მასწავლებლის ეროვნული პრემია მიულოცეს
მანანა ტაკიძე 27 48 93 –
27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს ყოველწლიურად მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით გადაეცემათ.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზები 11 ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა, მათ შორის ორი აჭარის მკვიდრია.
ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელ ვენერა აბუსელიძეს და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნაზიბროლა მიქელაძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი შეხვდნენ. მათ საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული მასწავლებლის ეროვნული პრემია მიულოცეს და დამსახურებულ პედაგოგებს თაობების აღზრდაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.