მალე ექსპლუატაციაში 3 საბავშვო ბაღი შევა
ბათუმში, ქათამაძის ქუჩაზე ახალი, ორსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება. უკვე მოეწყო ეზო, განთავსდა საბავშვო ატრაქციონი და ფანჩატურები. ბაღი, რომელიც სრულად ადაპტირებულია, 270 აღსაზრდელზეა გათვლილია. მშენებლობისთვის 1 მილიონ 704 ათას 652 ლარი გამოიყო. საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე გაეცნენ.
როგორც არჩილ ჩიქოვანი ამბობს, წელს ბათუმში დაგეგმილია და მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 22 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია. აქედან 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები სრულდება ქათამაძის, ბაგრატიონისა და მეზღვაურთა ქუჩებზე. ბაღის ტერიტორიაზე ეწყობა სპორტული მოედნები და საბავშვო ატრაქციონები. სამივე ბაღი ექსპლუატაციაში უახლოეს პერიოდში შევა.
ბათუმის მერის განცხადებით, წელს და მომდევნო წლებში საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 24 მილიონ 300 ათასამდე ლარი დაიხარჯება.