როკბენდი „მარსისი“ – ბათუმში
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ჩვენს ქალაქში პოპულარული თურქული როკჯგუფი „მარსისი“ ჩამოვიდა. იგი ფესტივალის მოწვევითა და საქართველოს საერთაშორისო ინვენსტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის, ჩვენებურის, ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძის თანადგომით, ბათუმში პირველად იმყოფებოდა, თუმცა ჯგუფის სოლისტი, ლაზი კორჰან ოზილდიზი საქართველოში ორი წლის წინათაც ჩამოვიდა, როცა კავკასიის მუსიკალურმა ორგანიზაცია „ფენიქსმა“ მას სპეციალური პრიზი გადასცა.
ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართულ კონცერტზე როკჯგუფმა სიმღერები როგორც თურქულ, ისე ქართულ და ლაზურ ენებზე შეასრულა. მსმენელმა გულთბილად მიიღო ბენდის გამოსვლა, რომელმაც დარბაზთან კონტაქტი პირველივე ნომრიდან დაამყარა.
– ჩვენ თურქეთიდან ვართ, წარმოვადგენთ ჯგუფს, რომელიც შავი ზღვის როკმუსიკას უკრავს. ეს ჩვენი პირველი კონცერტია ბათუმში, საერთოდ, კავკასიაში. ლაზები და ქართველები ძმები ვართ, ამიტომ ჩვენთვის დღეს ბათუმში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ფესტივალზე საინტერესო პროგრამა ვიხილეთ. სასიამოვნოა, რომ ბათუმი ასეთ შესანიშნავ ღონისძიებას მასპინძლობს. იმედია, სამომავლოდ, უფრო მასშტაბურ ფარგლებში ვიურთიერთობებთ, – გვითხრა კორჰან ოზილდიზიმ.
– ბათუმის ფესტივალის ფარგლებში, თურქული ჯგუფის მონაწილეობით ძალიან საინტერესო კონცერტი გაიმართა. მათ იმღერეს როგორც თურქული, ისე ქართული და ლაზური სიმღერები, ეს არის როკჯგუფი, რომელიც ძალიან პოპულარულია თურქეთში და განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. მოხარულები ვართ, რომ ბათუმის ფესტივალმა შეძლო მათი მოწვევა, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.