აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე დაამტკიცეს, უცვლელი დარჩა მინისტრთა კაბინეტი
By

აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე დაამტკიცეს, უცვლელი დარჩა მინისტრთა კაბინეტი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 13 ხმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე დაამტკიცა. უცვლელი დარჩა მის მიერ წარმოდგენილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მაია ხაჯიშვილი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნინო ნიჟარაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დენის სალუქვაძე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ედნარ ნატარიძე, კულტურის სამინისტროს კი ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებენ.

“თუ რომელიმე თანამდებობის პირი ვერ შეძლებს ფერხულში მუშაობას და ვერ გაართმევს თავს, რა თქმა უნდა, შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება იქნება მიღებული”,- ასე უპასუხა აჭარის მთავრობის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კითხვას, გეგმავს თუ არა საკადრო ცვლილებს და ბათუმის მერის გიორგი ცინცაძის თანამდებობიდან გადაყენებას. როგორც მან განაცხადა, გიორგი ცინცაძე ეფექტური მერია.

„გიორგი ცინცაძე არის თვითმმართველობის ხელმძღვანელი, არჩეული მერი. ის არის ეფექტური მერი, ამ პოზიციაზე დიდი გამოცდილება აქვს. იმედია, ჩვენ ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ როგორც ბათუმისთვის, ასევე, ზოგადად, აჭარისთვის. თუმცა, თუ რომელიმე თანამდებობის პირი ვერ შეძლებს ამ ფერხულში მუშაობას და ვერ გაართმევს თავს, რა თქმა უნდა, შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსა და მმართველ გუნდს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თქვა,რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება მისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის. ასევე, მთლიანად პოლიტიკურ გუნდს, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ძალიან დიდი პატივი, მაგრამ ამავდროულად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ზუსტად ამ წუთიდან ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ხალხის, ჩემი მშობლიური აჭარის, მოსახლეობის წინაშე. დღეიდან დაიწყება აქტიური მუშაობა ჩვენს გუნდთან ერთად, რათა შევეცადოთ შესაძლებლობის ფარგლებში და მეტიც, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნისთვის. დღეს ჩემს მოხსენებაში მოვისმინეთ ის პროექტები, რომელიც დავაანონსე- ინფრასტრუქტურული პროექტები, განვითარება, ტურიზმი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც დღის წესრიგში დგას. ვფიქრობ, ერთად შევაფასებთ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონის წარმატებისთვის“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა 23 აპრილს ოფიციალურად წარადგინა. მან ამ თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობას 2016-2018 წლებში, ერთხელ უკვე ხელმძღვანელობდა. 2018 წლის ივლისიდან დღემდე კი მუშაობა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე გააგრძელა.

რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ახალი თავმჯდომარის დამტკიცებამდე, კანდიდატს მოუსმინეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნების“ სხდომაზე. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე, მის მიერ დასახელებულ მინისტრთა კაბინეტის უცვლელ შემადგენლობასთან ერთად, სამოქმედო გეგმითა და სამომავლო ხედვებით წარდგა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, სამოქმედო გეგმა დაფუძნებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დამკვიდრებულ ძირითად პრინციპებზე და ემსახურება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას, ადამიანის უფლებათა დაცვას, ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

ფრაქციის წევრების შეფასებით, წარმოდგენილ სამოქმედო გეგმაში ნათლად არის გაწერილი სამთავრობო გუნდის გეგმები და მკაფიოდ არის წარმოჩენილი ის ეფექტური ნაბიჯები, რომლებიც საბოლოო შედეგის სახით, უზრუნველყოფს ანგარიშვალდებული, მიუკერძოებელი, წინსვლისაკენ ორიენტირებული მთავრობის ჩამოყალიბებას, მდგრადი და ეფექტური პოლიტიკის გატარებას.

ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის. მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ასევე, მადლობა გადაუხადა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს და ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

  • No Comments
  • აპრილი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *