„ასწავლე საქართველოსთვის“ – სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში. მისი მიზანია საჯარო სკოლებისთვის კვალიფიციური პედაგოგების შერჩევა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.
პროგრამა მიმართულია საქართველოს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში არსებული საკადრო დეფიციტის დროებით შევსებისკენ, რათა უზრუნველყონ ხარისხიანი ზოგადი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა მოსწავლისთვის.
კონკურსით გამოცხადებულა ვაკანსიები შემდეგ საგნებსა და საფეხურებზე:
საბაზო და საშუალო საფეხური: ბიოლოგია, ინგლისური ენა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ქართული ენა და ლიტერატურა, მოქალაქეობა, მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სპორტი.
დაწყებითი საფეხური (I–IV კლასები): ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება.
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, შერჩეული კანდიდატი დასაქმდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროგრამის მასწავლებლად და მიავლენენ შესაბამის საჯარო სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების მიხედვით წარმართავს.
მივლენილ პედაგოგს სკოლასთან გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება და იგი მიიღებს როგორც მასწავლებლის კუთვნილ ხელფასს, ასევე, ცენტრის მიერ განსაზღვრულ დამატებით ანაზღაურებას.
მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, უფასოდ ჩაერთონ ცენტრის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და უწყვეტი პროფესიული ზრდის პროგრამებში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს.