პრემიერი საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
19 დეკემბერს საჯარო მოხელის დღე აღინიშნება. ტრადიციას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი საჯარო სამსახურის ძირითადი მამოძრავებელი ძალის, პროფესიული საჯარო მოხელის მნიშვნელობის წარმოჩენაა.
„საჯარო მოხელეთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს და მადლობას ვუხდი მათ ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის“, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აღნიშნავს, რომ
საჯარო მოხელეებს დიდი წვლილი შეაქვთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, ეკონომიკურ წინსვლაში, სოციალური თუ საგარეო-პოლიტიკური მიმართულებებით პროგრესში.
„განსაკუთრებით ვაფასებ თქვენს შრომას, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გასწიეთ, რამაც უდიდესწილად განაპირობა ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარმატება – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება.
საქართველოს საჯარო სამსახურის ეფექტიანობას, თითოეული თქვენგანის ერთგულებას საჯარო მმართველობის ევროპული პრინციპებისა და ღირებულებებისადმი კვლავაც საკვანძო როლი აქვს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის, ევროპული სახელმწიფოს შენებაში. შემდგომ წარმატებებს გისურვებთ ჩვენი სამშობლოსა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.