მამუკა მდინარაძე: საფრთხის აცილება შეუძლებელი იყო
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე შოვის ტრაგედიას ეხმაურება.
მისი თქმით, სპეკულაციები იმის შესახებ, რომ საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ადრეული გაფრთხილების სისტემის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის – წყლის დონის ცვლილება წყალმზომებს არ დაუფიქსირებია.
მდინარაძის განცხადებით, ადრეული გაფრთხილების ერთიანი სისტემა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, მათ შორის, ჰიდროლოგიურ კვლევებთან და კომპონენტებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარია წყლის მონიტორინგის სისტემა. ასეთი 200-მდე ობიექტია დამონტაჟებული, მათ შორის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში წყლის მონიტორინგის სისტემის – 20 ობიექტი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც შემდეგ ერთიანი გაფრთხილების სისტემას ანალიზის საშუალება უნდა მისცეს და შედეგს მოიტანს.
– იაპონია, ჩინეთი ტექნოლოგიური თვალსაზრისით არიან ზენიტში. ყველანაირი ტექნიკა აქვთ და შესაბამისად, ვიცით, რომ ისინი (დანაკარგის თვალსაზრისით) ძალიან დიდ პროცენტს ვერ იცილებენ თავიდან, ევაკუაციას ვერ ახერხებენ. ძალიან დიდი უბედურებები ხდება ყველგან, მათ შორის, ჩვენზე გაცილებით მაღალტექნოლოგიური მიღწევების ქვეყნებში. როცა თანდართვა ხდება რამდენიმე სტიქიური მოვლენის, შეუძლებელია ამის პროგნოზირება. წყლის კომპონენტთან დაკავშირებით თუ რაიმე კითხვის ნიშანი არ არის, ადრეული გაფრთხილების სისტემა მთელ საქართველოში, ყველა მდინარეზე რომ ყოფილიყო დაყენებული, ამ შემთხვევაში ვერ იმუშავებდა, რადგან გვაქვს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, წყლის მონიტორინგის სისტემაში წყალმზომებს არ დაუფიქსირებიათ მატება ან კლება. ეს მთავარი კომპონენტია და ამაში გავერკვიე ბოლო ორი დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც კითხვები გაჩნდა თქვენი მხრიდან. აღმოჩნდა, რომ რა სისტემაც არ უნდა ყოფილიყო დაყენებული, ამ კომპონენტში თუ ვერ დაფიქსირდებოდა რაიმე ცვლილება, ანალიზი შეუძლებელი იყო. შესაბამისად, რაიმე საფრთხის აცილება, ევაკუაცია ან რასაც თქვენ საუბრობთ და ატყუებთ საზოგადოებას, იყო შეუძლებელი, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.