ანაკლიის პორტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ანალიზი
By

ანაკლიის პორტის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ანალიზი

მზად ვართ, ვესაუბროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველვყოთ ანაკლიის პორტის ამოქმედებაახალი მოდელით უზრუნველყოფილი იქნება როგორც ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, ასევე ტვირთების მაქსიმალურად ეფექტურად მოზიდვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სინგაპურში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ოპტიმალური მოდელი, რომელიც შემოგვთავაზა ეკონომიკის სამინისტრომ და დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.

ანაკლიის პორტის თაობაზე დებატები საკმაოდ დაძაბულ სახეს იღებს. ქართული საზოგადოება და ექსპერტები აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის ირგვლივ. ამ საკითხზე გთავაზობთ ანალიტიკოს ლადო სადღობელაშვილის და „ქართული დასის“ ლიდერ ჯონდი ბაღათურიას თვალსაზრისს.

„ანაკლიის პორტის ირგვლივ მიმდინარე „მოვლენები“ საკმაოდ საგანგაშო ფაზაში შედის. აგენტურის ნაწილის მიერ შემოთავაზებული „ახალი ხედვები“ სერიოზულ კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ ვის ინტერესებს ემსახურებიან ისინი სინამდვილეში“, – წერს ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში, რითაც „ლელოს“ წევრ გრიგოლ გეგელიას განცხადებას ეხმაურება. კერძოდ, გეგელიამ აღნიშნა, რომ მათი პარტიის წინადადებაა, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს.

ლადო სადღობელაშვილის თქმით, საზოგადოებამ ნათლად უნდა დაინახოს და შეაფასოს ეს ანტიქართული და მანქურთული ხედვა: ვინ აშენებს დამოუკიდებელ, ძლიერ ქართულ პორტს და ვინ ცდილობს მის გასხვისებასა და სხვისი გავლენების ქვეშ მოქცევას.

„გრიგოლ გეგელიას ბოლო განცხადება პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ქართული სტრატეგიული აქტივების დაცვის ნაცვლად, დღის წესრიგში ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კარიბჭის სხვებისთვის განაწილება დგება (წარმოგიდგენიათ, იგივე რომ განაცხადოს აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერმა ნავთობის ჭაბურღილზე?). პორტის განვითარების ორი სრულიად რადიკალური ვერსია იკვეთება, სადაც ნათლად ჩანს, ვინ ზრუნავს ქვეყნის სუვერენიტეტზე და ვინ ცდილობს მის დასუსტებას:
ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ანაკლიის ნავსადგური შენდება „ლენდლორდის“ (Landlord) მოდელით. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო რჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის ერთპიროვნულ მესაკუთრედ. პორტი არის და იქნება ქართული, ხოლო საერთაშორისო კომპანიები მხოლოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში ჩაერთვებიან, რაც მფლობელობასთან არანაირ კავშირში არ არის. ეს ეროვნული მიდგომაა…
ხაზარაძის გოშიების ალტერნატივა შემდეგია: ანაკლიის პორტი გახდეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტი, სადაც შეიქმნება „კავკასიური კონსორციუმი“, ხოლო მართვა სრულად გადაეცემა უცხოურ ოპერატორს. ჩვენი საკუთრება რატომღაც უნდა გადავცეთ სხვა ქვეყანას?!
ეს მიდგომა საეჭვოდ ემთხვევა ამ პოლიტიკური ჯგუფის ძველ ხელწერას. მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური თანაგუნდელებისგან სხვა რას უნდა ველოდოთ? ეს სწორედ ის ძალაა, რომლის წარსულ საქმიანობასა და მემკვიდრეობას უკავშირდება ქართული სიმბოლოსა და უნიკალური ეროვნული სიმდიდრის, მინერალური წყალი „ბორჯომის“ სხვა ქვეყნის ხელში აღმოჩენა.
დღეს კი, იგივე ჯგუფის წარმომადგენლები გვთავაზობენ, რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მეზობელ სახელმწიფოებსა და უცხოურ კომპანიებს გადავცეთ.
რატომ უნდა ვუწილადოთ სხვა ქვეყნებს პროექტი, რომელიც მხოლოდ საქართველოს სუვერენულ ინტერესებს, ჩვენს ეკონომიკურ გაძლიერებას და ქართველი ხალხის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს?!
ეს არ არის „მშვიდობის ეკონომიკა“. ეს არის საკუთარი სტრატეგიული უპირატესობის ნებაყოფლობითი დათმობა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანო ნაბიჯი. საზოგადოებამ ნათლად უნდა დაინახოს და შეაფასოს ეს ანტიქართული და მანქურთული ხედვა: ვინ აშენებს დამოუკიდებელ, ძლიერ ქართულ პორტს და ვინ ცდილობს მის გასხვისებასა და სხვისი გავლენების ქვეშ მოქცევას!“ – წერს სადღობელაშვილი.

