აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და პარლამენტარები – შუახევში
By

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და პარლამენტარები – შუახევში

მთიან აჭარაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, პარლამენტარები: ნინო წილოსანი,  რამინა ბერაძე,  ინეზა ნიკურაძე, ლიკა შარტავა, თორნიკე ფაღავა, ირმა ზავარდაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ნოდარ ტურძელაძე, ზუკა რურუა, საქართველოს პარლამენტში ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების დელეგატი ანზორ ბოლქვაძე სხალთის ეკლესიაში მოლოცვისა და სხალთაში შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმის მონახულების შემდეგ,  შუახევის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ. ისინი შუახევის მუნიციპალიტეტის მერ ომარ ტაკიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან, აჭარის უმაღლეს საბჭოში შუახეველთა დელეგატ ფრიდონ ფუტკარაძესთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელ სოფიო ბაკურიძესთან, შუახევის მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრს ეწვივნენ და მისი საქმიანობით დაინტერესდნენ.

ცენტრი სრულად შეესაბამება შშმ პირთა საჭიროებებს და ამჟამად 15 ბენეფიციარს ემსახურება. დაწესებულების საქმიანობა ორიენტირებულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების უზრუნველყოფაზე, ბენეფიციართა სოციალური უნარების განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობაზე.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებისა და მასპინძლებისთვის საინტერესო ღონისძიება გამართეს შუახევის  ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლაში. შეკრებილებს სიტყვით მიმართა მარიამ ლაშხმა, ომარ ტაკიძემ, ანზორ ბოლქვაძემ. საინტერესო იყო საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივით გამართული პროექტი – „გმირის დღე“ . შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა ფრიდონ დავითაძემ წარმოადგინა მოხსენება: „სამხრეთ – დასავლეთ საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დასაწყისი-სელიმ ხიმშიაშვილი“. ღონისძიების მონაწილეებს შეუერთდა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

სტუმრების მოწონება დაიმსახურა სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლ „მერცხალისა“ და ბენდის „117“ მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე  მარიამ ლაშხთან, პარლამენტის წევრებთან, მაია ხაჯიშვილთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ხიჭაურის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

დაბა შუახევის საჯარო სკოლის შენობა ახლახან შევიდა ექსპლუატაციაში. თანამედროვე სტანდარტებისაა ხიჭაურის დასახლებაში არსებული საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღის შენობები. სტუმრებმა  დაათვალიერეს  საგანმანათლებლო დაწესებულებების საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, გაეცნენ  მოსწავლეებისა და აღსაზრდელებისთვის შექმნილ პირობებს. სკოლების, შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორებმა მზია გოგაძემ, მზევინარ ქათამაძემ, მადონა არძენაძემ მადლობა გადაიხადეს იმ თანადგომისთვის, რასაც ქვეყნისა და რეგიონის ხელმძღვანელობა საგანმანათლებლო კერების მიმართ იჩენს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო  ინფრასტრუქტურის მუდმივი  გაუმჯობესება და მთიან მუნიციპალიტეტებში მოსწავლეებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა რეგიონის ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მთიანი რეგიონის სკოლებისთვის არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე – მიგრაციულ პროცესებზე, რის გამოც ბოლო წლებში მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა. აღინიშნა, რომ ხულო-ახალციხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის შემდეგ, მიგრაციული პროცესები შენელდა, ხოლო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დინამიკა ეტაპობრივად იზრდება.

„მთიან აჭარაში სკოლების დათვალიერებისას ვნახეთ როგორც ინფრასტრუქტურულად  გამართული სასწავლო დაწესებულებები, ასევე, ისეთი სკოლებიც, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებენ. რეგიონისთვის ერთ-ერთ პრობლემურ საკითხს მიგრაცია წარმოადგენს, თუმცა მჯერა, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და მთიან აჭარაში ტურიზმის განვითარება მთის მოსახლეობის მიგრაციას შეაჩერებს და სკოლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან  და პედაგოგებთან შეხვედრისას ზოგადი განათლების რეფორმის პირველი ეტაპის შედეგებზე ვისაუბრეთ. კომიტეტი მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიოს  სასკოლო დაწესებულებებს არსებული გამოწვევების დაძლევაში, სასწავლო პროცესის გამართულად წარმართვაში“, – გვითხრა მარიამ ლაშხმა.

ოთარ ცინარიძე

 

 

  • No Comments
  • ივლისი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *