აბას არაღჩი რუსეთში ჩავიდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის განცხადებით, რუს კოლეგებთან განიხილავს ომის მიმდინარეობასა და სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
„ეს კარგი შესაძლებლობაა, რუს მეგობრებთან კონსულტაციები გავმართოთ ომთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე და ამჟამინდელ ვითარებაზე“, – განაცხადა არაღჩიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პაკისტანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
„ამერიკელების მიდგომამ და ზედმეტმა მოთხოვნებმა ის გამოიწვია, რომ წინა რაუნდში, პროგრესის მიუხედავად, შედეგს ვერ მივაღწიეთ“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ომანთან დაკავშირებით საუბრისას კი არაღჩიმ აღნიშნა, რომ ქვეყნები შეთანხმდნენ, ექსპერტების დონეზე კონსულტაციების გაგრძელებაზე სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველსაყოფად.
ცნობისთვის, აბას არაღჩი რუსეთში დღეს ჩავიდა. ის შეხვედრებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და კოლეგა სერგეი ლავროვთან.