აშშ და ირანი ზედიზედ მეოთხე ღამეა დარტყმებს ცვლიან
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტის მახლობლად და ირანის სანაპირო რაიონებში ათობით სამხედრო ობიექტი გაანადგურეს. აშშ და ირანი ზედიზედ მეოთხე ღამეა დარტყმებს ცვლიან.
„აშშ-ის დარტყმების სერია 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა“, – ნათქვამია სამხედროების ანგარიშში. ამერიკულმა გამანადგურებლებმა, უპილოტო საფრენმა აპარატებმა და ხომალდებმა იერიშები მიიტანეს ირანის სარაკეტო ობიექტებზე, დრონების ბაზებზე, სამხედრო-საზღვაო ძალებსა და სანაპირო დაცვის სისტემებზე.
ირანში განაცხადეს, რომ საპასუხო დარტყმები სპარსეთის ყურის ქვეყნებში მდებარე აშშ-ის ბაზებზე განახორციელეს. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ამტკიცებს, რომ თავს დაესხა აშშ-ის არმიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრს ქუვეითში, მინა-აბდულას რაიონში, აშშ-ის მეხუთე ფლოტის ობიექტებს ბაჰრეინში, ასევე, ამერიკულ ბაზას იორდანიის ქალაქ ალ-აზრაკში.
გარდა ამისა, აშშ-მა განაახლა იმ გემების საზღვაო ბლოკადა, რომლებიც ირანის პორტებისა და სანაპირო ზოლისკენ მიემართებიან ან იქიდან გამოდიან. ბლოკადის აღდგენის შესახებ წინა დღეს, 14 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააანონსა.
ამერიკის ლიდერი ასევე დაიმუქრა, რომ იერიშებს მიიტანს ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე, თუ თეირანი აშშ-სთან ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს არ განაახლებს. მისი თქმით, ამერიკელი მომლაპარაკებლები კავშირზე არიან ირანის წარმომადგენლებთან.