აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევისა და მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საუბრი შეეხო
მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტს, ასევე, გასულ წელს მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტს აზერბაიჯანში და სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრას.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ ვიზიტებმა ხელი შეუწყო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. მარიამ ქვრივიშვილმა ილჰამ ალიევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისგან მოკითხვა გადასცა.
„შეხვედრის დროს მხარეები მიესალმენ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების წარმატებით განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პრინციპებზე დაყრდნობით. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ ერთობლივად განხორციელებული ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საუბრის დროს მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი ვიზიტების როლს სხვადასხვა დონეზე ურთიერთობების განვითარებაში. მათ, ასევე, გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო ბრუნვის გაზრდის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, ინვესტიციებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების შესახებ.