აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ სატელევიზიო სეზონს მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხვდება
By

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ სატელევიზიო სეზონს მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხვდება

რეორგანიზაცია, განახლებული სატელევიზიო ფორმატები, საკადრო ცვლილებები, ციფრული პლატფორმები და მაუწყებლისთვის ახალი შენობის მშენებლობის პერსპექტივა – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ სეზონს მნიშვნელოვანი ცვლილებებით ხვდება. დირექტორის პოსტზე დანიშვნიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ირაკლი კიკვაძე უკვე იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლებიც ტელევიზიაში დახვდა და რომელთა გადაჭრაც, მისი თქმით, მაუწყებლის განვითარების ახალი ეტაპის წინაპირობაა.
რატომ გადაწყდა რეორგანიზაციის პროცესის ერთიანად დაწყება, რას შესთავაზებს მაუწყებელი მაყურებელს ახალი სეზონიდან, როგორ იცვლება ტელევიზიის პროგრამული პოლიტიკა და საკადრო სტრუქტურა, რა გეგმები აქვს გუნდს ციფრულ სივრცეში და როგორ ხედავს დირექტორი აჭარის ტელევიზიის მომავალს ახალ შენობაში – ირაკლი კიკვაძე ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება.
ბატონო ირაკლი, დირექტორად არჩევისას თქვით, რომ ტელევიზია თქვენთვისახლო ორგანიზმია“. რამდენად დაემთხვა თქვენს წარმოდგენას ის, რაც მაუწყებელში დაგხვდათ?
– დიახ, ჩემთვის ტელევიზია ყოველთვის იყო „ახლო ორგანიზმი“, რადგან ხშირად მიწევდა თანამშრომლობა სხვადასხვა სახით, იქნებოდა ეს გადაცემა, დოკუმენტური ფილმი, სარეკლამო რგოლი, სერიალი თუ ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ახლო და ნაცნობ გარემოში მოვედი. სამწუხაროდ, ტელევიზიის შენობა ავარიულ მდგომარეობაში დამხვდა. იყო მოძველებული სტრუქტურა, რომელიც განახლებას საჭიროებდა, ასევე, საჭირო იყო შტატების გადახედვაც. . . ცხადია, მზად ვიყავით რეორგანიზაცია და რესტრუქტურიზაცია ჩაგვეტარებინა, ახალ შენობაზე გვეფიქრა და ამ ყველაფრის ამოქმედება ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ. პირველ რიგში, შენობა უნდა დაგვეცალა და ისეთ ადგილას გადავსულიყავით, სადაც უსაფრთხოდ ვიქნებოდით. პარალელურად, რეორგანიზაციაც დაიგეგმა. გაჩნდა კითხვები, ეტაპობრივად რატომ არ მოხდა ეს ყველაფერი. ვერ მოხდებოდა, რადგან ახალი სეზონისთვის დრო აღარ გვრჩებოდა, ძალიან ბევრი ეტაპი იყო გასავლელი და ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი ერთად გაგვეკეთებინა.
რა აღმოაჩინეთ ამ რამდენიმე თვეში ისეთი, რასაც გარედან ვერ ხედავდით?
– მეგონა, რომ ტელევიზიას, ასე თუ ისე, შიგნიდან ვიცნობდი, აქ ბევრი მეგობარი მყავს, მათგან ტელევიზიაში მიმდინარე ამბებსაც ვიგებდი, მაგრამ როდესაც აქ აღმოვჩნდი, ყველაფერი რადიკალურად განსხვავებული დამხვდა. არ იყო ისე მარტივად ყველაფერი, როგორც მეგონა, საკმაოდ ბევრი სირთულე და პრობლემა არსებობდა, რომელიც დროულად იყო მოსაგვარებელი.
ახალი სეზონისთვის მაყურებელს რა სიახლეებს პირდებით, რომელი გადაცემები დაბრუნდება განახლებული ფორმატით და რომელ მიმართულებებს ელოდება ყველაზე დიდი ცვლილება?
– ახალი სეზონის დაწყება 14 სექტემბრიდანაა დაგეგმილი. ტელევიზიის ორი უმთავრესი გადაცემა ყოველდღიური „დილა“ და „შუადღეა“, სწორედ ამ გადაცემებმა განიცადა ტრანსფორმაცია. მაგალითად, „დილა“ აღარ იქნება ისეთი, რაც აქამდე იყო, ეს იქნება „ახალი დილა“ და ამ სახელწოდებით წარსდგება მაყურებლის წინაშე. მაყურებელს საშუალება ექნება, მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოადგება. ეს გადაცემა მთლიანად ორიენტირებული იქნება ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე. რამდენიმე გადაცემა საეროდ ამოვიღეთ ეთერიდან. ის გადაცემები დავტოვეთ, რომლებიც, ასე თუ ისე, პასუხობდა მაყურებლის მოთხოვნებს, რეიტინგს და ასე ვთქვათ, პოპულარული იყო: „ეთნოფორი“, „ბიბლიოთეკა“ და ასე შემდეგ. შიდა წარმოების გადაცემებიდან, ჯამში, 5 დავტოვეთ. გარე წარმოების გადაცემებშიც ის დარჩა, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა. გვაქვს ახალი გადაცემებიც და ჩანაფიქრი, რომ ეს სეზონი ბევრი სიახლით იყოს დახუნძლული. მაყურებლის წინაშე განსხვავებული ფორმატით წარვსდგებით, მაგრამ გლობალური ცვლილება – სატელევიზიო ხარისხის, ფორმატის და ასე შემდეგ, მომავალი წლიდან იგეგმება.

ახალი გადაცემების შექმნისას მთავარი კრიტერიუმი რა იქნება რეიტინგი, საზოგადოებრივი აზრი, ინოვაციურობა თუ მაყურებლის მოთხოვნა?
– რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ყველაფერს უნდა პასუხობდეს ჩვენი გადაცემები, რადგან ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და ძალიან ბევრი მაყურებლის წინაშე ვალდებულებები გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, გვაქვს ვალდებულება, რომ გადაცემა იყოს საჭირო. არის ისეთი გადაცემებიც, რომელსაც რეიტინგი აქვს და კონკრეტულ სეგმენტს აკმაყოფილებს, თუმცა ტელევიზია მთლიანად რეიტინგზე ორიენტირებული არ არის.  ჩვენი მიზანი მაყურებლის სწორად ინფორმირებაა.
გაქვთ თუ არა ჩაფიქრებული ისეთი ფორმატები, რომლებიც ტრადიციულ სატელევიზიო გადაცემას საერთოდ გასცდება?
– დიახ, ჩაფიქრებული გვაქვს ინოვაციური ფორმატებიც. მოგეხსენებათ, როგორია დღეს მიმდინარე პროცესები – ტექნოლოგიური ზრდა, გაჯეტები, ახალი პლატფორმები, სოციალური ქსელები, ისეთი ვიდეოარხები, რომლებსაც შესაძლოა, ტელევიზიაზე გაცილებით მეტი მაყურებელი ჰყავდეს. ჩვენ სწორედ იქ უნდა ვპოზიციონირებდეთ ძალიან კარგად და ამისთვის ბევრს ვმუშაობთ. ინტერნეტპლატფორმებზე ღირსეულად რომ ვიყოთ წარმოდგენილი, ამისთვის ბევრი პოდკასტები გვექნება, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ცხადია, იქნება სხვადასხვა მიმართულება, სხვადასხვა საჭიროებით განსაზღვრული. მაქსიმალურად ვმუშაობთ სოციალური არხების ამოქმედებაზე და მის აუდიტორიასთან ინფორმაციის სწორად მიტანაზე.
მარტში მაუწყებელმა, უსაფრთხოების მიზეზით, სპეციალურ რეჟიმზე გადასვლა დააანონსა, გადაცემების ნაწილი შეჩერდა კიდეც. . .
– პირველ რიგში, ცხადია, ყველა ორგანიზაციაში დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უსაფრთხოებას. ტელევიზიის ძველ შენობაში ყველა უსაფრთხოების ნორმა დარღვეული იყო, შენობა იყო ამორტიზებული, ძველი. ჭერის ჩამონგრევის გამო, 12 ოთახი იზოლირებული იყო, პირველ სართულზეც სტუდიებს საფრთხე ექმნებოდა და ამ ვითარების გამო, გადავწყვიტეთ, ეთერი გაგვჩერებინა. სტუდიური გადაცემები და პირდაპირი ჩართვები შევაჩერეთ, მხოლოდ საინფორმაციო გადაცემები დავტოვეთ, რომლებიც აჭარის რადიოს შენობიდან გადიოდა. შეჩერების ამ დიდმა ინტერვალმა გადაწყვიტა ის, რომ თუ დავბრუნდებოდით, დავბრუნებულიყავით განახლებული გადაცემებით და სტრუქტურით.

