რატომ ჩაფრინდა ვერტმფრენი შოვში მხოლოდ სამი საათის შემდეგ?
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ვერტმფრენის სტიქიის ადგილზე ჩაფრენის დროსთან დაკავშირებით ასეთ განცხადებას აკეთებს: შოვის სტიქიის შემდეგ ადგილზე ვერტმფრენი „სულ რაღაც 3 საათში იყო“.
დღეს ჟურნალისტებთან საუბარში პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სამაშველო სამსახურმა ყველა ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდა, შეასრულა. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, სხვა ქვეყნების დახმარება საჭირო არ იყო. მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა მას საგანგებოდ ჰკითხეს, დააგვიანა თუ არა ვერტმფრენმა დაზარალებულთა საშველად ადგილზე მისვლა, რაზეც მან ასე უპასუხა:
„3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, სამ საათში მივიდა ვერტმფრენი, სულ რაღაც სამ საათში. ერთი საათი უნდა ფრენას, შეტყობინების შემდეგ სჭირდება გადამოწმება, რა ტექნიკა არის საჭირო და ამის შემდეგ, არის მოსამზადებელი სამუშაო ტექნიკისთვის. ეს მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე, მას სჭირდება მომზადების პერიოდი და ზუსტად ამ პერიოდში, სულ რაღაც 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ. და ყველა ამოცანა, რომელიც დასახული იყო შესრულდა,“
პაპუაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში პირადად იმყოფებოდა სტიქიის ზონაში. იგი იხსენებს, რომ 2 დღეში მაშველებმა 210 ადამიანის უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოყვანა შეძლეს.
3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში მეხუთე დღეა სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ცნობილია 19 გარდაცვლილის შესახებ, კვლავ მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოებიც.