ბათუმის ანიმაციური ფილმების მე-18 საერთაშორისო ფესტივალი ,,თოფუზი“ დასრულდა
ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მისი მიზანი საქართველოში ანიმაციური კინოხელოვნების ხელმისაწვდომობის გაზრდა, პოპულარიზაცია, ქართველი და უცხოელი ანიმატორების გამოცდილების გაზიარება და ახალგაზრდების დაინტერესებაა.
გამარჯვებული ფილმები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. ფესტივალის მთავარი პრიზი გრან-პრი რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილს გადაეცა ფილმისთვის – ,,როცა ზღვა მშვიდი იყო“, დაჯილდოვდნენ სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები.
ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, 7-დან 10 ოქტომბრის ჩათვლით, წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი საკონკურსო და არასაკონკურსო ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩატარდა მასტერკლასები და ვორქშოფები, ინდუსტრიული პლატფორმის ფარგლებში გაიმართა სტუდენტური ფილმების პროექტების წარდგენა. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო VR ტექნოლოგიებს და მათი გამოყენების მნიშვნელობას ანიმაციური ფილმების შექმნის პროცესში, ასევე, მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართულ ანიმაციურ ფილმებში გამოყენებული ექსპონატები, დეკორაციები, თოჯინები, რეკვიზიტები.
პროგრამის ფარგლებში კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობები ჩატარდა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.
ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს სხვადასხვა კულტურისა და გამოცდილების მქონე ქვეყნების პროფესიონალ და დამწყებ კინორეჟისორებს, ანიმატორებს, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს, ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, ახალი კავშირების დამყარებასა და ანიმაციური კინოს პოპულარიზაციას.