„პირველი ავტოგრაფი“ – გაიხსნა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
19 ნოემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ ოფიციალურად გაიხსნა. მისი ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი შემოქმედებითი ორგანიზაციაა ა(ა)იპ „არტ პორტალი“, ფესტივალის დირექტორია -მიხეილ გაბაიძე, სამხატვრო ხელმძღვანელი კი პეტრე ჩარგეიშვილი. ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერები არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია.
სპექტაკლებს უმასპინძლებენ: ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის „დიდი სცენა“ და „მცირე სცენა“, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი (ფესტივალის დახურვის ცერემონია).
ფესტივალის გამარჯვებულს კვალიფიციური ჟიური გამოავლენს: (რეჟისორი გია კიტია (თავმჯდომარე), მსახიობი ნანული სარაჯიშვილი, პოეტი ტარიელ ხარხელაური).
ფესტივალს ჰყავს სტატუსით „თანატოლი“ ჟიურის წევრი, სკოლის მოსწავლე, რომელიც თავისი შეხედულებისამებრ შეარჩევს გამარჯვებულს ნომინაციაში – „საინტერესო პერსონაჟი“ და ასევე, თავადვე მოიფიქრებს, რა იქნება პრიზი. გასული საფესტივალო წლების მსგავსად, ჟიურის აღნიშნული წევრი ირჩევს თავის შემცვლელს, მომავალი საფესტივალო წლისთვის.
ფესტივალის მედიამხარდამჭერებსა და პარტნიორებს შორისაა გაზეთი „აჭარა“.
– საყმაწვილო, სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“ წელს მესამედ იმართება. იგი 2021 წელს დაფუძნდა და მისი მთავარი სპონსორები გახლავთ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია. ფესტივალში ჩართულია აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები. გახსნის ცერემონიაზე მოწვეული გვყავდა დედაქალაქიდან გოგა პიპინაშვილის ხელოვნების საყმაწვილო ცენტრი ,,არტ ჰოლი“ სპექტაკლით „დიალოგი წარსულთან“. ეს წარმოდგენა კონკურსგარეშე იყო. 20 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით წარმოდგენები სხვადასხვა სივრცეში გაიმართება. ჟიური სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს, დახურვის ცერემონიალზე 26 რიცხვში გამოავლენს. ბევრი კარგი რამ მოიტანა ამ ფესტივალმა: ბავშვები თეატრში ჯგუფურად დადიან, აზრის, სითბოს გამოხატვას სწავლობენ, ტაშის კულტურას, მსახიობისთვის ყვავილის მირთმევას. . . ჩვენს თეატრს მათი სახით კარგი მაყურებელი ჰყავს. გვაქვს პატარ-პატარა „სიკეთეებიც“: ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა 7 ბავშვისთვის 100-ლარიანი ვაუჩერი დააწესა წიგნის მაღაზიაში, რომელსაც ლოტოტრონის პრინციპით გავათამაშებთ. ბოტანიკური ბაღი ყველა მონაწილე სკოლას მრავალწლიან ნარგავებს გადასცემს, რომლებსაც თავიანთ ეზოებში დარგავენ, ბათუმის დელფინარიუმი ყველა მონაწილეს 1000-მდე ბავშვს, დელფინების შოუზე ეპატიჟება. გვყავს მოხალისეები, რომლებიც საფესტივალო პროცესში არიან ჩართულები. ვფიქრობ, ერთად ბევრი კარგი რამ მოვახერხეთ, – გვითხრა მიხეილ გაბაიძემ.
– წელს 12 საფესტივალო სპექტაკლი გვაქვს. მასშტაბი ერთიორად გაიზარდა. პირველ წელს – 14, მეორე წელს – 25, წელს კი 40-დან 45-მდე განაცხადი მივიღეთ. თანდათან ფესტივალი შრომატევადი და უფრო საპასუხისმგებლო ხდება. ძალიან გვინდა, „პირველი ავტოგრაფი“ საერთაშორისო ფესტივალი გახდეს და ამის გამო, უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხს. არასაკონკურსო სპექტაკლები მთელი წლის განმავლობაში, სკოლის დასებთან შეთანხმებით, სხვადასხვა სივრცეში გაიმართება. მათთან ერთად განვიხილავთ, თუ სად ურჩევნიათ, ყველაფერს დავთმობთ ოღონდ იმუშაონ და კარგი შედეგი მივიღოთ, – გვითხრა პეტრე ჩარგეიშვილმა.
ხელოვნების საყმაწვილო ცენტრ ,,არტ ჰოლის“ სპექტაკლის დაწყებამდე მსახიობსა და რეჟისორ გოგა პიპინაშვილს ვკითხეთ, რას აძლევს ეს ყველაფერი ბავშვებს, მონაწილეებს და მაყურებელს.
– ამ კითხვაზე პასუხი სჯობს მშობლებმა გასცენ, ასევე, საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც ამ ფესტივალშია ჩართული. ყველამ თავისი თვალით უნდა ნახოს ის არაჩვეულებრივი შემოქმედება, ბავშვების ხალასი ნიჭიერება, რომელიც ამ ფესტივალი მეშვეობით წარმოჩინდება. შარშანდელ ფესტივალზე, სადაც ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდით, უამრავი აღმოჩენა გაკეთდა. იმედი, მაქვს, წელს ფესტივალი გაცილებით წარმატებული იქნება. ის ნელ-ნელა ძალას იკრებს და იმედია, უფრო ფართო მასშტაბებს დაიპყრობს, – გვითხრა გოგა პიპინაშვილმა.
სპექტაკლმა „დიალოგი წარსულთან“ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ბავშვებმა მხატვრული გახმოვანებით და არაჩვეულებრივი სამსახიობო ოსტატობით, ძველი ქართული ფილმებიდან და მულტფილმებიდან სხვადასხვა მონაკვეთი გააცოცხლეს. მესამე საფესტივალო წელს, ფესტივალის მთავარი პრიზი ნომინაციაში „დიდი ბავშვი“ მსახიობ გოგა პიპინაშვილს გადაეცა.