 „ქართული დასის“ ლიდერ მაჯონდი ბაღათურიამ ჩვენთან ინტერვიუში გააანალიზა, თუ რატომ გახდა საქართველო მსოფლიო ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის და რა სტრატეგიული შეცდომა შეიძლება აღმოჩნდეს ფოთის პორტში აშშ შემოშვება და ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ჩინეთთან შეთანხმების დარღვევა.

– ბატონო ჯონდი, ამერიკის პრეზიდენტის ჩვენი ქვეყნით დაინტერესება სხვადასხვანაირად აღიქვა ქართულმა საზოგადოებამ. თქვენი აზრით, რისი მომასწავებელია ეს ინტერესი ჩვენი ქვეყნისთვის?

– სწორი ანალიზისთვის, დავიწყოთ იმით, თუ რას დათმობს და რას ვერ შეელია ჯერჯერობით ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის პოლიტიკას ერთგვარი ცვლილებები მაინც დაეტყო. მართალია იგი მთლად ვერ „ჩაეტია“ ეგრეთ წოდებულ „მონროს დოქტრინაში“, რაც დასავლეთ ნახევარსფეროში დომინირებას გულისხმობს, თუმცა ხელი აიღო უტოპისტურ, ერთპიროვნულ ჰეგემონიაზე და ცდილობს, იმას მოებღაუჭოს, რის შენარჩუნებასაც, მისი აზრით, რეალურად შეძლებს.

– რა პრიორიტეტებს გულისხმობთ?

– რა თქმა უნდა, დასავლეთ ნახევარსფეროში დომინირებას, ასევე, მსოფლიო სავაჭრო გზების კონტროლს, რომლის საშუალებას აშშ-ის ფლოტი ჯერჯერობით იძლევა. სწორედ აქედან არის აშშ-ის სრულიად არაჯანსაღი დაინტერესება პანამის არხით, სუეცის არხით, ჩინეთის ზღვაში ფლოტის მუდმივი „სეირნობით“ და ჰორმუზის სრუტით. ამ ფონზე, ერთადერთი მსხვილი სავაჭრო გზა, რომლის ძირითადი ნაწილი სახმელეთოა, თანაც ორ ზღვაზე, კასპიის და შავ ზღვაზე ნაოსნობას მოიცავს და შესაბამისად, ამერიკის კი არა, რუსეთის კონტროლის ქვეშ არის – „დიდი აბრეშუმის გზაა“. სწორედ ამიტომ გაკეთდა ჩინეთის არჩევანი „აბრეშუმის გაზაზე“, რომელიც შედარებით ძვირია და ეკონომიკური თვალსაზრისით ნაკლებად მომგებიანია (რადგან რამდენჯერმე ხდება საჭირო რკინიგზასა და პორტებს შორის გადატვირთვა, რაც საბოლოოდ ფასებს ზრდის), მაგრამ ეს გზა აშშ-ის „მტაცებლური“ ზეგავლენისგან არის დაცული. აი, აქედან ჩნდება აშშ-ის ყირიმის ნახევარკუნძულის ხელში ჩაგდების და იქიდან რუსული ფლოტის გაძევების წარუმატებელი და სისხლიანი მცდელობა, რადგან ყირიმიდან არის შესაძლებელი შავ ზღვაზე ნაოსნობის კონტროლი.

– ირანთან კონფლიქტსაც მსგავს ზრახვებს უკავშირებთ?

– დიახ, აქაც იგივე მიზნები ამოძრავებს – ირანში ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების და ამ გზით კასპიის ზღვაზე ნაოსნობაში ცხვირის ჩაყოფის, ასევე „მუმბაი, ირანი, პეტერბურგის გზის“ კონტროლის. სწორედ ამ მიზნით არის დიდი დაინტერესება და ასევე წარუმატებელი მცდელობა ამიერკავკასიაში, ანუ საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანში წყლის ამღვრევის, ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების და ამ გზით ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის გაკონტროლების, რასაც რუსეთი არ უთმობს და არც დაუთმობს. სამაგიეროდ, აშკარად ჩანს, რომ საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი რამ დაუთმო, 25 მილიონად საშუალება მისცა ფოთის პორტში შემოსულიყო და ამით საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურაში ცხვირი ჩაეყო, რაც სტრატეგიულ შეცდომად მიმაჩნია. სწორედ ამის შედეგია ეკონომიკის მინისტრის „საზეიმო“ განწყობით გაკეთებული განცხადება: „ანაკლიის პორტს ჩვენ თვითონ ავაშენებთ“, რაც ჩინეთთან შეთანხმების დარღვევაა და რაც მართლაც, ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იყო საქართველოს ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის.

– თუ შეიძლება, რომ დააკონკრეტოთ?

