აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარ კრისტოფ კამპს შეხვდა
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესა და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს (OSCE) უმაღლეს კომისარს შორის შეხვედრის მთავარი თემა.
მხარეებმა რეგიონში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ აჭარა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული რეგიონია. თითოეული მოქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა, კულტურული თვითმყოფადობისა და ტრადიციების დაცვა, ასევე განათლებაზე, სახელმწიფო სერვისებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.
ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა თემს შორის ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საზოგადოებრივი ერთიანობის განმტკიცებაზე. მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ დიალოგს, რისთვისაც აქტიურად იმართება შეხვედრები სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან და განსაკუთრებული ყურადღებით ხდება თითოეულ საკითხზე რეაგირება.
საუბარი შეეხო რეგიონში მცხოვრები აფხაზური დიასპორის როლსაც. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ფერიის სკოლაში აფხაზური ენის სწავლება, რაც აფხაზური კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და საზოგადოებებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას უწყობს ხელს.
აჭარის მთავრობის აპარატში გამართულ შეხვედრას რეგიონის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის პოლიტიკური მრჩეველი ანა-სესილ ლევრა ესწრებოდნენ.