ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში წამლობა ტარდება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, ქალაქ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ მორიგი სამუშაოები განახორციელა. წამლობა მავნებლის გავრცელების კერებში, ბიოლოგიური ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis) გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა.
ღონისძიებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ქალაქ ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. სამუშაოების მიმდინარეობას აჭარის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე გაეცნო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის დავით ქავთარაძის განცხადებით, სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო წამლობას, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გააგრძელებს.
უწყების ინფორმაციით, მავნებელი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფიქსირდება. სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამერიკული თეთრი პეპლის (Hyphantria cunea) საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებს (მონიტორინგი, მცენარეული საფარის დამუშავება) სისტემატურად ახორციელებს. წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე დამუშავებულია 4000-მდე ჰექტარი ფართობი.
სააგენტოს მიერ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ამერიკული თეთრი პეპლის პოპულაციის გავრცელების არეალი მინიმუმამდეა შემცირებული და გვხდება მხოლოდ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში ცალკეულ ხეებზე.
მავნებლის ლოკალიზაციისა და ეფექტიანი ლიკვიდაციისთვის, აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, საკუთრებაში არსებულ ფართობებზე განახორციელონ ბრძოლის მექანიკური ღონისძიებები: აგროტექნიკური წესების დაცვით, მექანიკური გზით მოჭრან მავნებლით დაზიანებული ტოტები და მავნებლის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ დაწვან მოჭრილი მასა.