ბათუმში მოზარდი გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
11 ივნისს ბათუმის ივანე ჯავახიშვილის #28-ში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს, რომ არასრულწლოვანი გოგონა (16 წლის ასაკს მიუღწეველი), რომელიც კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტა, თვითმკვლელობამდე მასზე სექსუალურმა ძალადობამ მიიყვანა. 16 წლის ასაკს მიუღწეველ გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წაუყენეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ვკითხულობთ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარი მიდასელი