აშშ-ში თავშესაფრისა და ვიზების მისაღებად ყალბი დოკუმენტების სქემა გამოავლინეს
By

აშშ-ში თავშესაფრისა და ვიზების მისაღებად ყალბი დოკუმენტების სქემა გამოავლინეს

საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯგუფის წევრები აშშ-ში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ე.წ. ქეისების მომზადებას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ. გამოძიებით დადგენილია, რომ მათი მომსახურებით 366-მა მოქალაქემ ისარგებლა.
„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არარსებულ ისტორიებს ქმნიდნენ, თითქოს საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულებების ან სხვა ნიშნით იდევნებოდნენ. ამ ისტორიების გასამყარებლად კი ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ და სანაცვლოდ მნიშვნელოვან თანხებს იღებდნენ“, – განაცხადა მიქაიამ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ყალბი „ქეისების“ შედგენისთვის 1 000-1 500 დოლარს, დოკუმენტების დამზადებისთვის 3 000 დოლარს, ხოლო საქმის წარმოებისა და „წარმატებით დასრულებისთვის“ დამატებით 6 000-8 000 დოლარს ითხოვდნენ.
ასევე დადგინდა, რომ ჯგუფის წევრები აშშ-ში საემიგრაციო პატიმრობაში მყოფ ქართველებს დახმარებასაც ჰპირდებოდნენ, თუმცა ოთხი მოქალაქისგან მიღებული 10 000 დოლარის მიუხედავად, დაპირებული მომსახურება არ გაუწევიათ.
გამოვლენილია კიდევ ერთი ჯგუფიც, რომელიც მოქალაქეებს ამერიკის ვიზების მიღებაში ყალბი დოკუმენტებით ეხმარებოდა. გამოძიების მონაცემებით, მათ 65 მოქალაქეს ყალბი საბუთები გადასცეს, რის შედეგადაც ნაწილმა ვიზა მიიღო. მოგვიანებით, საელჩოს მიერ ჩატარებული გადამოწმების შემდეგ, სქემა გამოაშკარავდა და ყველა ვიზა გაუქმდა.
გიორგი მიქაიას განცხადებით, პროკურატურამ 3 პირი დააკავა, ხოლო 6 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ბრალდებულებს თაღლითობას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებასა და უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობას ედავებიან. აღნიშნული დანაშაულები 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც აღნიშნულ ფაქტებზე, ასევე, სხვა შესაძლო მონაწილე პირების დადგენისა და გამოვლენის მიზნით“, – აღნიშნა მიქაიამ.

 

  • No Comments
  • ივნისი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *