თარიღი კორონავირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებზეა დამოკიდებული. ჩვენთვის უმთავრესია, ახალგაზრდების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
–ახალი სასწავლო წელი იწყება, მოზარდების მომართვიანობა როგორია?
–საკმაოდ მაღალი. ახალგაზრდობის ცენტრში ფუნქციონირებს დებატკლუბი, მოხალისეთა და ლიტერატურული, ასევე ინტელექტკლუბი, ეკო, არტ და კინოკლუბები. წლის დასაწყისში, როდესაც კლუბებში რეგისტრაცია გამოვაცხადეთ, თითოეულში 90-მდე ახალგაზრდა გაწევრიანდა, მას შემდეგ ახალგაზრდების დაინტერესება და ჩართულობა კვლავ გრძელდება.
–როგორ ხვდებიან თქვენთან მსურველები, რა არის ამისთვის საჭირო?
-ახალგაზრდობის ცენტრში გაწევრიანება მარტივია. ამისათვის საჭიროა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდამ შეავსოს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გასაწევრიანებელი ბლანკი. ეს შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე ახალგაზრდობის ცენტრში მისამართზე: ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა #25.
–დაბოლოს, ხელვაჩაურის ახალგაზრდებს რომ მიმართოთ, რატომ უნდა შემოუერთდნენ ისინი თქვენს ცენტრს?
-ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი, როგორც ახალგაზრდები ამბობენ, არის მათი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საგანმანათლებლო სივრცე. აქ აქვთ შესაძლებლობა იმისა, რომ დრო ნაყოფიერად დახარჯონ, გაეცნონ სიახლეებს, შეიძინონ ახალი მეგობრები, ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში, ასევე, მათთვის საინტერესო სფეროებში გამოიმუშავონ საჭირო უნარები და გასართობ-შემოქმედებით ღონისძიებებში შეუზღუდავად მიიღონ მონაწილეობა. მოვუწოდებ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, გაწევრიანდით ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, ჩვენთან ერთად დაგეგმეთ და განახორციელეთ აქტივობები, იყავით აქტიურები ახალგაზრდობის ცენტრთან ერთად!