– შეთანხმების თანახმად, ანაკლიის პორტის საკონტროლო პაკეტი საქართველოს ეკუთვნოდა და ჩინეთს მხოლოდ წილი ჰქონდა, ანუ ფინანსურად იყო დაინტერესებული ანაკლიის პორტის მაღალ ტვირთბრუნვაში. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩინეთის ამ მარშრუტით დაინტერესების მთავარი მიზეზი: აშშ-ის პირდაპირი მეკობრეობისგან დაცული და მათი დესტრუქციული კონტროლის გარეშე სავაჭრო გზის შექმნა, რაც რბილად რომ ვთქვათ, საქართველოს მთავრობამ მარკო რუბიოს თანაშემწის მოადგილის „ბიძაშვილის“ „ნაცნობის“, ანუ რომელიღაც დაბალი რანგის ამერიკელი ჩინოვნიკის ჩამოსვლისა და რამდენიმე ყალბი და „ტკბილი“ შეპირების ფასად დათმო, რითაც საქართველოს სტაბილური პარტნიორის იმიჯი დარტყმის ქვეშ დააყენა. ახლა ისევ გავაგრძელოთ აშშ-ის მადის გათვალისწინებით შექმნილი ვითარების აღწერა: ნავთობის და გაზის მსოფლიო რეზერვების 40 %, ანუ ახლო აღმოსავლეთის კონტროლი, რის საშუალებას ასევე არ აძლევს რუსეთი და ჩინეთი; დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტის და ძირითადი გადახდის საშუალების შენარჩუნება (აი, აქ, შესაძლოა, რაღაც კომპრომისული ვარიანტი გამოიძებნოს, თუ აშშ ისევ არ გადაამლაშებს).

– დოლარის კურსი მართლაც შეირყა. . .

– დიახ, სწორედ ეს არის აშშ-ის „აქილევსის ქუსლი“, რადგან სანქციების პოლიტიკით თავადვე შეუწყო ხელი მთელი მსოფლიოს დაინტერესებას, ეძებონ ალტერნატიული გადახდის საშუალებები და ალტერნატიული სარეზერვო ვალუტა, ანუ უარი თქვან აშშ დოლარზე.

ახლა ტრამპიც ამის გამო გაურბის სანქციების პოლიტიკის გაგრძელებას და არა იმის გამო, რომ „კრემლის აგენტია“, როგორც ეს ზოგიერთ ადგილობრივ იდიოტს ჰგონია.

– ალტერნატიული სავაჭრო გზები არ არსებობს?

– კი, არის კიდევ ორი სავაჭრო გზა: ერთი, ინდოეთის მუმბაიდან ირანის გავლით პეტერბურგამდე, მაგრამ ეს ჩინეთისთვის დიდად ხელსაყრელი არ ჩანს, სამაგიეროდ, ინდოეთი და ირანი იჩენენ დაინტერესებას. ეს მარშრუტი თავიდანვე აზერბაიჯანზე იყო დაგეგმილი, თუმცა აზერბაიჯანის ისრაელთან მოკავშირეობამ გაართულა მისი ურთიერთობები ირანთან და რუსეთთან, რამაც ძირითადი აქტორები დააფიქრა ამ გზის საქართველოსკენ „გადმომისამართებაზე“. აქვე ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში კიდევ უფრო აქტუალური ხდებოდა აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნა, თუმცა ამ საკითხის ირგვლივ „დაუღალავად იშრომა“ საგარეო სქმეთა მინისტრმა და განცხადება განცხადებაზე აკეთა: „აფხაზეთის რკინიგზის გახსნა არარელევანტურია და ამის მოლოდინი არ გქონდეთო“… მოკლედ, ეს მომენტი არ იქნა ჯეროვნად გამოყენებული ჩვენი მხრიდან…

– „ჩრდილოეთის გზაზე“ რას იტყვით?

– დიახ, არის კიდევ „ჩრდილოეთის გზა“: ჩინეთი, ვლადივოსტოკიდან მურმანსკამდე ან არხანგელსკამდე, ანუ ჩრდილოეთ ევროპამდე, ეს გზა საკმაოდ მოკლეა, გადის ჩრდილოყინულოვან ოკეანეზე, მთლიანად რუსეთის კონტროლს ქვეშ არის და სრულიად მიუწვდომელია „საერთაშორისო მეკობრეებისთვის“. აი ასეთი რთული, ჩახლართული გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნა ჩვენი რეგიონის ირგვლივ. საქართველომ, როგორც ამ რეგიონის ცენტრალურმა სახელმწიფომ, არ უნდა დავუშვათ ჩვენთვის გვერდის ავლა და თამაშგარე დატოვება, რაზეც აქტიურად მუშაობენ კიდეც ჩვენი მოწინააღმდეგეები. ამ ვითარებაში, მეტი დაფიქრება მართებდა „ევროკავშირსა“ და „ნატოში“ გაწევრიანების ერთგულ, საგარეო საქმეთა სამინისტროსაც და მარკო რუბიოს მოადგლის თანაშემწის „ბიძაშვილის“ „ნაცნობის“ „ტკბილი“ შეპირების იმედად მყოფ ეკონომიკის სამინისტროსაც.
ისე, „უცხოელების“ ასეთი შეპირებების მოიმედე ჩინოვნიკებს როცა ვხედავ, იმ წუთშივე დავით კლდიაშვილის შესანიშნავი ნაწარმოები „ბაკულას ღორები“ მახსენდება… ბატონებო, იკითხეთ ქართული პროზა, რომელიც ბევრი სასარგებლო დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა…

ირმა ცეცხლაძე

  • No Comments
  • ივლისი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *