„არჩევნებს აზრი უნდა დაუბრუნოს სიტუაციამ და შესაბამისმა დემოკრატიულმა საკანონმდებლო ბაზამ“
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ოპოზიციური სპექტრის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, დასავლურ გზავნილებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე გვესაუბრება ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი კახა მიქელაძე.
– თავდაპირველად „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბროთ. მიხელ სააკაშვილმა ამასწინათ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობაში“ რევოლუციური ცვლილებები დაიწყება პარტიის განახლების თვალსაზრისით, რა იგულისხმება ამ განცხადებაში?
– ზოგადად მიმაჩნია, რომ პარტია უნდა იყოს მოქნილი არსებული მოცემულობისა და გამოწვევების მიმართ, ამის მიღწევას კი ცვლილებები ესაჭიროება, რათა უზრუნველყოს ხალხთან კომუნიკაცია და მათი ჩართულობა პროცესში.
– სააკაშვილის ზემოაღნიშნული განცხადება, რეალურად, პარტიის ლიდერთა საქმიანობის მიმართ უკმაყოფილებასაც ცხადყოფს. თქვენ რას ფიქრობთ?
– საკუთარი თავიდან და პარტიიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ამ უკმაყოფილებას რეალური საფუძველი აქვს. როცა ემიგრაციაშია ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, ხოლო საქართველოში დარჩენილებს დალხენილი ცხოვრება არ აქვთ, ყველა მიზეზია საიმისოდ, რომ ქვეყანაში შეიცვალოს პოლიტიკური მდგომარეობა, მაგრამ ეს არ ხდება, ესე იგი რაღაცას შენ ვერ აკეთებ სწორად. მე თვითკრიტიკული ვიქნები და ამ პოზიციიდან ვეცდები ანალიზს, რომ სიტუაციის გამოსწორებისთვის მზაობა გვქონდეს.
– „სანამ გადაწყვეტილებები სამ კაცში მიიღება, უმრავლესობა კი ამას ფეისბუკით გაიგებს, პარტია კრიზისში იქნება და ვერასოდეს გახდება სახალხო“, – აღნიშნა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ. თქვენ რა კომენტარს გააკეთებთ?
– პარტია იმიტომაცაა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომ მასში დემოკრატიული პროცესი უნდა დუღდეს. მართვის ყველა სხვა სტილს იზოლაციამდე მიჰყავხარ, რაც სამომავლოდ შედეგში იქნება გამოხატული.
– „ლელო“ არის ხაზარაძის და ჯაფარიძის ბიზნესპროექტი, „ახალი“ კი თავიდანვე შეიქმნა არა გასამარჯვებლად, არამედ ჩემი ელექტორატის ჩამოსაშლელად“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა. მსგავსი განცხადებები რამდენად აზიანებს ოპოზიციურ სპექტრს?
– ერთია სიმართლე, რომელიც უნდა იყოს პოლიტიკური არქიტექტურის განმსაზღვრელი და მეორე – რამდენად მომგებიანია ურთიერთკინკლაობის ფაზაში ჩარჩენა. არ ვფიქრობ, რომ დროს ზედმეტად უნდა ვკარგავდეთ მსგავს საკითხებზე, მირჩევნია, მომავალზე ვკონცენტრირდეთ, რადგან ის გვაერთიანებს. წარსულის არამიზნობრივ ქექვას უნდა მოვეშვათ, რამეთუ ეს გვყოფს.
– „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, გარკვეულწილად, არსებული ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, თავის მხრივ „ნაცმოძრაობის“ წევრები ზემოაღნიშნულ პარტიას ერთი ადამიანის პარტიად მოიხსენიებენ…
– ქალბატონ თამარს თავისი მოსაზრებები აქვს, რომელსაც ცხადია, არ ვეთანხმები, თუმცა ვიმეორებ – მსგავსი პოლემიკა არავის არაფერს აძლევს, ხალხს კი, საერთოდ, აღიზიანებს.
