„ბათუმის თვითმმართველობის ინსტიტუციური მეხსიერება და განვითარების პერსპექტივები“ – ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა
By

 „ბათუმის თვითმმართველობის ინსტიტუციური მეხსიერება და განვითარების პერსპექტივები“ – ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა

ბათუმის საკრებულოში ახალი მრავალპროფილური ინიციატივის – „ბათუმის თვითმმართველობის ინსტიტუციური მეხსიერება და განვითარების პერსპექტივები“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ნინო წილოსანი და ილია ინჯია, საქართველოს პარლამენტის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელი სოფიო ბაკურიძე, ბათუმის საკრებულოს წევრები, ახალგაზრდები და საზოგადოების წარმომადგენლები.

ღონისძიება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მან ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე, წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქციებსა და ახალგაზრდებთან თანამშრომლობის ახალი ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალგაზრდების ჩართულობა თანამედროვე თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა და ბათუმის საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, როლის წარმოჩენა ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერისა და განვითარების პროცესში.

ღონისძიების ემოციური ნაწილი შემოქმედებითი ინკლუზიური დასის „ცისარტყელას“ მიერ წარმოდგენილი მინიატურა „ბათუმი“ იყო, რომელმაც დამსწრეთა განსაკუთრებული მოწონება და გულთბილი აპლოდისმენტები დაიმსახურა. აღინიშნა, რომ დასის მონაწილეობა სიმბოლურად გამოხატავს თანასწორობის, ერთობისა და სოციალური ინტეგრაციის იდეას, ასევე ხაზს უსვამს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის გაძლიერების მიმართულებით. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მივესალმებით მსგავს ინიციატივებს. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულო და მერია ერთობლივად ხვდებიან ახალგაზრდებს არაფორმალურ გარემოში, რაც მათ პოლიტიკის ფორმირების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც ტიპური, ისე ატიპური ახალგაზრდების მონაწილეობას. იმედი მაქვს, ეს წარმატებული პრაქტიკა ბათუმის შემდეგ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება,“ – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

ინიციატივის კონცეფცია, მიზნები და სამოქმედო გეგმა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ საორგანიზაციო საკითხებში, ნანა დევაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, პროექტი ახალგაზრდებისთვის თანამშრომლობისა და იდეების გაზიარების პლატფორმას შექმნის, სადაც ისინი მუნიციპალიტეტის განვითარების საკითხებზე საკუთარ ხედვებსა და ინიციატივებს წარმოადგენენ.

ღონისძიების ფარგლებში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწემ კულტურის საკითხებში თამარ ორაგველიძემ, ბათუმისა და ბათუმის საკრებულოს ისტორიულ განვითარებაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თვითმმართველობის ტრადიციებსა და მათ მნიშვნელობაზე თანამედროვე სამოქალაქო პროცესებში.

„პროექტის მთავარი მიზანია თვითმმართველობასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო კავშირის შექმნა. მონაწილეები შეხვდებიან როგორც საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ისე, ქალაქის სხვადასხვა ისტორიულ სივრცეში, გაეცნობიან ბათუმის ისტორიას, მის მნიშვნელოვან ობიექტებსა და იმ ადამიანების საქმიანობას, რომლებმაც ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ყველა შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართება,“ – აღნიშნა თამარ ორაგველიძემ.

აღინიშნა, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის ახალი მოდელის ჩამოყალიბებას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდას, მუნიციპალური პროცესებისადმი ინტერესის გაღრმავებასა და ქალაქის განვითარების პროცესში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას.

„ძალიან საინტერესო პროექტის პრეზენტაციას დავესწარით. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, უშუალოდ ჩაერთონ თვითმმართველობის საქმიანობაში, წარადგინონ საკუთარი ინიციატივები და იგრძნონ, რომ მათი აზრი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია. სწორედ ასეთი პროექტები ქმნის აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას,“ – განაცხადა სოფიო ბაკურიძემ.

პროექტი „ბათუმის თვითმმართველობის ინსტიტუციური მეხსიერება და განვითარების პერსპექტივები“ წარმოადგენს ახალ საგანმანათლებლო და სამოქალაქო პლატფორმას, რომელიც ახალგაზრდებს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის უკეთ გაცნობაში, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებასა და ქალაქის განვითარების პროცესში აქტიურ მონაწილეობაში დაეხმარება.

 

 

მანანა ტაკიძე

  • No Comments
  • ივლისი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *