18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
მუზეუმში ამირან კახიძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
By

მუზეუმში ამირან კახიძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დამაარსებელი, მსოფლიო მასშტაბით აღიარებული არქეოლოგი, ისტორიის დოქტორი, ბსუ-ის პროფესორ ემერიტუსი ამირან კახიძე გაიხსენეს, რომელსაც დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა.
შეხვედრაზე აჭარის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა თეონა ზოიძემ ამირან კახიძის სამეცნიერო მოღვაწეობაზე, მიღწევებზე, პედაგოგიურ საქმიანობასა და მის განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა
– შეგვიძლია ძალიან ბევრი რამ ვთქვათ ბატონ ამირანზე, როგორც არქეოლოგიის ფუძემდებელზე საქართველოში, არქეოლოგიური მუზეუმის დაამაარსებელზე. ვფიქრობ, ამ ტიპის ღონისძიებები კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას მის, როგორც ბუმბერაზი ადამიანის, მნიშვნელობას, ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან და ვფიქრობ, ბატონმა ამირანმა თავისი დიდი წვლილი შეიტანა როგორც სამუზეუმო საქმიანობაში, ასევე, არქეოლოგიის მიმართულებით, – აღნიშნა თეონა ზოიძემ.
ღონისძიებაზე შეკრებილებმა გაიხსენეს ამირან კახიძესთან დაკავშირებული პირადი ისტორიები, ხაზი გაუსვეს მის, როგორც პროფესორის, ღვაწლს აჭარის, საქართველოს და ზოგადად, მსოფლიო სამუზეუმო საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ სწორედ მას უკავშირდება საქართველოში არქეოლოგიის სკოლის შექმნა.
– უმნიშვნელოვანესია იმ ადამიანების გახსენება და პოპულარიზაცია, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის განვითარებასა და მსოფლიო არენაზე გატანაში. მადლობას ვუხდი ღონისძიების ორგანიზატორებს, თითოეულ სტუმარს მობრძანებისთვის, – თქვა ამირან კახიძის შვილმა ემზარ კახიძემ.
შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციის შემდეგ, შენობის სკვერში ამირან კახიძის ბრინჯაოს ბიუსტი დაიდგმება, რომელზეც ბათუმელმა მოქანდაკე დავით ბოლქვაძემ იმუშავა.
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, კოლეგები, მეგობრები, ოჯახის წევრები და სხვები ესწრებოდნენ. მათ კიდევ ერთხელ გადაავლეს თვალი ამირან კახიძის ფოტო და ვიდეომასალებს, რომლებიც სხვადასხვა დროსა და სივრცეში მის კვლევით საქმიანობას ასახავს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი, მსოფლიო დონის არქეოლოგი, მრავალი თაობის აღმზრდელი, არაერთი ექსპედიციის მონაწილე, ღირსების ორდენოსანი ამირან კახიძე 2023 წელს გარდაიცვალა.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ივნისი 10, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *