„არგინეთი-ახალი თაობა“ – ალანიის ფესტივალზე
ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი – ახალი თაობა“ უკვე 75 ნორჩ მოცეკვავეს აერთიანებს. ანსამბლს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სულხან ფასანიძე ხელმძღვანელობს, ქორეოგრაფი ჯაბა ვაშაყმაძეა.
ანსამბლს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ალანიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის პატივი ერგო. ხულოდან წარგზავნილებმა ქართული ცეკვებით ღირსეულად წარმოაჩინეს ჩვენი ქვეყნის კულტურა, ხელოვნება, მაყურებლისა და ორგანიზატორების მაღალი შეფასება და საპატიო სიგელები დაიმსახურეს.
– ანსამბლი ჩვენი ხელმძღვანელობით, პირველად მონაწილეობდა უცხოეთში გამართულ ფესტივალში. ახლაც თვალწინ მიდგას ბავშვების ბედნიერი სახეები, მათი ემოციები. რომ არა ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ვახტანგ ბერიძის, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძის მატერიალური თანადგომა, თითოეული მშობლის გულისხმიერება, წარმატებას ვერ მივაღწევდით. მადლობა ყველას თანადგომისთვის,- გვითხრა სულხან ფასანიძემ.
ცოტნე ცაბაძე