საკადრო ცვლილებებზე რას გვეტყვით?
– რეორგანიზაციას, ცხადია, აქვს თავისი ფორმულირება. როცა გადაცემები გაუქმდა, შესაბამისად, ის თანამდებობებიც გაუქმდა, რომლებიც იმ გადაცემებში ადამიანებს ეკავათ. რეორგანიზაცია ადამიანის გათავისუფლებით არ შემოიფარგლება, თანამშრომლები, ვისაც რამდენიმე სამსახური ჰქონდათ, 1 სამსახურამდე დავიყვანეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ, როცა ადამიანი ერთ კონკრეტულ საქმეზეა ორიენტირებული, ის უფრო ქმედითუნარიანია და უკეთეს შედეგს მივიღებთ. ასევე, საჭიროზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა. სწორედ ამით იყო განპირობებული რეორგანიზაცია. საკადრო ცვლილებები ახლაც გრძელდება. აჭარის ტელევიზიაში მალე კომპეტენციის შეფასება დაიწყება, რაც არსებული თანამშრომლების კვალიფიკაციურ შეფასებას გულისხმობს. ტელევიზიაში ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი საზომი თანამშრომლების კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის განსაზღვრისთვის. ცხადია, ეჭვი არავის გვეპარება მათ პროფესიონალიზმში, მაგრამ ტელევიზიაში დაწყებული პროცესები ამ ატესტაციის ჩატარებას მოითხოვს. ჯერ რედაქციაში ჩატარდება, შემდეგ – შემოქმედებით სამსახურში, ბოლოს – ტექნიკურშიც.
როგორც ვიცი, ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. ამჟამად რა ეტაპზეა სასამართლო პროცესი?
– ეს ბუნებრივი მომენტია, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ესა თუ ის გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. სასამართლოდან უკვე მივიღეთ უწყება, თუმცა სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა. როცა ჩაინიშნება, სტანდარტულ პროცესებს მივყვებით.
თეატრში რეჟისორი ქმნის სამყაროს, ტელევიზიაში კი ყოველდღიურად ათეულობით ადამიანი. . . თქვენი აზრით, ამ ორ პროფესი რა აქვს საერთო?
– თეატრის და ტელევიზიის ერთმანეთთან შედარება მხოლოდ მართვის კუთხითაა შესაძლებელი. დირექტორის პოზიციიდან რომ ვისაუბრო, თეატრში სხვანაირი შემოქმედებაა, აქ, ცხადია – სხვა. მართვის კუთხით, მენეჯმენტის დალაგებაა უმთავრესი. პირადად ჩემთვის, სადაც კი მიმუშავია, მენეჯერული გადაწყვეტილებები იყო მნიშვნელოვანი. ასევეა, ტელევიზიაშიც.
თეატრის ხელმძღვანელობიდან ტელევიზიის დირექტორობამდე გადასვლა გარედან საკმაოდ მოულოდნელი ნაბიჯი ჩანდა. . .
– ჩემთვის უცხო და მოულოდნელი არ ყოფილა ტელევიზიაში გადასვლა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლოა, კინოში აღმოვჩნდე და ეს პროცესები ჩემთვის გამოწვევაა. აქედან გამომდინარე, არ მეშინია მოულოდნელობების, პირიქით, ყოველთვის მახარებს ცხოვრებაში მომხდარი სიახლეები, მეტად ვვითარდები და ვიზრდები.
როგორ აპირებთ ისეთი თემების გაშუქებას, რომლებზეც საზოგადოებაში მკვეთრად განსხვავებული პოზიციებია?
– ტელევიზიის მიზანი ხომ ისაა, მაყურებელს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს და არა მიკერძოებული. ამიტომ მაუწყებელმა უნდა განსაზღვროს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე პოზიცია და ეს ზუსტად იქიდან გამომდინარე უნდა იყოს, რაც დღეს საზოგადოებაში ხდება. შემდგომ უკვე მაყურებელს თავად უნდა გამოჰქონდეს დედააზრი ამა თუ იმ საკითხიდან. ეს არის ჩვენი მთავარი მოწოდება.

– სამომავლო გეგმები როგორია და ტექნიკურად რამდენად მზად იქნება ტელევიზია ცვლილებებისთვის?
– გრანდიოზული! (იცინის) ცოტა გადამეტებით ვამბობ ამ სიტყვას, მაგრამ თუ დავუკვირდებით, ამ სიტყვის შინაარსი ისაა, რომ ტელევიზიას მალე საკუთარი შენობა ექნება, რაც ყველაზე მეტად მახარებს. ჩვენი ნებისმიერი თანამშრომლისთვის ეს მართლაც გრანდიოზული ამბავია, რადგან 40 წლის განმავლობაში ტელევიზიას არ ჰქონდა ადაპტირებული შენობა, რომელიც ტელევიზიის სპეციფიკაზე იყო გათვლილი. ჩვენ გადმოგვეცა მიწა ლეონიძის ქუჩაზე – 5275 კვმ, სადაც აჭარის ტელევიზიის შენობა აშენდება, თავისი საპარკინგე ადგილებით და რეკრეაციული ზონით. ტელევიზიის ახალი შენობა, თავისთავად გამოიწვევს ყველაფრის განახლებას, ცხადია, ტექნიკური თვალსაზრისითაც. გვექნება პავილიონში გადაღების შესაძლებლობა, გვექნება დიდი სტუდიები და რა თქმა უნდა, იგეგმება ტექნიკური ცვლილებებიც. ტელევიზიას აქვს თავისი ბიუჯეტი, ყოველ წელს იგეგმება, რაში უნდა დაიხარჯოს ეს თანხა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მომავალი წლიდან ყველაფერს განვსაზღვრავთ.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • სექტემბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *