,,აქედან სხვაგვარად ისმის ქართული სიტყვა”
By

,,აქედან სხვაგვარად ისმის ქართული სიტყვა”

ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი, მწერალი, რედაქტორი ქეთი ჯოლბორდი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე „ზე-კართან“ ჯილდოდ ყაბალახი დაიმსახურა.

– ქალბატონო ქეთი, თქვენ და ცნობილმა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა ერთად დაისაკუთრეთ „ყაბალახოსნის“ წოდება, ალბათ, ასეთი ჯილდო მოულოდნელი იყო თქვენთვის?

– მოგესალმებით პატივისცემით და იმ დიდი სიხარულით, რასაც საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ,,ზე-კართან“ იწვევს ჩემში. პირველ რიგში, ბატონ ტარიელს კიდევ ერთხელ მივულოცავ ამ ჯილდოს. ყაბალახის გადაცემის ტრადიცია, რასაკვირველია, ცნობილია, თუმცა ჩემთვის მონიჭება აბსოლუტური მოულოდნელობა იყო, რასაც ახლდა გაოცება, სიხარული და მადლიერება.

– ფესტივალზე პირველად არ ბრძანდებოდით, უკვე კარგად იცნობთ აჭარის მთიანეთს. რა შთაბეჭდილებას ტოვებს ეს რეგიონი?

– დიახ, ფესტივალის თოთხმეტწლიანი ისტორიის განმავლობაში მთიან აჭარას უკვე მესამედ ვსტუმრობდი და ამ რეგიონის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ ჯერზე მაოცებს ბუნების სილამაზე, გულითადი მასპინძლობა და მომნუსხველი ატმოსფერო. აქედან სხვაგვარად, მეტი შინაარსითა და ფუნქციით ისმის ქართული სიტყვა. მადლობა ფესტივალის დამფუძნებელს, ბატონ ვახტანგ ბერიძეს ამ ეროვნული და ფუნქციური პროექტისთვის, რომლის იდეა, კონცეპტი და მრავალშრიანი მიზნობრიობა ყოველ წელს განსაკუთრებულ მასშტაბებს მატებს როგორც აჭარის რეგიონს, ასევე მთლიანად ქართულ ლიტერატურულ სივრცეს.

– თქვენი ერთი ლექსი შეტანილია კრებულში „პოეტური დიალოგები“, რომელიც ქართულ და იტალიურ ენებზე გამოიცა. რა ურთიერთობები გაკავშირებთ პოეტ სოფიკო ბუკიასთან?

– ფესტივალის ,,ზე-კართან“ ფარგლებში გამოიცა კრებული-ბილინგვა ,,პოეტური დიალოგები“, რომელმაც საერთაშორისო კონტექსტში ფესტივალს განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა. მასში შესულია ფესტივალის მეთოთხმეტე სეზონის 19 მონაწილის შემოქმედებითი ბიოგრაფიები და ნაწარმოებები, რომლებიც, ასევე, თარგმნილია იტალიურ ენაზე. წიგნის გამოცემის, თარგმნის და დაფინანსების ინიციატივა ეკუთვნის ქალბატონ სოფიკო ბუკიას, იტალიური თარგმანის რედაქტორი გახლავთ ცნობილი იტალიელი პოეტი ალესანდრო რუსო, ხოლო ქართული ტექსტის რედაქტორები – ფესტივალის დამფუძნებელი, რეჟისორი ვახტანგ ბერიძე და ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი და პოეტი გიორგი ხორბალაძე. ქალბატონი სოფიკო ბუკია გახლავთ შესანიშნავი შემოქმედი, რომლისთვისაც, სამშობლოსთან დისტანცირების მიუხედავად, ქართული სული, იდენტობა და კულტურა არსებობის ეპიცენტრს წარმოადგენს. მინდა ჩემი წილი მადლიერება კიდევ ერთხელ დავუდასტურო მას ამ წიგნის იტალიურად თარგმნისა და დაფინანსებისთვის.

EWAN BARKHO PHOTOGRAPHY

– ფესტივალის მონაწილე მწერლები და პოეტები იტალიაში სტუმრობდნენ წიგნის გამოცემის ინიციატორს. როგორც ვიცი, თქვენც მათ შორის იყავით?

– ფესტივალის ,,ზე-კართან“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია სწორედ ესაა, რომ ადამიანები დააახლოოს ერთმანეთს, შემოქმედებისა და გამოცდილებების გაზიარების სივრცე შექმნას. წლევანდელმა ფესტივალმა შემძინა ქალბატონ სოფიკო ბუკიასთან მეგობრობა და იმედი მაქვს, რომ არაერთხელ შევხვდებით როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

– ერთობ მრავალმხრივი და მრავალფეროვანია ის არეალი, სადაც საქმიანობა გიხდებათ. როგორ უხამებთ ერთმანეთს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობასა და პოეზიასთან წილნაყრობას?

