ბათუმის თოჯინების თეატრში 89-ე თეატრალური სეზონი დაიხურა
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 89-ე თეატრალური სეზონი დაიხურა. პატარებმა რეჟისორ მანანა ხელაიას სპექტაკლი ,,ოქროს გასაღების საიდუმლოება“ იხილეს, რომლის პრემიერა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს თეატრის სცენაზე წარმატებით შედგა. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორ სალომე ჯიჯავაძის თქმით, 90-ე, საიუბილეო, სეზონზე მაყურებლის წინაშე თეატრი საინტერესო სიახლეებით წარსდგება.
– ვფიქრობ, გასული სეზონი ჩვენი თეატრისთვის ნამდვილად წარმატებული იყო. ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რადგან მომავალი სეზონი საიუბილეოა – 90-ე თეატრალურ სეზონს გავხსნით. ამ თარიღს განსაკუთრებულად ვხვდებით: მაყურებელს დახვდება განახლებული სივრცე, მასშტაბური პრემიერა და არაერთი საინტერესო პროექტი. გვინდა, ჩვენი 90-ე სეზონი თეატრის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად დარჩეს, – გვითხრა სალომე ჯიჯავაძემ.