ბათუმის თოჯინების თეატრის გასტროლი
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი გასტროლით თბილისში გაემგზავრა. 5 ივნისს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე საერთაშორისო ფესტივალ „უნიმა საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ ქართული თოჯინების თეატრების შოუქეისზე, ბათუმის თოჯინების თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს – „ო-ჯახი“, რომლის რეჟისორები და პიესის ავტორები ნიკოლოზ საბაშვილი და ირაკლი კიკვაძეა. სცენოგრაფი და მუსიკის ავტორი – ნიკოლოზ საბაშვილი, მხატვარ – შემსრულებელი – გიორგი გოგიტიძე, კოსტიუმების მხატვარი – დავით ტაკიძე, ხმის რეჟისორი – ლევან ხაზიური, რეჟისორის თანაშემწე კი ირაკლი იორამაშვილია. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: სალომე ცაგურია, რევაზ ხოფერია, დიანა ჩახუნაშვილი (მოწვეული მსახიობი), ქეთევან ეგუტიძე და ალექსანდრე გაბაიძე.

– „უნიმა საქართველოს“ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობა თეატრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იგი პროფესიული განვითარების, საერთაშორისო აღიარებისა და კულტურული თანამშრომლობის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. ფესტივალი თეატრს აძლევს საშუალებას, წარმოაჩინოს საკუთარი შემოქმედება მსოფლიო აუდიტორიისა და დარგის პროფესიონალების წინაშე, დაამყაროს ახალი საერთაშორისო პარტნიორული კავშირები, მიიღოს გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური პრაქტიკებიდან და გაზარდოს თავისი რეპუტაცია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ასეთი მონაწილეობა ხელს უწყობს თეატრის შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას, ახალი პროექტების განხორციელებას და ქართული კულტურის ღირსეულ წარმოჩენას მსოფლიო კულტურულ სივრცეში, – გვითხრა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორმა სალომე ჯიჯავაძემ.