– ყოველდღიური საქმიანობა განსაკუთრებულ კონცენტრირებას, პასუხისმგებლობას და დიდ დროს მოითხოვს, თუმცა პარალელურად, პროფესიიდან გამომდინარე, ლიტერატურასთან გამუდმებით მაქვს შეხება. ვფიქრობ, შემოქმედი ადამიანისთვის, დროსთან ერთად, უმნიშვნელოვანესია პოეტური აზროვნება, პოეზიის ფრაგმენტების ყოველდღიურობაში აღმოჩენა, რომელიც შემდეგ არ გასვენებს და ნაწარმოებებში იჩენს თავს.

– ლექსების პირველი კრებულის „მე ცა“ გამოცემიდან ოთხი წლის შემდეგ, 2023 წელს, მეორე კრებული „წვეთოვანი ბედნიერება“ გამოეცით. უკვე საკმაო დროა გასული. თუ საიდუმლო არაა, ამჟამად რა სახელწოდების კრებულზე მუშაობთ?

– აღნიშნული ორი კრებული ეხმიანება ჩემი ცხოვრების გარკვეულ გარდამტეხ ეტაპებს. ვწერ განწყობის შესაბამისად. ჯერჯერობით შემდეგი კრებულის გამოცემას არ ვჩქარობ, სათქმელი რომ დაგროვდება, სახელსაც თვითონ დაირქმევს.

– უცხოეთშიც იცნობენ თქვენს ლექსებს. გერმანულ და იტალიურ ენებზე თარგმანები უკვე ცნობილია. ახლა ჯერი რომელ ენაზეა?

– საერთაშორისო პლატფორმაზე თარგმანის მიმართულებით მაქვს რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება, რასაც ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებ, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო. დრო გვიჩვენებს, რა გამოვა…

– იყო მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ინტენსიურად ერთვებოდე საგანმანათლებლო სემინარებსა და პროექტებში, პირნათლად შრომობდე საჯარო სამსახურში, ქმნიდე ოჯახურ იდილიას, ეს დიდ დატვირთვას ითხოვს. ყოველივე ამას როგორ ძლევთ?

– ამ კითხვაზე ჩვენი პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ერთ-ერთი ეპისტოლედან ამონარიდით გიპასუხებთ: ,,ყოველ დროს თავისი მახასიათებელი აქვს. იგი ამა თუ იმ მიმართულებას ხელს უწყობს, ან უგულებელჰყოფს. უნდა გავაცნობიეროთ, როგორია ჩვენი დროის შემოთავაზება, რომ ადვილად განვსაზღვროთ ჩვენი ადგილი ამ სამყაროში და ვუპასუხოთ მის გამოწვევებს“.

– უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, რომ „ყაბალახოსანმა“ მომდევნო ფესტივალზე სხვა მონაწილე უნდა აირჩიოს და ყაბალახი შემოახვიოს. რა სიახლეებით მოხვალთ მე-15 ფესტივალზე?

– ,,ყაბალახოსნობა“ უდიდესი პასუხისმგებლობაა ამ მიმართულებითაც. წელს მე გახლდით ლიტერატურათმცოდნის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის, ქალბატონ ნინო ვახანიას რჩეული, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვწირავ მას. ლიტერატურულ სფეროში მაქვს საკუთარი შეხედულებები, თუმცა არ გამოვრიცხავ ცვლილებებსაც, წინ მთელი ერთი, ლიტერატურული წელი გვაქვს, რომელმაც, გარკვეუწილად, უნდა განსაზღვროს ჩვენი არჩევანი.

– დაბოლოს, დაგვიტოვეთ რამდენიმე სტროფი იმ ლექსიდან, რომელიც ფესტივალს, აჭარის მთიანეთს, აქ მოფუსფუსე ადამიანებს მიუძღვენით?

– ლექსი, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, დაიწერა ფესტივალზე ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხელოვნების სივრცეში, იქ არსებული განსაკუთრებულად პოეტური ატმოსფეროს ინსპირაციით.

მარტოობა ვიდრე ირგებს თავისუფალ სივრცეს

და იმედის გამფლანგველი დღე სინათლეს ივსებს,

გადაავლებ თვალს მიზეზებს ამაომდე ყოფნის,

მოჩრდილული ამბებიდან დრო ფრაგმენტებს ჰყოფნის.

მთის სოფელი, აივანი ფენა-ფენა ნისლებს,

ჩვენი ყოფნის და სიმორცხვის დასაფარად იკრებს.

ხის სიმაღლე მოლოდინებს როგორ შევწვდით, მიკვირს…

საფეთქელთან სუნთქვის დაცლა იყო საზრდო კვირის.

ამარტივებ მზერა-მზერა უთქმელ სიტყვის კიდეს,

წვიმის წვეთებს შეფარებულს რომ დაგთბება კიდეც,

უეცარი წამი იყო ცხოვრებაზე ვრცელი…

აივანზე განცდა დამრჩა შენი ბგერის მცველის.

და მგონია, აივანი დროს ყოველი წვიმის,

დათმენილი სიტყვის ექოს წვიმის წვეთით წივის.

გააყოლებ ხმას მიზეზებს ამაომდე ყოფნის,

მოჩრდილული ამბებიდან დრო ფრაგმენტებს ჰყოფნის.

 

ოთარ ცინარიძე

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *