მედვედევის სულისკვეთება აგვისტოს ომის მეთხუთმეტე წლისთავზეც უცვლელია
ნანა აბულაძე 27 48 95
– ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სწრაფად და მკაცრად დასაჯეს ნაციონალისტები ხუთ დღეში. ჩვენ მტრისგან დავიცავით ჩვენი ხალხი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა. მათ ახალ სახელმწიფოებს რუსეთის მხარდაჭერით განვითარების შესაძლებლობა მიეცათ, – ასეთი განცხადება რუსეთის ექსპრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთ-საქართველოს ომიდან მე-15 წლისთავზე გააკეთა და დასძინა, რომ რუსეთმა გადაჭრით უპასუხა ცხინვალზე მუხანათურ თავდასხმას. მედვედევის თქმით, 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის შეკვეთით მოქმედებდა და მიიღო ის პასუხი, რაც მიიღო.
– უტვინო სააკაშვილის უკან იდგა კოლექტიური დასავლეთი, რომელიც მაშინაც ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს. შეერთებულ შტატებსა და მის ვასალებს მაშინ აშკარად არ ჰქონდათ საკმარისი გამოცდილება. დღეს ისევ სხვისი ხელებით აწარმოებენ კრიმინალურ ომს და ცდილობენ, რომ რუსეთი აღიგავოს პირისაგან მიწისა. ნატოს მთელი სისტემა, პრაქტიკულად, ღიად იბრძვის ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანის გადასაჭრელად. როგორც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი მტრები განადგურდებიან და რუსეთი მშვიდობას თავისი პირობებით მიაღწევს. გამარჯვება ჩვენი იქნება, – განაცხადა მედვედევმა.
აგვისტოს ომთან დაკავშირებით წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც: -ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ვიცი რა ეს ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორც ვითარდებოდა მოვლენები, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა. ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.