ვახტანგ გომელაური გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა
გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი ნენსი ფეზერი დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით პირველად ეწვია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დღეს მას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას.
გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე, ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა, ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც არალეგალური მიგრაციის, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციას. გარდა ამისა, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები, რომელიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა.