აბიტურიენტებისა და მაგისტრანტებისთვის მნიშვნელოვანი ვადა იწურება
აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდა დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გახანგრძლივებული ვადის ფარგლებში, აბიტურიენტებმა მინიმუმ ერთი ჩასაბარებელი საგნის საფასური -10 ლარი უნდა გადაიხადონ, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებმა – 50-ლარიანი სარეგისტრაციო თანხა.
საფასურის გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ონლაინ და მობილური პლატფორმებით, ასევე თვითმომსახურების ტერმინალების მეშვეობით.
„სარეგისტრაციო საფასურის გადახდა წარმოადგენს სავალდებულო ეტაპს, რომლის გარეშე შეუძლებელია რეგისტრაციის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობის მიღება.
ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია 6 აპრილიდან მიმდინარეობს და საბოლოოდ, 11 მაისის 18:00 საათზე დასრულდება. აღნიშნულ პერიოდამდე კანდიდატებს მონაცემების გადამოწმება, არჩევანის დაზუსტება, ასევე, საგამოცდო ქალაქისა და სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების მითითება ან ცვლილება შეუძლიათ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აპლიკანტებს, რეგისტრაციისთვის ყველა აუცილებელი მოქმედების შესრულება განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყონ“, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.