აჭარის მრავალფეროვნებით გამსჭავლული შემოქმედება
გურამ ფუტკარაძე – 75
ცნობილ მხატვარს, აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გურამ ფუტკარაძეს საიუბილეო თარიღი აქვს – 75 წელი შეუსრულდა. ამ მნიშვნელოვან თარიღს მიუძღვნა მან პერსონალური გამოფენა, რომელსაც ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზი მასპინძლობს.
ვერნისაჟი, სადაც მხატვარმა 60 ნამუშევარი გამოფინა, საკმაოდ მრავალფეროვანია. ბატონი გურამი, ზოგადად, 1000-მდე ნამუშევრის ავტორია. მათგან არაერთი სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციებშია დაცული.
გახსნას მრავალრიცხოვანი დამთვალიერებელი დაესწრო, რომელთა შორის მისი კოლეგები, ახლობლები, მეგობრები იყვნენ.
აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძემ მადლობა გადაუხადა ბატონ გურამს: „დღეს მან ასეთ ლამაზ გამოფენაზე შეგვკრიბა. ჩემთვის საამაყოა, რომ მის ნამუშევრებში ასე ლამაზადაა წარმოჩენილი აჭარა მთელი მისი მრავალფეროვნებით. ვულოცავ მას საიუბილეო თარიღს“, – აღნიშნა მან და იუბილარი აჭარის კულტურის სამინისტროს მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
გურამ ფუტკარაძე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარიდანაა. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, რას შემდეგაც პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. აღზარდა არაერთი კარგი მხატვარი. 1980 წლიდან ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის დირექტორია. 2015 წლიდან აჭარის მხატვართა კავშირს თავკაცობს. მანამდე თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენაში. ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო გამოფენებში, მათ შორის: ბულგარეთში, საბერძნეთში, რუსეთში, ვიეტნამში, თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკრაინაში, საფრანგეთში („ლუვრის კარუსელი“), პოლონეთში, საქართველოში. ბათუმელ მხატვრებთან ერთად მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებსა და პლენერებში, მათ შორის: თურქეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ავსტრიაში, ბულგარეთში, ჰოლანდიაში, უნგრეთში, პოლონეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. გამოცემული აქვს მხატვართა ათზე მეტი შემოქმედებითი ალბომი და კატალოგი. გურამ ფუტკარაძე ნოველებს წერს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემაში იბეჭდება. დაჯილდოებულია სამთავრობო საპატიო და მადლობის სიგელებით, სხვადასხვა დიპლომითა და სერტიფიკატით… არაერთი პრესტიჟული ორგანიზაციის წევრადაა არჩეული. არის, ასევე, სალიტერატურო-სამხატვრო და საზოგადოებრივ ჟურნალ „ჭოროხის“ და ლიტერატურულ-შემეცნებით ჟურნალ „ხატიმამულის“ სარედაქციო კოლეგიების წევრი. მინიჭებული აქვს აჭარის დამსახურებული მხატვრის, „საპატიო ბათუმელის“, „ქართული კულტურის ამაგდარის“, „წლის ხელოვანის“ წოდებები და რაც ყველაზე მთავარია, ბატონი გურამი უყვარს საზოგადოებას მისი შემოქმედებისთვის, შრომისმოყვარეობისთვის, უბრალოებისთვის…
– გურამი ნაყოფიერი შემოქმედი, უნიჭიერესი მხატვარია. უაღრესად შრომისმოყვარე, საზოგადო მოღვაწეც გახლავთ – არის აჭარის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე. ბევრმა ბათუმელმა არ იცის, რომ ის შესანიშნავ მოთხრობებს წერს, პროზაიკოსია. მწერალთა სახლმა, მწერალთა კავშირმა გადავწყვიტეთ, შეხვედრა მოვუწყოთ, ამავდროულად გამოფენაც, რუბრიკაში – „მწერლის საათი“ ბატონი გურამი თავის შემოქმედებაზე, პროზაულ ნაწარმოებებზეც გვესაუბრება, – აღნიშნა აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე დავით თედორაძემ.