– გვერდს ვერ ავუვლით სააკაშვილისა და მელიას ურთიერთდაპირისპირებას, ეს რაზე მეტყველებს?
– ეს თემა მეათეხარისხოვანია ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემატიკის ჭრილში. დღეს ორივე პოლიტიკური პატიმარია, ამიტომ კიდევ უფრო უაზრო და უხერხული მგონია ამაზე საუბარი.
– ოპოზიციური ალიანსის წევრები აცხადებენ, რომ „ნაცმოძრაობა“ აღარ ესწრება ალიანსის სხდომებს, რამდენად მოსალოდნელია, ამ პარტიამ ოპოზიციური ალიანსი დატოვოს?
– სხდომები ვერ გამოასწორებს მდგომარეობას, აუცილებელია ხალხთან ინტენსიური კონტაქტი, რაც ეტყობა მოქმედ პოლიტიკურ ძალებს და თუ ვიღაცას ამომრჩევლებთან კომუნიკაცია რეგიონში ჩარბენა, ბაზარში შევლა და ფოტოკოლაჟის გაკეთება ჰგონია, ძალიან ცდება.
– როგორც ცნობილია, 5 აგვისტოს ენმ-ის ყრილობა გაიმართება. პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ,,ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა არალეგიტიმურად გამოაცხადა. თქვენი აზრი ამის თაობაზე…
– ქალბატონი თინას ინტელექტსა და კვალიფიკაციას პატივისცემით ვეკიდები. მიუხედავად ამისა, არ მიმაჩნია მართებულად ამ ფორმით პოზიციის დაფიქსირება.
– ვიდრე ოპოზიცია ურთიერთდაპირისპირების რეჟიმშია, მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი შეიტანა რამდენიმე პარტიის გაუქმების შესახებ, რა მოლოდინი გაქვთ?
– ერთი წელი ამას გაიძახიან. არ მგონია, რუსებმა მოუწონონ და მწვანე აუნთონ, რადგან პროცესი ლამის იატაკქვეშეთის სახეს მიიღებს, რასთან გამკლავების პრაქტიკული გამოცდილება ФСБ-ს ამ ფორმაციას და მასთან შეზრდილ სტრუქტურებს არ გააჩნიათ, ეს კი მეტი თავის ტკივილია მათთვის.
– საგარეო საკითხსაც შევეხოთ: როგორ დაახასიათებდით საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობას?
– სამწუხაროდ, არავითარი ურთიერთობა არაა, ძალიან ბევრი წელი დავკარგეთ. რომ წარმოვიდგენ, სად შეგვეძლო ყოფნა და სად ვართ, მზარავს. ჩვენი მოქალაქეები ბევრად უკეთესად იცხოვრებდნენ, ეს შესაძლებლობა წაართვა მათ ივანიშვილის ახირებებმა.
– მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ევროკავშირის მაღალჩინოსნები საქართველოს აშანტაჟებენ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის კუთხით…
– აშკარად, და იცით, რას მოიცავს „შანტაჟი“? ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს მაღალ ხელფასსა და პენსიას, ისეთ დაზღვევას, როცა ადამიანი უფასოდ მიიღებს სამედიცინო დახმარებას და მედიკამენტებს, ექნება დასაქმების ბევრად მეტი შანსი, შეეძლება მინიმალური საპროცენტო განაკვეთით ბანკებისგან სესხის უპრობლემოდ მიღება, თავისუფლად ივლის აშშ-ში და ა. შ. ხედავთ, რამდენ რამეს ვკარგავთ, რომ არაფერი ვთქვათ სამართლიან სასამართლოსა და ნორმალურ პოლიტიკურ გარემოზე?!
– სამწუხაროდ, ევროკავშირის მაღალჩინოსნები ალაპარაკდნენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცის შეჩერებაზე, ეს რისი მანიშნებელია?
