ანდრეი სიბიგა: უახლოეს მომავალში მოლდოვაში ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრა მექნება
უკრაინა საქართველოსთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ „ევროსკოპის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მოლდოვაში ქართველ კოლეგასთან შეხვედრას გეგმავს.
„გვსურს, რომ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ. ერევანში ჩვენს ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა იყო. მოსაზრებების კარგი გაცვლა შედგა. ჩვენ მზად ვართ მსგავსი კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებისთვის. უახლოეს მომავალში მოლდოვაში ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრა მექნება. ამდენად, გვსურს, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მიმართულება შესაფერისად დავალაგოთ. ჩვენი ხალხი და საზოგადოება ამას იმსახურებს. დიახ, ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში არის რამდენიმე სენსიტიური საკითხი, მაგრამ ჩვენ წინსვლისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.