„აფხაზეთობა -2026“ – ბათუმში
წელს აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით, 18-23 მაისის ჩათვლით, „აფხაზეთობა“ საქართველოს ხუთ ქალაქში ტარდება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება იმართება, რომელიც მუსიკალურ საღამოებს, თეატრალურ წარმოდგენებს, გამოფენებს, ლიტერატურულ და სხვა შემოქმედებით აქტივობებს მოიცავს.
კვირეული ზუგდიდიდან დაიწყო, სადაც დადიანების მუზეუმის ეზოში მთელი დღე სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 20 მაისს კი „აფხაზეთობას“ ბათუმმა უმასპინძლა – სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საგუნდო მუსიკის საღამო გაიმართა. ღონისძებას აფახაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, აფხაზეთის მთავრობის, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საღამო მუსიკოსს, კომპოზიტორსა და დირიჟორს ზვიად ბოლქვაძეს მიჰყავდა. მსმენელის წინაშე ორი საუკეთესო კოლექტივი წარსდგა – გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა (დირიჟორი – ზვიად ბოლქვაძე) და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა (მთავარი ქორმაისტერი – ქეთევან მანელიშვილი, ქორმაისტერი – ლელა დოლიძე). კონცერტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა.
საღამოზე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებები, მათ შორის, უწმინდესის „ალილუია“, „კირიე ელეისონ“… შესრულდა.
შეკრებილთ გიორგი ჯინჭარაძემ და ზურაბ პატარაძემ მიმართეს.
– დღეს „აფხაზეთობაზე“ ამ უსაყვარლეს ქალაქში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა აფხაზეთის ხმა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბატონ ზურაბ პატარაძეს მხარდაჭერისთვის, ასეთი საღამოები აფხაზეთს გვახსენებს. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში, – აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ.
– „აფხაზეთობის“ კვირეულის ფარგლებში ბათუმში გაიმართა არაჩვეულებრივი კონცერტი, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. „აფხაზეთობა“ სწორედ მისი ლოცვა-კურთხევით დაწესდა. სამწუხაროდ, პატრიარქის გარეშე პირველად აღინიშნება ეს მნიშვნელოვანი დღეები… მჯერა, მისი ლოცვა-კურთხევით დავბრუნდებით აფხაზეთში და საშუალება მოგვეცემა, „აფხაზეთობა“ იქ აღვნიშნოთ. ბათუმი გამორჩეული ქალაქია, აქ გამორჩეულად იგრძნობა აფხაზეთის სურნელი. აფხაზეთი არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ტრადიციები, კულტურა. ჩემთვის აფხაზეთი განსაკუთრებულია, იქ ვსწავლობდი და სოხუმში არაჩვეულებრივი ორი წელი მაქვს გატარებული. მჯერა, რომ კვლავაც მოგვეცემა ერთად თანაცხოვრების საშუალება, ჩვენ ერთად უნდა აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, ნდობა ხალხთა შორის, – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
– ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე იყო. დიდი პატივი იყო, რომ ამ ორი გუნდის კოლაბორაცია შედგა. ერთმანეთს დიდი სითბო და სიყვარული გავუზიარეთ, ეს სიყვარული გავაერთიანეთ და სამყაროში „გავუშვით“, აქედან მოვეფერეთ ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს. მეც ვუერთდები იმ სურვილსა და მოლოდინს, უწყვეტ ფიქრს, რომ ჩვენ ყველა ერთად, ასეთი მნიშვნელობის საღამოს, სოხუმში ჩავატარებთ. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის, აფხაზეთისა და აჭარის მთავრობებს, მათ ხელმძღვანელობას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენთვის ძალიან ემოციური დღე იყო, ფაქტობრივად, თუ რამ ენერგია მქონდა, ბოლომდე დავხარჯე. ეს ყველაფერი ხდებოდა გულრწფელად და დიდი სიყვარულით, – გვითხრა ზვიად ბოლქვაძემ.
საღამო დასრულდა იოსებ კეჭაყმაძის „მრავალჟამიერით“, რომლის დროსაც დარბაზი და სცენა გაერთიანდა, უფალმა ინებოს სრულიად საქართველოს ასე გაერთიანება.
მანანა ძიძიშვილი