– თავისთავად ცუდია, ავტომატურად ეს ჩვენი ემიგრანტების მიმართ დამოკიდებულებაზეც აისახება, იმ ადამიანებზე, რომლებიც სიცოცხლის გადარჩენის მიზნით იმყოფებიან ევროპაში და დღეს რისკის წინაშე არიან ივანიშვილის ხელისუფლების უპასუხისმგებლობის გამო.
– ვხედავთ იმასაც, რომ უკრაინის ფრონტზე სამხედრო ინიციატივა კიევის მხარესაა, თქვენი აზრი ამის შესახებ…
– ყოველთვის მჯეროდა უკრაინის გამარჯვების. დღეს ამის რეალური კონტურები გამოიკვეთა. ვისარგებლებ შემთხვევით და პატივს მივაგებ ამ ცივილიზაციური ფრონტის ხაზზე დაღუპული ჩვენი თანამემამულეების ხსოვნას და გამარჯვებას ვუსურვებ მათ, ვინც იბრძვის.
– კვლავ საშინაო პოლიტიკას დავუბრუნდეთ, 2028 წლის არჩევნებს ოპოზიცია გაძლიერებული რომ დახვდეს, რა გეგმები უნდა შეიმუშაოს?
– არჩევნებს აზრი უნდა დაუბრუნოს სიტუაციამ და შესაბამისმა დემოკრატიულმა საკანონმდებლო ბაზამ, ჩვენ კი ზუსტად უნდა განვსაზღვროთ ის საკითხები, რომლებიც საზოგადოების უმრავლესობას პარტნიორობისკენ განაწყობს. დღეს მოქალაქეებს სიდუხჭირეს უმძიმებენ ჯარიმებით, არა მარტო პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ ყველას! აქციზის გადასახადი რომ შემოიღეს თავის დროზე ნავთობპროდუქტებსა და თამბაქოს ნაწარმზე, თქვენი აზრით, ვინ დაზარალდა? ხალხი, რომლის ჯიბესაც დაეკისრა ფასნამატი და ქვეყანა, რომლის საბიუჯეტო სისტემამ მიიღო ზიანი კონტრაბანდის წარმოქმნით. უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებით ვის მოუწევს ათიათასობით ლარის ზედმეტად გადახდა? სტუდენტებსა და მათ ოჯახებს! ივანიშვილის კრიპტოსაწარმოების სასათბურე პირობები ენერგეტიკულ სექტორზე ტექნიკური და ფინანსური დარტყმებით ვის უმძიმებს ცხოვრებას? მკვლელობებისა და მათი მცდელობების არანორმალური ზრდა, სახიფათო ნარკოტიკების უკონტროლო ბრუნვა ვის აწვება ტვირთად? ისევ და ისევ – ხალხს, რადგან მოსახლეობის პრობლემების ხარჯზე იკვებება მოქმედი ოლიგარქატი. ამიტომ ამ პრობლემების გადაჭრის ჩვენეული ხედვის შედეგად მიღწეული საზოგადოებრივი თანხმობა უნდა ქმნიდეს პოლიტიკურ დღის წესრიგს.
– დაბოლოს, რამდენად სერიოზულია საქართველოს საგარეო საფრთხეები და რამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ესკალაცია?
– მარტივია, როცა მეგობრებს ზურგს შეაქცევ, მტრის ნებას მიანდობ საკუთარ ბედს, იზოლაციისთვის გაწირავ ქვეყანას და, პლუს, საზოგადოებაში შექმნი კონფრონტაციულ და ტოქსიკურ გარემოს, სადაც ადამიანები ერთმანეთს უმიზეზოდ, გაუაზრებლად გესლავენ, ეს ცხოვრების წესად უყალიბდებათ და ამით კმაყოფილი რჩები, ადრე თუ გვიან ძალიან მწარედ მოგიწევს პასუხისგება. ამასთან, ამ დანაშაულებსა და შეცდომებზე პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით, მეტიც, თანაბრად მოგვიწევს ყველას ამ ტვირთის განაწილება, რადგან ქვეყნის იმიჯის აღდგენას დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
ლაშა ხომერიკი