– ძალიან საინტერესო გამოფენაა, აქ მისი ნამუშევრების მცირედი ნაწილია წარმოდგენილი. მრავალფეროვანი და ნაყოფიერი ხელოვანია. გამორჩეული ხელწერა აქვს, ყველა მის ნამუშევარში იგრძნობა აჭარისადმი მისი სიყვარული. ნამდვილად პატრიოტი ადამიანია. მისი შემოქმედება არა მარტო აჭარის, არამედ მთლიანად საქართველოს სიყვარულითაა განმსჭვალული. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის არაერთი პეიზაჟი აქვს დახატული. მისი რამდენიმე ნამუშევარი ბათუმისადმი, როგორც საზღვაო ქალაქისადმია მიძღვნილი. ბატონ გურამს არაერთი რესპუბლიკური და საერთაშორისო პლენერი აქვს ორგანიზებული, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა. ვხედავთ, ამ ასაკშიც როგორ მხნედ და ყოჩაღად არის და იმედი გვაქვს, რომ კიდევ დიდხანს გააგრძელებს საქმიანობას, – გვითხრა მხატვარმა მაია ჭყონიამ.
– ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმი ბატონი გურამის დირექტორობის დროს დავამთავრე. მისგან მხატვრობაში ბევრი რამ ვისწავლე – ფერი, გამა… ოთხი წელი ვსწავლობდი… ეს დაახლოებით 35 წლის წინ იყო, მაშინ სამხატვრო სკოლაში ოთხწლიანი სწავლება იყო. მერე სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. ისიც მინდა ვთქვა, რომ იმათ, ვინც მაშინ აქ სწავლობდა – „გურამის ბავშვებს“ – მომზადება არ სჭირდებოდათ. დიდი მადლობა მას. დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ. კიდევ არაერთი მოსწავლე აღეზარდოს, – გვითხრა მხატვარმა მზია ბუიღლიშვილმა.
– ბატონი გურამი ჩვენი ქალაქის სიამაყეა. ნამდვილი ქართველი მამაკაცია. მის ნამუშევრებში საქართველოს ბევრი კუთხე ისე სრულყოფილადაა წარმოჩენილი, რომ ადამიანს სურვილი უჩნდება, მოინახულის ის ადგილი, ტილოზე რომაა წარმოდგენილი. მადლობა მინდა გადავუხადი მას იმისთვის, რომ ბათუმს ბევრი მხატვარი აღუზარდა. მეც ეს სასწავლებელი დავამთავრე, სადაც დღესაც ვმოღვაწეობ და მიხარია, რომ მისი მოსწავლე ვიყავი. ვულოცავ საიუბილეო თარიღს, ჯანმრთელობას ვუსურვებ და იმედია, კიდევ დიდხანს დაამშვენებს ჩვენს ქალაქს, – თქვა მხატვარ-დეკორატორმა ნარგიზ ფუტკარაძემ.

– ბატონი გურამი არაორდინარული მხატვარია, ზუსტად იმ კუთხის, იმ ხეობის შვილია, ამ ნახატებზე რომაა წარმოდგენილი. ყველგან ნათელი ფერებია. ულამაზესი ნაშრომებია. მხატვარი არ ვარ, მაგრამ როგორც ერთ რიგით ბათუმელს, მისი ნამუშევრები ძალიან მომწონს. რაც მეტს ვათვალიერებ, მით უფრო მეტის ნახვის სურვილი მიჩნდება. თითოეულში რაღაც ახალს, მნიშვნელოვანს აღმოვაჩენ. კარგია, რომ გამოფენა აქ, სასწავლებელში ტარდება. მას ბევრი ახალგაზრდა ნახავს. ვულოცავ ბატონ გურამს იუბილეს. დიდხანს ეხატოს, მრავალ წელს ეკეთებინოს საზოგადოებრივი საქმეებიც. გურამი ძალიან თავმდაბალი, მორიდებული, სუფთა და ხალასი ადამიანია, – თქვა ჩოხოსანმა თენგიზ თავდგირიძემ.
– მთელი ცხოვრება ვმუშაობდი, ვხატავდი და დღეს საზოგადოებას ვრცლად წარვუდგინე, რაც ამ ხნის განმავლობაში მიკეთებია. ყველა ნამუშევრის გამოტანა, რა თქმა უნდა, ვერ შევძელი…. ცოტათი ვღელავ კიდეც – როგორ შეაფასებს საზოგადოება ჩემს ნამუშევრებს, – გვითხრა გურამ ფუტკარაძემ.

მხატვარს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა საჩუქარი გადასცეს, მათ შორის, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირმა – პატივგების სიგელი (კავშირის თავმჯდომარე – ბიჭიკო ბოლქვაძე), ხოლო საპატიო სიგელი მას საქველმოქმედო ფონდმა „წინაპართა მემკვიდრეობის გადასაჩენად“ (ფონდის თავმჯდომარე – ნიაზ ბოლქვაძე) გადასცა.
გამოფენა თვის ბოლომდე გასტანს.
მანანა ძიძიშვილი