აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა
მანანა ტაკიძე 27 48 93 –
2008 წლის აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულია. რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 15 წელი გავიდა, მაგრამ დღემდე მოუშუშებელ ჭრილობად რჩება ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს ომში 169 მეომარი დაიღუპა. რუსულ ინტერვენციას 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი ემსხვერპლა, დაიჭრა 1 747 ადამიანი, 150 ათასამდე მოქალაქე კი საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად იქცა.
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე, დაკარგული ტერიტორიების დეოკუპაციის პერსპექტივებსა და ომის წლისთავის 8 (და არა 7) აგვისტოს აღნიშვნის მართებულობაზე (რაც ბოლო დროს ხშირად არის განსჯის თემა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე გვესაუბრება.
-მას შემდეგ, რაც საქართველომ მყარად აირჩია ევროატლანტიკური კურსი, დაიწო ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა, ეკონომიკური წინსვლა, კორუფციასთან ეფექტური ბრძოლა. ყველას კარად გვახსოვს, რა ნაბიჯებით უპასუხა ამას რუსეთმა. იყო ემბარგო, ჩვენი თანამოქალაქეების დამამცირებელი გამოყრა რუსეთის ფედერაციიდან, აფეთქებები გაზსადენებზე და ა. შ. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი ქვეყანა კვლავ აგრძელებდა წინსვლას. ერთადერთი გზა, რაც რჩებოდა რუსეთს საქართველოს დამორჩილებისთვის, ეს იყო ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების წარმოება მის წინააღმდეგ, რაც პრაქტიკულად მოახერხა კიდეც 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში. ბუნებრივია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აფხაზეთის ომის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები იყო სამაჩაბლოს ომი. ჩვენმა ქვეყანამ აჩვენა, რომ მიუხედავად მსოფლიოში ყველაზე დიდი აგრესორის შემოტევისა, ქართველი ხალხი გმირულად აღუდგა მას, განსაკუთრებით კი ჩვენი ჯარისკაცები. ქართული ჯარის გმირული ბრძოლა რომ არა, დღეს ბათუმშიც და თბილისშიც იფრიალებდა რუსული დროშა. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო წელიწადნახევარში, როცა რუსეთმა უკრაინას პირდაპირ შეუტია და აპირებდა კიევის აღებას. მარტო ცხინვალის და სამაჩაბლოს ოკუპაციაზე არ არის საუბარი, პუტინი აპირებდა პირდაპირ თბილისში შემოჭრას. გმირების თავგანწირვამ და მთელი ქვეყნის ერთად დგომამ გადაგვარჩინა მაშინ.
რაც შეეხება თარიღებს 7 თუ 8 აგვისტო. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთელი რუსული პროპაგანდა დგას იმაზე, რომ თითქოს ქართული სახელმწიფო თავს დაესხა მძინარე ცხინვალს და რუსეთი თითქოს ამის შემდეგ მის დასაცად შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, ამ რუსულ პროპაგანდას ერთ ხმაში აჰყვება ხოლმე საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წამომადგენელიც. რეალურად, ომი დაიწყო საქართველოში რუსეთის შემოჭრით და ეს მოხდა არა 8 აგვისტოს, არამედ უფრო ადრე. ამიტომ უფრო სწორია ომის წლისთავის 7 აგვისტოს აღნიშვნა. აქ მხოლოდ ერთ დღეზე არ არის საუბარი, ყველა კარგად ვხვდებით, რომ ამას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს.
ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს მშვიდობიანად, არ იყოს სისხლისღვრა. ამისთვის საჭიროა მუხლჩაუხრელი შრომა, ევროპაში ინტეგრაციის კვალდაკვალ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ძლიერი სახელმწიფო. ამ ქვეყანაში ადამიანებს კეთილდღეობა და უსაფრთხოება ჰქონდეთ გარანტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მარტივად მისაღწევი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია. ყველაფერი პრდაპირ კავშირშია რუსეთ-უკრანის ომთან. ჩემი ღრმა რწმენით, რუსეთი აუცილებლად დამარცხდება უკრაინაში და დასუსტებულ რუსეთს საქართველოს ოკუპაციის ბერკეტები შედარებით ნაკლები ან სულაც აღარ დაჩება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რა მოხდება მსოფლიოში. დეოკუპაციის გზაზე ძალიან დაგვეხმარება ომში უკრაინის მაქსიმალურად მოკლე დროში გამარჯვება და ჩვენს ქვეყანაში ნორმალური ხელისუფლება, რომელიც გეგმაზომიერად აღადგენს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, – გვითხრა გიორგი კირთაძემ.
აგვისტოს ომის მოვლენები შეაფასა ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა, პარტია, „ხალხის ძალა“ წევრმა ნინო ცხვარაძემ.
-შეუძლებელია ტკივილის გარეშე გაიხსენო 2008 წლის აგვისტოს დღეები – უმძიმესი განსაცდელი, რომელმაც შედეგად ძირძველი ქართული ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია მოგვიტანა.
ჩვენმა სიცოცხლით სავსე ბიჭებმა ამ ომში აჩვენეს თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი. ნათელი მათ სულებს!
დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი, შეიძლება ითქვას უპირველესი ამოცანა და გამოწვევა არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დეოკუპაცია. ამ ამოცანის გადაწყვეტა კი შეუძლებელია დიალოგის და დიპლომატიის გარეშე. ამ საკითხში არ უნდა იყოს კლიშეები, ,,მტერია და არ დაველაპარაკები“, ეს შედეგს არ მოგვიტანს. ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველას უნდა ველაპარაკოთ და ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ მიზნის მისაღწევად. დღეს ძალიან კარგად ჩანს, რომ გარკვეულ ძალებს არ სურთ, ჩვენმა ქვეყანამ დაიწყოს დიალოგი ამ თემაზე. ამიტომ მიდის ასეთი გაშმაგებული პროპაგანდა ,,არა რუსულ კანონს“. ეშინიათ, რომ ეს დიალოგი შედეგს გამოიღებს, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათ ინტერესებთან. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით დღეს ისეთი მოცემულობაა შექმნილი, რომ საქართველომ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოს, თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ როგორც ერი და ამასთანავე გარკვეულ ეკონომიკურ წარმატებას მივაღწიოთ. რუბიკონი უნდა გადავლახოთ, – აღნიშნა ნინო ცხვარაძემ.