ბრიფინგი – ,,ლელოს“ აჭარის ოფისში
რას ასახელებენ ხელვაჩაურის მერიაში დავით დევაძის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად
დღეს პარტია ,,ლელოს აჭარის ორგანიზაციის ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც პოლიტსაბჭოს წევრმა გენო თებიძემ აღნიშნა, რომ აჭარაში საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. მისი თქმით, „ლელოს“ აქტიურ წევრს და მხარდამჭერ დავით დევაძეს 45-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ხელვაჩაურის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. გათავისუფლების შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც 23 დეკემბერს იგი „ლელოს“ ყრილობაზე წავიდა. დევაძის თქმით, გათავისუფლების მიზეზად ფინანსური მდგომარეობა დასახელდა.
აღნიშნულ საკითხზე გავესაუბრეთ გენო თებიძეს:
– მმართველობის 11 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ ოპონენტების მხარდამჭერების პოლიტიკური ნიშნით დევნას განაგრძობს. ჩვენს მხარდამჭერსა და აქტიურ წევრ დავით დევაძეს 45-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ხელვაჩაურის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. დამსახურებული მწვრთნელი დავით დევაძე წლების განმავლობაში მუშაობდა სპორტის მასწავლებლად, ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საფეხბურთო გუნდს. მან აჭარაში არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღზარდა.
ამ ხნის განმავლობაში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და მადლობის სიგელი, იანვრიდან კი დავით დევაძეს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლამ თანამშრომლობაზე უარი უთხრა და ახალშენის საბავშვო საფეხბურთო გუნდი გააუქმა.
გვჯერა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი, შესაბამისად, ჩვენი წევრის უფლებების დასაცავად ვიბრძოლებთ სამართლებრივად, სარჩელი მზად გვაქვს და უახლოეს დღეებში მივმართავთ სასამართლოს.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „ლელოს“ მხარდამჭერებს საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ. 2021 წლის მარტში ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებიდან გაათავისუფლეს ზიმლარ ბერიძე, რომლის სასამართლო დავა ამ დრომდე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გაიმართა სასამართლო პროცესი და ხელოვნურად ჭიანურდება ჭეშმარიტების დადგენა, – გვითხრა გენო თებიძემ.
გაზეთ „აჭარასთან“ კომენტარი გააკეთა დავით დევაძემ:
– 23 დეკემბერს „ლელოს“ ყრილობაზე წავედი თბილისში. ალბათ ამის შემდეგ მიიღეს გათავისუფლების გადაწყევტილება. არასოდეს მიმიღია შენიშვნა და საყვედური. ხელშეკრულების მიზეზად დამისახელეს ფინანსური მდგომარეობა, თუმცა ჩემს ნაცვლად უკვე აიყვანეს სხვა მწვრთნელი. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს. 72 წლის კაცი ვარ, ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურები, ხელფასი მიზერული იყო, მაგრამ როცა საყვარელ საქმეს ემსახურები, ჯანსაღი ცხოვრებიც წესის დანერგვას უწყობ ხელს, ასე ხელაღებით გათავისუფლება გულსატკენია.
ჩვენ დავუკავშირდით ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ დავით დევაძის გათავისუფლების მიზეზი მისი მხრიდან შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევაა. რაც შეეხება აღნიშნული ბრიფინგის შეფასებას და იმას, თუ კონკრეტულად რა პირობების დარღვევაზეა საუბარი, პრესსამსახური კომენტარს არ აკეთებს.